ნაციონალური დესანტი არასამთავრობოთა ველზე

ნაციონალური დესანტი არასამთავრობოთა ველზე

მიუკერძოებელი და ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციების სისუსტე საქართველოში ყოველთვის იყო პრობლემა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არასამთავრობო სექტორი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად და წარმატებულ სფეროდ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, იმ ფუნქციას მაინც ვერ ასრულებდა, რასაც არასამთავრობო სექტორის არსი გულისხმობს საკუთარ თავში.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია - მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა საერთო ინტერესებისა და მიზნების საფუძველზე. ეს არის კერძო, მთავრობისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი, თუმცა მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, განსაკუთრებით კი სამხრეთის ქვეყნებში, დაფინანსებულია ჩრდილოეთის მთავრობების მიერ.

საქართველოში არასამთავრობო სექტორი ყოველთვის მართული იყო, ამას ისიც მოწმობს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ამ სექტორის ბევრი წარმომადგენელი მოხვდა ხელისუფლებაში. წარმატებული ორგანიზაციების რამდენიმე ლიდერმა კი ჯილდოდ სულაც მინისტრობა მიიღო.

თავის დროზე შევარდნაძის ხელისუფლებაც ვერ გრძნობდა, რა როლი შეიძლებოდა შეესრულებინა ქართულ პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორს, სამაგიეროდ, კარგად აუღეს ალღო ნაციონალებმა, რომელთა ხელში, რევოლუციამდეც და მას შემდეგაც არასამთავრობო სექტორი საკმაოდ მძლავრ იარაღად გადაიქცა.

ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მესამე სექტორში დარჩენილი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ხელისუფლების დანამატად იქცა და მისი პოზიციების გამყარება-გაძლიერებას ემსახურებოდა. რეალურად, ყველა ხელისუფლებას აწყობს სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების ნიშა მათმა მომხრეებმა დაიკავონ.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში არასამთავრობოთა უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივ აზრსა და განწყობებს ნაკლებად გამოხატავდა, თუმცა წარმატებით ახდენდა აზრის ფორმირებას დასავლეთში, რაც ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთადერთი პროდასავლური ძალის პოპულარიზაციას ემსახურებოდა და როგორც ექსპერტები აცხადებენ, ასეთი საქმიანობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რა ტიპის ინფორმაცია გადის ქვეყნის გარეთ ე.წ. დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორისგან (არ იგულისხმება ობიექტური და დამოუკიდებელი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია) მიზანი სრულიად ნათელია, არსებული ხელისუფლების დაკნინების ხარჯზე ყოფილი ხელისუფლების იმიჯის წამოწევა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არასამთავრობო სექტორის ნიშა კიდევ უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ყოფილი ხელისუფლებისათვის, რომლის ძალა და როლი მათ ყველაზე უკეთ იციან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს უკვე არასამთავრობოთა საფარქვეშ იყრიან თავს და ბუნებრივია, მათ შესაბამისი მიზნებიც ექნებათ.

ექსპერტები თვლიან, რომ ისინი გრძელვადიან პერიოდში პოლიტიკურ პროცესებზე ისეთსავე ზეგავლენას მოახდენენ, როგორც ეს შევარდნაძის პერიოდში შეძლეს.

ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ მათ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ.

„ნაციონალების ნაწილს ესმის, რომ მიშას სახელით კარგა ხანს პოლიტიკურად აქტუალურები ვერ გახდებიან, ამიტომ ახლა იქმნება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც არის ძალიან დიდი დაფინანსება. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში წევრიანდება ის ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში“,- აცხადებს კახიშვილი.

მისივე განმარტებით ამ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობადი სახეები. კახიშვილისთვის ის სცენარიც მარტივად მისახვედრია, რომლის მიხედვითაც განვითარდება მოვლენები.

„იმის გამო, რომ მედია იყო ოკუპირებული მიშას მიერ და მთავრობა მედიაში საერთოდ არ ჩნდებოდა, ხალხისთვის ისინი არ არიან ცნობილი, როგორც ყოფილი სახელმწიფო მოხელეები. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, რაც იმის საფუძველია, რომ წინა პლანზე წამოიწევენ როგორც ძლიერი არასამთავრობო ორგანიზციები, მოახდენენ მედიის ოკუპაციას ექსპერტების რანგში - სხვადასხვა საკითხებზე დაიწყებენ, თითქოს-და, შუალედური პოზიციების დაფიქსირებას, ამავდროულად "ოცნების" შეცდომებზე აუცილებლად გააკეთებენ აქცენტებს, რითაც მოიგებენ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გულს.

