"სამწუხაროდ, სხვა არაერთ შოკისმომგვრელ მიმოწერას ვნახავთ" - ასეთნაირად დააანონსა დავით უსუფაშვილმა ნაციონალების მამხილებელი დოკუმენტების სამომავლოდ გამომზიურების შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება მას შემდეგ გახმიანდა, რაც რუს კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძის მიმოწერა განსაჯაროვდა, რომლის თანახმადაც, იმხანად კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრ ავდეევს მოსკოვში ქართული ანსამბლებისა და თეატრალური დასების გასტროლებს სთავაზობდა აგვისტოს ომიდან სამი თვის თავზე.
გრიგოლ ვაშაძის მიმოწერის გამომზიურებამ ყველაზე მეტად ნაციონალები დააბნია. უკვე მეორე დღეა, ისინი სდუმან და თავს იკავებენ გრიგოლ ვაშაძის ადვოკატირებისგან. მხოლოდ გიგი წერეთელმა გააკეთა არაფერისმთქმელი კომენტარი, რომ ვაშაძის საქციელი, თურმე, იმ კონტექსტიდან უნდა ამოვიკითხოთ, თუ რა მოვლენებიც უსწრებდა წინ ამ წერილის დაწერას.
ნაციონალებთან დარეკვა მაინც ვცადეთ, თუმცა მათი არცერთი წარმომადგენელი ტელეფონს ჯიუტად არ პასუხობდა, მათ შორის, არც გიორგი კანდელაკი, რომელმაც “ერისიონის” რუსეთში ვიზიტი ერთ-ერთმა პირველმა დაგმო. ერთადერთი, ვისთანაც დალაპარაკება მოვახერხეთ, ხათუნა ოჩიაური იყო, თუმცა მანაც მოუცლელობა მოიმიზეზა და ტელეფონი გათიშა.
თავის მხრივ, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პირადად მან არაფერი იცოდა აღნიშნული მიმოწერის შესახებ და არც სხვა ბევრი მიმოწერის თაობაზე, რომელთა შესახებაც, ალბათ, ნელ-ნელა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თუმცა ამ მიმოწერაშიც არაფერია საიდუმლო, რადგან აქ არაფერი თქმულა თუნდაც იარაღის მიწოდებაზე. კონცერტების ირგვლივ მიმოწერა კი არცერთ ქვეყანაში საიდუმლო არ არის და რაღა ამ ქვეყანაში უნდა იყოს საიდუმლო?!
პარლამენტარი თინა ხიდაშელიც ამ აზრს ავითარებს და აცხადებს, რომ ნაციონალების შესახებ კიდევ უფრო სამარცხვინო მასალები გახდება საჯარო, თანაც არა მარტო კულტურის, არამედ - ნებისმიერი სფეროდან.
არც კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ჩამორჩება ქართველ პარლამენტარებს და აცხადებს, რომ მსგავსი წერილების გამოქვეყნება არ იგეგმება, თუმცა, საზოგადოებას უფლება აქვს, ამის შესახებ იცოდეს. მისი თქმით, ასეთი წერილები მართლაც არსებობს.
ამიტომ ოდიშარიას უწყებაში ამ დოკუმენტაციის საფუძვლიანად შესწავლას აპირებენ. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ მასალებს ანალიზი ჩაუტარდება, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, უნდა გავასაჯაროოთ თუ არა დოკუმენტაცია.
თავის მხრივ, "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც ახალი ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს. ის აცხადებს, რომ ჩანაწერებში მოყვანილია ფაქტები, თუ როგორ არ უნდოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. თუმცა, ეს არ უშლიდა ხელს იმაში, რომ ყოფილ ხელისუფლებას აგვისტოს ომიდან 2 კვირის შემდეგ რუსეთისთვის, ამ ოკუპანტი ქვეყნისთვის ენგურჰესის სტრატეგიული ობიექტი გადაეცა.
ბურჯანაძის განცხადებით, მარტო აღნიშნული თემა საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კარგად გააანალიზოს, ვინ არის რეალურად პროროსული და ვინ ახორციელებს რუსეთის ინტერესებს საქართველოში.
უნდა გამომზიურდეს თუ არა შოკისმომგვრელი დოკუმენტაცია და ხომ არ დაემსგავსება ეს კომპრომატების ომს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ინტერესია, იცოდეს, რას აკეთებდნენ მისი ყოფილი ხელისუფალნი?! ასევე, საინტერესოა, რა მაკომპრომატირებელ მასალას ფლობს ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების შესახებ?!
ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ საკუთარი თავი დახატა ისე, თითქოს, ის ანტირუსული ძალა იყო და ზუსტად ამით ვაჭრობდა მთელ მსოფლიოში. ისინი ირწმუნებოდნენ, თითქოს, მარტო ისინი იყვნენ ანტირუსული ძალები და თითქოს, მარტო დასავლეთისკენ იყურებოდნენ, რუსეთისკენ გახედვას კი არ აპირებდნენ. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც, ისინი წარმოჩნდნენ ისეთები, როგორებიც არიან, ანუ ფარისევლები.
ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ძალიანაც უნდოდა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ამიტომ, მან დაიჯერა, რომ ამას ვერც ვერავინ მოახერხებდა.
„იმის გამო, რომ სააკაშვილი ვერ წერს ლექსებს, ამიტომ გალაკტიონიც ცუდი პოეტი ყოფილა, ასე ფიქრობს სააკაშვილი და ეს მარტივი ამბავია. ვაშაძე საერთოდ რუსეთის მოქალაქე იყო და ისე გახდა საქართველოს მინისტრი. გასაკვირია, დღეს ბატონი ვაშაძე ამბობს, როგორ შეიძლება, ამ კონფიდენციალური მიმოწერის გამოქვეყნებაო. ამ დროს ირკვევა, რომ კანონი არ დარღვეულა და გრიფით "საიდუმლო" ამ მასალაზე არ ყოფილა“, -აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ამასთან, შეურაცხმყოფელად მიაჩნია სხვების აგენტებად გამოცხადება იმ კაცისგან, რომელმაც პუტინს თვალებში ჩახედა და იქ პატიოსნება ამოიკითხა. მისი აზრით, გრიგოლ ვაშაძე არის უბრალო პაიკი, მას არავინ კითხავდა არაფერს. ის იმას აკეთებდა, რასაც ავალებდნენ.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ვაშაძის წერილი მისთვის შოკისმომგვრელი არ არის, რადგან ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის ვაშაძეც და მიხეილ სააკაშვილიც. თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია ნაციონალების მომხრეებისთვის მართლაც შოკისმომგვრელი იქნებოდა და მათ მართლაც ეგონათ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობას არ აგვარებდა.
ამ კონტექსტში დეპუტატი ლიტველ, ლატველ და ესტონელ კოლეგებსაც განიხილავს, რადგან მათთვის ნამდვილად შოკისმომგვრელი იქნება ეს ინფორმაცია, რომელსაც ახალი ხელისუფლება აუცილებლად მიაწოდებს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა დაელაპარაკონ, რადგან თურმე მათ მიშას აწყენინეს, რომელიც რუსეთთან ძალიან დაპირისპირებული ყოფილა.
დეპუტატს აინტერესებს, როგორ დაუპირისპირდებოდა სააკაშვილი რუსეთს, როცა ბოლოს და ბოლოს, რუსულია მისი მთავარი უცხო ენა და კიევში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და კგბ-ს სასწავლებელი. ბიძამისი კი ახლაც რუსეთის კგბ-ს გენერალია.
„ეგონათ, საიდუმლოდ დარჩებოდა ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ?! ამ დროს კი ყველაფერი გამომზიურდება. ამ მასალების გამოაშკარავებას ვემხრობი, თუმცა რაც საიდუმლოა, ის საიდუმლოდ უნდა დარჩეს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ამიტომ აინტერესებს, რა კომპრომატები აქვს მეორე მხარეს. ნუთუ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე რუსი ოლიგარქი, პუტინის პროექტი ყოფილა? ნაციონალებისგან ეს აბსურდი უკვე მოვისმინეთ და ეს ომი ნაციონალებმა უკვე წააგეს. მისივე თქმით, ნაციონალებმა ერთი ამბავი მოაწყეს „ერისიონის“ გამო, მაშინ, როდესაც თვითონ სთავაზობდნენ ამ ანსამბლს რუსეთში გასტროლებს. მართალია, სუხიშვილებმა თქვეს, ჩვენ ამას არ ვიზამდითო, მაგრამ ამ დროს თურმე ნაციონალები სუხიშვილებსაც „ატენიდნენ“ რუსეთს. ამდენად, დეპუტატს აინტერესებს, როგორ იტყოდნენ სუხიშვილები რუსეთში ჩასვლაზე უარს, როცა სააკაშვილი ამას ეტყოდა?!
