„ოპოზიციამ არ იცის, 2 ოქტომბრის შემდეგ რითი გაართოს საზოგადოება, ამიტომ არჩევნების გადადების თემით სპეკულირებს“

„ოპოზიციამ არ იცის, 2 ოქტომბრის შემდეგ რითი გაართოს საზოგადოება, ამიტომ არჩევნების გადადების თემით სპეკულირებს“

„აქამდე ოპოზიციისთვის მთავარი თემა იყო რიგგარეშე არჩევნები, ახლა კი მთავარი თემა იქნება, რაღა დროს არჩევნებია, ვიღუპებით. ასეთ რამესაც იტყვიან, ჩვენი მომხრეების სიცოცხლე მეტად გვიღირდა, ამიტომ არჩევნების ლეგიტიმურობაზე შეიძლება ალაპარაკდნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ოპოზიცია და, განსაკუთრებით, ნაციონალები, არასდროს გამოირჩეოდნენ. ისინი საპროტესტო აქციებს ატარებდნენ სწორედ პანდემიის პიკის დროს და ვირუსის მთავარ გამავრცელებლებად გვევლინებოდნენ. დღეს რატომ გადაწყვიტეს ერზე ზრუნვა - ეს უკრაინიდან მიღებული დირექტივაა, თუ ადგილობრივ მიღებული გადაწყვეტილება?

- გასაგებია, როდესაც არჩევნებში წარმატების მოპოვების შანსი ნაკლებად აქვთ, რაღაც გამოსავალი უნდა იპოვონ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებიან. თუ გადაიდება არჩევნები, მათი მოთხოვნა შესრულდება და გააჩნია, მერე მოვლენები როგორ განვითარდება. ამით მათი შანსები გაიზრდება. თუმცა, ამავდროულად, ისიც იციან, რომ ხელისუფლება არ გადადებს არჩევნებს. ხელისუფლება მყარად არის ჩამოყალიბებული არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ შეეცდებიან, საარჩევნო კამპანიაში კიდევ ერთი თემა შემოიტანონ, რომ აი, ნახეთ, რა დროს არჩევნებია, პანდემია მძლავრობს, ხელისუფლება კი ჩვენზე არ ფიქრობს. ამ თვალსაზრისითაც, ისინი მომგებიან პოზიციაში არიან.

დროის გაწელვა აპრიორი ნიშნავს, რომ ამომრჩევლის განწყობა ოპოზიციის სასარგებლოდ გადაიხრება? კორონავირუსის მართვის თვალსაზრისით უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება?

- ეს შანსიც ნაკლებია, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ მეტი დრო  ექნებათ. ეს არჩევნები მათ თვითონვე გადააქციეს ვითომ რეფერენდუმად. 43% აღარ მუშაობს, „ოცნება“ გავიდა აქედან და ანულირებულია შეთანხმება, მაგრამ ეს 43% მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საშუალება ჰქონდეთ პოლიტიკური პროცესი იმავე რელსებით გააგრძელონ, როგორც ახლა, როცა ცდილობენ, გინდა თუ არა, შედგეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლება შეცვალონ. ეს გზა არაკონსტიტუციურია, რადგან არავითარი კავშირი ადგილობრივ არჩევნებს რიგგარეშე არჩევნებთან არ აქვს.

გარდა ამისა, არის მოსაზრება, რომ რიგგარეშე არჩევნებში მაინც დამარცხდებიან, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ მათ მიაღწიონ რიგგარეშე არჩევნებს, მათ შანსებს ზრდის. თუკი არჩევნები გადაიდება, პოლიტიკური აქტივობისა და მათი დღის წესრიგისთვის დროის მოგების ფაქტორი იქნება. პოლიტიკურ პროცესს გააღრმავებენ და წარმატების მოპოვებას ეცდებიან. ახლა კი ხედავენ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში წარმატების მოპოვების ნაკლები შანსი აქვთ. 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რა მოიგონ, რითი გაართონ საზოგადოება, არ იციან.

თქვენ ბრძანეთ, არ იციან, როგორ გაართონ საზოგადოება. ერთგვარ თავშესაქცევ ადგილად იქცა მათი მიტინგები, სადაც მომიტინგეთა ნაკლებობა ყოველ ჯერზე აშკარაა. არჩევნების გადადების მათეული ინიციატივა ხომ მიტინგების გზასაც მოუჭრის ოპოზიციას? თუკი პანდემიის გამო არჩევნები უნდა ჩაიშალოს, მიტინგებიც ხომ ვერ გაიმართება?