შემდგომში არ არის გამორიცხული, როდესაც მოვა დრო, ამ ადამიანებისგან დაკომპლექტდეს ახალი პარტია, რომელიც რეალურად არ იქნება პირდაპირ ასოცირებული მიშასთან, მაგრამ ასოცირებული იქნება ლიბერალურ პოლიტიკასთან, დასავლურ ღირებულებებთან და შეეცდებიან სულ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ დასავლეთისგან. ეს იქნება საფუძველი, შემდგომში გააჩნდეს პრეტენზია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და დააბნიოს მოსახლეობა, რომ თითქოს, არ წარმოადგენენ მიშას ძალას. რეალურად მიშასთან ის ხალხი დარჩება, ვისაც სხვა გზა არ აქვს, არც შესაძლებლობა, რომ ასეთ ორგანიზაციებში დაიმკვიდროს თავი“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

მისივე პროგნოზით ეს არასამთავრობოები მომავალი "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პარტიების შექმნის სამჭედლოდ იქცევა.

„თავისთავად ნაცმოძრაობა ძალიან მდიდარი ორგანიზაციაა, რეგიონული ოფისების დიდი ქსელი და დიდი ქონება გააჩნია და ერთ წუთში ვერ გაქრება, თუმცა რამდენიმე მოძრაობა იქნება შექმნილი ნაცმოძრაობის დღევანდელი წევრების მიერ. იქნება დიდი მხარდაჭერა დასავლეთისგან და როგორც დღეს აცხადებს "ქართული ოცნება", რომ დასავლეთის გამო, რაღაც გარკვეულ საკითხებში ვერ დაუპირისპირდება ნაცმოძრაობას, ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც“,- მიიჩნევს კახიშვილი.

როგორც ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, მთავარი საფრთხე ის არის, რომ ეს არასამთავრობო სექტორი დასავლეთის ძირითად დასაყრდენად მოიაზრება.

„დასავლეთს, რომელიც რუსული იდეოლოგიის მომძლავრების საფრთხეს ხედავს, შესაძლოა, გაუჩნდეს ცდუნება, რომ დაეყრდნოს ნაციონალებს თუმცა არა იმ ტყავში გამოწყობილებს, როგორსაც დღეს ვხედავთ. სწორედ ამ თვალსაზრისით შეიძლება გამოიყენონ ეს არასამთავრობოები. ეს ისევ იმ იდეოლოგიის გამტარებელი ძალა იქნება, რომელი იდეოლოგიის წყალობითაც, ზოგადად, დასავლეთის იდეოლოგიამ განიცადა დევალვაცია საქართველოში. ისინი იმდენად ხისტად ატარებდნენ იმას, რაც შეიძლებოდა ცოტა უფრო ლაბილური და შედარებით რბილი ფორმით მისაღები ყოფილიყო საზოგადოებისთვის, რომ სიმპათიის ნაცვლად პირიქით, აგრესია აღძრეს ამ იდეის გარშემო“, - მიიჩნევს ლაგაზიძე.

ახალ ხელისუფლებას, რომელიც იდეოლოგიურ წინააღმდეგობაშია ყოფილ ხელისუფლებასთან ისღა დარჩენია ან მუდმივი ზეწოლის რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, ან თვითონაც შეუწყოს ხელი ალტერნატიული ფრონტის გახსნას. თუმცა, ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ხელისუფლებას სხვა ბევრ საკითხთან ერთად ესეც არ ანაღვლებს, რაც უკიდურესად ცუდად შემოუტრიალდება.

„ხელისუფლებას ვერ დაავალებ საზოგადოებრივი აქტივობების ინიცირებას, მაგრამ ისევ საზოგადოებამ უნდა იპოვოს ძალა და ის რესურსი რომელიც მასშია და ალტერნატიული არასამთავრობოების სახით უნდა გამოვიდეს ასპარეზზე. იგივე შეიძლება ითქვას კვლევით ცენტრებზე.