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ითხოვს საქართველოს მოსახლეობის 80%, ამიტომ გამოუვათ თუ არა, ქართულმა მხარემ ეს მაინც უნდა სცადოს. ამ დროს კი მეორე მხარე არ უნდა აცხადებდეს ახალ ხელისუფლებას მტრად და აგენტად.
ამასთან, ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ დანარჩენ უცნობ წერილებში აგვისტოს ომსა და მის დეტალებთან დაკავშირებით საზოგადოება ნამდვილად მიიღებს შოკისმომგვრელ ინფორმაციას. მათ შორის, შეიძლება, შოკისმომგვრელი ინფორმაცია მივიღოთ იმაზეც, თუ ვინ ესროლა პრეზიდენტ კაჩინსკის, თვითპროვოკაციები და სხვა.
„ბევრი რამ შეიძლება კიდევ გავიგონოთ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ გვაქვს შოკისმომგვრელი მასალები. კერძოდ, ბევრი მასალა გვაქვს იმ კრიმინალურ საქმეებთან დაკავშირებითაც, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ბევრი რამ იცის. ამ წერილის განადგურება ვაშაძეს, ალბათ, სურდა, მაგრამ აღარ იყო თვითონ მინისტრი და მომდევნო მინისტრმა არ იზრუნა მასზე და არ გაუნადგურა წერილები. მომდევნო მინისტრი მხოლოდ თავის თავზე ზრუნავდა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ქაღალდებს აქვთ ერთი უცნაურობა, ისინი დუბლირებულნი არიან და ყველაფერს ვერ ანადგურებ“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ამასთან, განმარტავს, - მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალები გამალებულნი ანადგურებდნენ დოკუმენტებს, ყველაფერი მაინც არ გაუნადგურებიათ. ახალი ხელისუფლებაც ყველაფერს უცებ ვერ მისწვდა, რადგან ეს დოკუმენტაცია სხვადასხვა უჯრაში იდო, ძველი ხელისუფლების ზოგიერთი კადრი მათ არ ენდობოდა, ზოგიერთს კი ეგონა, რომ აპრილში დაბრუნდებოდნენ ნაციონალები. ხოლო მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ ნაციონალები აღარ დაბრუნდებიან, „დააძრეს“ დოკუმენტი უჯრიდან.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ აღნიშნული შემთხვევა სულაც არ არის კომპრომატების ომი, თუკი ის რეალობაა და უკვე დადასტურებულ დოკუმენტებზეა საუბარი.
ამიტომ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ნაციონალების მხრიდან დაწყებული ეს კამპანია არ არის მთლად უწყინარი, მიუხედავად იმისა, ვინ ეთანხმება და ვინ არა მოსკოვში ქართული ანსამბლების ვიზიტს.
„ამ მიმოწერის გახმაურება არ არის ვინმესთვის შარის მოდება, არამედ ეს გაცილებით უფრო რთული მოვლენაა, რადგან ეს პროცესი არ მიმდინარეობს მარტო რუსეთთან მიმართებით. ჩვენ მოვუსმინეთ პრეზიდენტის განცხადებას, როცა იგი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან, ასევე, მოვუსმინეთ მის განცხადებას ჯავახეთთან მიმართებით. ნაციონალების ეს ქმედებები იწვევს საკმაოდ დესტრუქციულ ხასიათს და უკვე ლაპარაკია ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თანაც ყველაზე მტკივნეული მიმართულებით, რასაც ჰქვია ახალი ეთნიკური დაპირისპირებების კერების ან ბაზის შექმნა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და ასკვნის, რომ ეს პრობლემა ჩვენს საზოგადოებას მიეწოდება ქართველობის, პატრიოტიზმისა და ზემაღალ ღირებულებათა გამომხატველ პოზიციად ნაციონალების მხრიდან, რაც მოსახლეობაში გარკვეულ შეშფოთებასა და აგრესიას იწვევს.
მისი თქმით, თუ ვინმეს ახსოვს, ამ ოცი წლის განმავლობაში როგორც დაიწყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომები, ის დაახლოებით მიხვდება, რომ ანალოგიური სიტუაცია გავიარეთ. ამიტომ ბუნებრივია, ყველაფერზე პასუხისმგებელი მაინც ახალი ხელისუფლება იქნება და არა - "ნაციონალური მოძრაობა". ამის გამო ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე.