- რა თქმა უნდა, მათაც კარგად იციან, რომ ნაკლები შანსია, „ოცნებამ“ ეს არჩევნები გადადოს. თუმცა ამის ალბათობა არის, გააჩნია, პანდემია როგორ განვითარდება. უბრალოდ, ოპოზიციისთვის პანდემიის თემა მომგებიანია, რადგან პოლემიკისთვისაც ადვილი სათქმელია. შარშან გვქონდა საგანგებო მდგომარეობა, თუმცა დღეს, ჩვენდა საუბედუროდ, იმდენი მსხვერპლია, შარშან ჯამში არ გვქონია ამდენი მსხვერპლი. დღეს იმდენი ადამიანი ინფიცირდება, ამის მეათედი გვქონდა შარშან, მაშინ 500-მდე ინფიცირებული გვყავდა, დღეს 5000-მდეა ასული. პარადოქსია, მაშინ საგანგებო მდგომარეობა გვქონდა, დღეს კი არ გვაქვს, ან მაშინ რატომ გვქონდა საგანგებო მდგომარეობა და დღეს რატომ არ გვაქვს? ამ ფორმალიზმზე იქნება დაფუძნებული ოპოზიციის მხრიდან პოლემიკა, რაც მომგებიანია. ეს არაა მომგებიანი თემა ხელისუფლებისთვის, რადგან საქართველოში განსაკუთრებული მდგომარეობაა. აქამდე მთავარი თემა იყო რიგგარეშე არჩევნები, ახლა კი მთავარი თემა იქნება, რაღა დროს არჩევნებია, ვიღუპებით.

ასეთ პირობებში თუ მაინც ჩატარდა არჩევნები, ოპოზიციას შეუძლია, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით, არალეგიტიმურად ცნოს ეს არჩევნები?

- სხვათა შორის, საყურადღებო რამ თქვით, პანდემიის გამო შეიძლება არჩევნების ხარისხი იმდენად შემცირდეს, რომ ამის ლეგიტიმურობაზე ილაპარაკონ.

მათ შეუძლიათ თქვან, ოპოზიციის მომხრეები პანდემიის გამო არ მივიდნენ არჩევნებზე, ხელისუფლებამ კი საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა მობილიზება მოახდინაო.

- კი ბატონო, ასეთ რამესაც იტყვიან, ჩვენი მომხრეების სიცოცხლე მეტად გვიღირდაო. ეს შეიძლება გააკეთონ, მათ სურთ კრიზისებზე ორიენტირებული დღის წესრიგის შექმნა. ჩვეულებრივ ვითარებაში არჩევნებით ესენი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ.

წლობით რომ გაგრძელდეს პანდემია, გამოდის, მათი ლოგიკით, არჩევნებს საერთოდ ვერ ჩავატარებთ?

- წლები რომ გაგრძელდეს პანდემია, ჯვარი გვწერია. იცით, რაშია საქმე? საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეიძლება ისეთი ანტიეპიდემიური ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეპიდსიტუაციას გამოასწორებს. საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმია, როცა ადამიანის უფლებები არსებითად იზღუდება. აქ არა მარტო გადაადგილების უფლებაზეა საუბარი, სხვა უფლებებზეც, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებაზეც. ცხადია, პანდემიასთან მიმართებით ადაპტირდა კაცობრიობა, ბევრგან ლოკდაუნები აღარ არის. გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები, სტრატეგიები მუშაობს.

სახალხო დამცველის ინიციატივა, პრემიერმა შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას, რას ემსახურება? ლომჯარია ოპოზიციის მარათონშია ჩაბმული?

- ამას უკვე მივეჩვიეთ, სახალხო დამცველი იმავე დღის წესრიგით მუშაობს, რაც ნაცებს აქვთ. ვითარება პარადოქსულია თუნდაც იმიტომ, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკური ალტერნატივა არ ჩანს. გონივრული ალტერნატივა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, არ აქვს ადგილობრივ დონეზეც, პოლემიკასაც კი ვერ აწარმოებენ, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მაინც რაღაც ალტერნატივა იყოს.