ამასწინათ ჩატარდა ერთ-ერთი ძალზე მსხვილი ამერიკული ორგანიზაციის კონფერენცია, რომლებიც გაკვირვებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა მაღალჩინოსანზე, ლამის, თითო ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის.

ხელისუფლებას საერთოდ არ ანაღვლებს როგორი სიტუაციაა მეორე მხარეს და რა შეიძლება მოჰყვეს სოკოებივით სწრაფად ამოსულ არასამთავრობოთა აღმოცენებას. თუ დასავლეთს არ შევთავაზეთ სხვა ალტერნატივა, გაცილებით ჯანსაღი, უარეს შედეგს მივიღებთ, რადგან ეს არასამთავრობოები იმავე რიტორიკას აგრძელებენ, რა რიტორიკაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და სწორედ ეს რიტორიკაა ძირითადი შემადგენელი ნაწილი იმ აგრესიისა რაც დასავლეთის მიმართ მოდის. იმიტომ, რომ დასავლეთი გაუკუღმართებული სახით მიეწოდოს ქართულ საზოგადოებას.

ამიტომაცაა, რომ ახალი არასამთავრობოები და ახალი რესურსები თავად ამერიკელებმაც უნდა მოიძიონ და დააფინანსონ. ეს ჩაკეტილი სისტემა დაფინანსებისა, როგორიც იყო არასამთავრობოების მიმართულებით, უნდა გაიხსნას და ახალი ფიგურანტებისა და ახალი აქტიორებისთვისაც ღია უნდა იყოს იგივე ამერიკული და ევროპული ფონდები. ეს მათივე ინტერესებისთვის არის აუცილებელი“, - აცხადებს ლაგაზიძე.

დღეს არასამთავრობოთა ახალი თაობის ტალღას კონკრეტული მიზნები აქვს შესასრულებელი, კახა კახიშვილი თვლის, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იმისათვის იქმნება, რომ ტანდემში მოახდინონ პარალიზება სახელმწოფო ინსტიტუტების. ერთი მხრივ, დათრგუნონ ხელმძღვანელი პირები, მეორე მხრივ პარალიზება გაუკეთონ მათ საქმიანობას.

რა კონკრეტულ მიზნებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს დაფარული არც არის. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში ბაჩო ახალაიას მეუღლემ თენგიზ გუნავასა და გიორგი ონიანთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა.

ანა ნადარეიშვილის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბოლო პერიოდში ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება დაიწყო. ახალაიას მეუღლე ამბობს, რომ განცხადებებში იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ.

როდესაც მსგავსი ინფორმაცია დასავლეთს მიეწოდება, ისინი შეიძლება არც კი შეეცადნენ იმის დადგენას, რომ ინფორმაციას დაინტერესებული მხარე, უამრავ დანაშაულში ეჭვმიტანილი, დაპატიმრებული ყოფილი ჩინოვნიკის მეუღლე ავრცელებს.

ხათუნა ლაგაზიძე: „დღევანდელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მთელი ქართული საზოგადოება მასთან ვალშია და ე.წ. ექსპერტულმა საზოგადოებამაც ყოველგვარი სტიმულების გარეშე გუნდრუკი უნდა უკმიოს ხელისუფლებას და გააჟღეროს იგივე პოზიციები, რაც აქვს ხელისუფლებას. უმარტივეს რამეს ვერ ხედავენ, რომ არამარტო ექსპერტული საზოგადოება, არამედ მთლიანად საქართველოს საზოგადოება, რა თქმა უნდა, დავალებულია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისგან იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" როგორც საფრთხე და რისკი საზოგადოებისთვის - განეიტრალდა, მაგრამ თუ ასე გაგრძერლდა, გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საფრთხე და რისკი ისევ შემობრუნდება.

ის, რომ მადლობლები უნდა ვიყოთ ბიძინა ივანიშვილისა ამ რისკის და საფრთხის განეიტრალების გამო, ნამდვილად არ აძლევს ამ ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ ვიღაცა მის წინაშე სამუდამოდ ვალდებულად ჩათვალოს.

ხვალ და ზეგ, ხელისუფლება ძალიან ინანებს ასეთ უდიერ დამოკიდებულებას ექსპერტული საზოგადოების მიმართ, ზოგადად იმის მიმართ, რომ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას იმ რესურსით, რაც კანონმდებლობით გააჩნია, ხელს ნაკლებად უწყობს და ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს.

ამ დროს დგას ისეთი აუცილებლობა, რომ დასავლური იდეის გადარჩენა ახალი, საღი ძალების ხელში გადავიდეს. ეს პროცესი თუ არ დაიწყო, ვფიქრობ, რომ რუსული იდეოლოგიის საინფორმაციიო ტრენდების მოძალება იქნება მძიმე შედეგების მომტანი.

ამიტომ აუცილებელია, რომ ბევრმა საღმა წევრმა საზოგადოებისა, რაღაც ინსტიტუციური ფორმა შესძინონ თავიანთ აქტივობას და რეალურად დაადგნენ ქართული ევროპეიზმის გზას.

ვფიქრობ, დასავლური ღირებულებების ახალი ინტერპრეტაცია უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, რაც იქნება დასავლური და ქართული ღირებულებების სინთეზი. ამას ვერც გაიგებს და ვერც აწევს "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან მიბმული სატელიტები. ეს საზოგადოების სხვა ნაწილის ტვირთია, რომელმაც, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებას, მეორე მხრივ, უცხოეთს შესთავაზოს ევროპეიზმის ახალი დროშა, ახალი დასავლური გზა საქართველოსთვის“.

საქართველოში 17ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მიუხედავად არცთუ მცირე რაოდენობისა, მათგან დიდი ნაწილი მხოლოდ ფორმალურადაა რეგისტრირებული, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნიშა კვლავ თავისუფალია, მისი რეალურად ათვისება კი ძალზე მნიშვნელოვანი. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გასულ წლებში ჩატარებული კვლევები გარკვეულ წარმოდგენას ქმნის, რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მიმართულებით და როგორი ზემოქმედება შეუძლია ამ სექტორის გააქტიურებას საზოგადოებრივ აზრზე.

კვლევების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე. მაგალითად, G-PAC-ის (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა) 2011 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობა სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობს, ხოლო ვინც მათ შესახებ იცის, მიაჩნიათ, რომ არასამთავრობოები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის არსებობენ.

„კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის“ 2011 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩართულობის და, ზოგადად, სამოქალაქო აქტიურობის დონე ძალიან დაბალია. ქვეყანაში, სადაც გასულ ორ ათწლეულში სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის საერთაშორისო დონორებმა მილიონობით დოლარი დახარჯეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრას მოსახლეობის მხოლოდ 4.5% დაესწრო, 3.5%-მა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, 2.2%-მა დარეკა, ან არამთავრობო ორგანიზაციის ოფისში მივიდა, ხოლო 5.5%-ს თავად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

კვლევის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ა გაერთიანებული. ამასთანავე, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ენდობიან (23%), აღემატება მათ რიცხვს, ვინც ამ ორგანიზაციებს ენდობა (18%). ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს სტატისტიკური მაჩვენებლები საქართველოში სამოქალაქო ჩართულობის მხოლოდ ზედაპირული შეფასების საშუალებას იძლევა.

კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოში სამოქალაქო ჩართულობას შემდეგი ხუთი მთავარი ფაქტორი აბრკოლებს:

1) მოქალაქეებმა საერთოდ არ იციან, რას წარმოადგენს ან რას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია;

2) მოქალაქეებისათვის საჭირბოროტო საკითხები და ის საკითხები, რომლებზედაც არასასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ, ერთმანეთს არ ემთხვევა;

3) მეგობრებსა და ოჯახზე დამოკიდებულება არის არაფორმალური დაზღვევის ერთგვარი სახე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩართულობის სურვილს ანაცვლებს;

4) რთული ეკონომიკური გარემო ჩართულობისათვის საჭირო რესურსების ნაკლებობას იწვევს;

5) არაფორმალური ჩართულობის მცირე ინსტიტუციონალიზაციის გამო პროსოციალურ ქცევებს უფრო ერთჯერადი აქციების სახე აქვს, ვიდრე რეგულარული ღონისძიებების.