„შარშან კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით ამ ციფრებს უახლოვდებოდა და არჩევნები ჩატარდა. ეპიდემიოლოგებმა უნდა თქვან ღაიდ, გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტების გარეშე, რამდენად უსაფრთხოა ასეთ სიტუაციაში არჩევნების ჩატარება“, - განუცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-ს და ამით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივას გამოეხმაურა.
პოლიტიკურად, ვისთვის არის მომგებიანი არჩევნების თარიღის გადაწევა?
- ეს, რა თქმა უნდა, მომგებიანია ოპოზიციისთვის, რადგან სწორედ მათ ააგორეს ეს თემა. მათთვის მომგებიანი რომ არ ყოფილიყო, არც კამპანიას დაიწყებდნენ. როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ სიტუაცია შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს და ამან ხალხის უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვიოს, ხელისუფლების მიმართ კი ნდობა დაეცეს; ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციამ უფრო მეტად მოიკრიბოს ძალა, გაძლიერდეს და ხალხის უკმაყოფილების ფონზე, მეტი მომხრე შემოიერთოს. ვფიქრობ, გათვლა სწორედ ეს არის.
მეორე ვარიანტი არის ის, რომ ვერ ასწრებენ ამ დარჩენილ ერთ თვეში პარტიული, ორგანიზაციული რესურსების და ფინანსების მობილიზებას, შესაბამისად, სურთ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ, მიეცათ შესაძლებლობა, რომ ეს შეფუთონ კეთილშობილური მოტივებით, რომ თითქოს ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ამაში დაიხმარეს სახალხო დამცველიც.
„ქართულმა ოცნებამ“ ნინო ლომჯარია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთგვარ კავშირში დაანადაშაულა. როგორ ფიქრობთ, ეს ერთგვარი კამპანია სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ახალი პროექტია?
- ეს ოპოზიციური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე გამოდიან, ერთი სცენარით მოქმედებენ. როგორც კი დაიწყო მსჯელობა საარჩევნო თარიღის გადაწევაზე, პირველი განცხადება სწორედ ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან გაკეთდა. ასეთი შეთანხმებული განცხადებები, მგონია, რომ კოორდინირებული სცენარის ნაწილია და შემდეგ ამას შეუერთდა სახალხო დამცველი. დროისა და პოზიციის ასეთი თანხვედრა, ბუნებრივია, აჩენს ეჭვებს, ეს ხომ არ არის კოორდინირებული მოქმედების შედეგი.
მიუხედავად იმისა, რომ 19 აპრილის შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა და შესაბამისად, 43%-იანი ბარიერიც აღარ არსებობს, ოპოზიცია ხშირად ამბობს, რომ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდება. თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ამის შესაძლებლობა?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი ელექტორატი რამდენად მიზანმიმართული და შემართული იქნება ამ მიზნის მისაღწევად. ვადამდელი არჩევნების დანიშნვა შეუძლია ორ ფაქტორს - ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერმა ელექტორატმა შეძლოს მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორება, ბევრი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში და დადგეს დიდხანს, ითხოვოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რასაც თან დაერთოს დასავლეთიდან ჩვენი პარტნიორების მოწოდება თუ ზეწოლა.
ამ ორი ფაქტორის კოორდინაციით შესაძლებელია, ხელისუფლება იძულებული გახდეს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. თუ ეს არ მოხდა, ხელისუფლება არჩევნებს არ დანიშნავს. იტყვის, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა და არანაირი ვალდებულა არ აკისრია.
რამდენად არის შესაძლებელი ამ სცენარით განვითარდეს მოვლენები?
- რთულია ამის პროგნოზირება, ვიტყოდი, რომ ამის ალბათობა 50%-50%-ზეა. თანაც, ოპოზიის მომხრე ელექტორატი მაინდამაინც არ არის მოწადინებული რევოლუციური სცენარისკენ, ქუჩაში ხანგრძლივი მიტინგებისკენ, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მძიმე კოვიდ-ვითარება გვაქვს ქვეყანაში და ხალხს უფრო სხვა რაღაცები აწუხებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია, ვადამდელი არჩევნები, ახალი პოლიტიკური დაძაბულობები და ა.შ. იციან, რომ ვადამდელი არჩევნები ვერ გადაწყვეტს მათ პრობლემებს, რაც არ უნდა არწმუნოს ამაში ოპოზიციამ.
ძალიან უნდა გაბრაზდეს მოსახლეობა რაღაცაზე, რომ ის გამოვიდეს ქუჩაში, პერმანენტულად დადგეს და დაიწყოს განგრძობადი ზეწოლა ხელისუფლებაზე.
მეორე საკითხია, დასავლეთი როგორ მოიქცევა? ვერ ვხედავ დიდ მზაობას დასავლეთის მხრიდან, რომ მას უნდოდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რადგან წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, იცის, თუ რა კატაკლიზმებთან იქნება ეს დაკავშირებული.
ასევე მინდა გკითხოთ, დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტატორის კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილია. რამდენად სწორი და გამართლებული იყო მისი წარდგენა, როგორ ფიქრობთ? რა შანსები აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს?
- ოპოზიცია ცდილობს მაჩალიკაშვილისგან წამებული გმირის ფიგურის გამოძერწვას, რომ ის გახდა უსამართლობის მსხვერპლი. რატომღაც თვლის, რომ ეს იმუშავებს. ეს მთლად სწორი გადაწყვეტილება არ არის. მაჩალიკაშვილის მიმართ პანკისში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ყველა პანკისელი ნამდვილად არ არის მისი ფანი და მისი მომხრე.
ეს ადამიანი უკვე მყარად არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც გამკვირვებია, ის რომ დააყენეს კანდიდატად. ცნობადი სახე გახდა მის შვილთან დაკავშირებული პერიპეტიების გამო. როგორც ჩანს, ამანაც ითამაშა თავისი როლი. გარდა ამისა, იციან, რომ ის არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია ბრძოლა, ყველაფერზე წასვლა და თუ დააკვირდებით, ასეთი ადამიანები ჰყავთ შერჩეული მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებად ყველა რეგიონში.