„მოვუსმინე გია ხუხაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომელი საიდუმლო დოკუმენტებით გამომავლინეთო?! მართლაც, არანაირ საიდუმლო დოკუმენტებზე არ არის საუბარი. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ზნეობრიობის მაგალითად თავი უნდა წარმოგვიდგინოს იმ ძალამ, რომელიც თავად სჩადიოდა უზნეობას. უნდა მივეჩვიოთ, რომ რეალობა ერთია და უნდა წარმოვაჩინოთ ის რეალობა. თუ რომელიმე გამოქვეყნებული დოკუმენტი არ შეესაბამება სიმართლეს, ან შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, მაშინ სხვა საქმეა. თუ არადა, სხვა შემთხვევაში, საზოგადოება უფლებამოსილია, იცოდეს, ვინ იყო ის ხელისუფლება, რომელიც გვყავდა, ან რას წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება“, - აცხადებს ექსპერტი.
ამასთან, მიიჩნევს, რომ მამხილებელი დოკუმენტების გამოვლენა აუცილებელია, რათა გავაკონტროლოთ ხელისუფლება არა მარტო მაშინ, როცა ის ხელისუფლებაშია, არამედ მას შემდეგაც, როცა ის კარგავს ძალაუფლებას. ამ კონტექსტში ვახტაგ ძაბირაძე იწონებს ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას, დოკუმენტაციის გამოქვეყნების თაობაზე.
მისი თქმით, ჩვენი პრობლემაა, რომ ხელისუფლება მოსახლეობას უსინდისოდ, უზნეოდ ექცევა და ეს არ ეხება მარტო სააკაშვილის ხელისუფლებას, არანაკლები იყო მისი წინამორბედიც.
უფრო მეტიც, ის დოკუმენტაცია, რომელსაც თავის დროზე გრიფით "საიდუმლო" ედო, ისიც კი ქვეყნდება დასავლეთის ქვეყნებში გარკვეული დროის შემდეგ. სწორედ ესაა აუცილებელი დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ თუკი რაიმე უკანონობაზე წავლენ, ის აუცილებლად საჯარო გახდება.
„ეს არის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი ხელისუფლების თავნებობისთვის. ამიტომ მივესალმები ნებისმიერი დოკუმენტის გამოქვეყნებას, რომელიც სიყალბეში ამხელს გინდაც გუშინდელ, ისე დღევანდელ ხელისუფლებას“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
თავისუფალი საქართველოს ლიდერს კახა კუკავას არ მოსწონს, როცა გია ხუხაშვილი აქვეყნებს ოფიციალურ ინფორმაციებს, რადგან ეს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებლად არ მიაჩნია. მისი თქმით, ხუხაშვილიზმი უნდა დამთავრდეს ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თუ ეს დოკუმენტები გამოსაქვეყნებელია, ისინი თავად სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს. ხოლო, თუ მიაჩნიათ, რომ ეს არ არის გამოსაქვეყნებელი, მაშინ არ უნდა გამოქვეყნდეს.
„ინფორმაციის გაჟონვა არ არის დემოკრატიული სახელმწიფოს წესი და კანონი. რაც შეეხება ბენდუქიძეებს, ვაშაძეებს და წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებს, ბწკენა-ბწკენის მეთოდი, რომ ერთს ავტორიზაცია ჩამოართვა, ხოლო მეორეს წერილი გამოუქვეყნო, არასერიოზული ქმედებაა. ამ ადამიანებს უნდა წაუყენოს ბრალდება სისხლის სამართლის ორგანომ, პროკურატურამ, და უნდა დააპატიმროს“, - მიიჩნევს კახა კუკავა.
ამასთან აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კომპრომეტაცია საქართველოში ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მოხდა, „ქართული ოცნება“ კი აირჩია ქართველმა ხალხმა არა იმისთვის, რომ ნაცმოძრაობის დისკრედიტაცია მოახდინოს, არამედ იმისთვის, რომ ნაცმოძრაობის გასამართლება მოხდეს. ამდენად, მოსახლეობას უფლება აქვს, იცოდეს რას აკეთებდნენ ყოფილი ჩინოვნიკები და მათი შოკისმომგვრელი დოკუმენტაცია უნდა ვიხილოთ. ეს ყველაფერი ოფიციალურად უნდა ხდებოდეს და არა “პიქსელში” განთავსებული ორგანიზაციების მეშვეობით. ამიტომ, უნდა გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტაცია.