"მე ვხედავ, ამ პარლამენტს აკლია რაღაც, რისი შევსებაც ჩვენ, "ქართულ დასს" შეგვიძლია, მაგრამ, მეორე მხრივ, რამდენად ლეგიტიმურია ეს პარლამენტი, ამაზე სერიოზული საუბრები გვაქვს პარტიის შიგნით და არა მარტო პარტიის შიგნით, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ხალხს 33 წიკლაური, ჩიორა თაქთაქიშვილი და აკო მინაშვილი ამ პარლამენტში არ აურჩევია. ასევე მინდა გითხრათ, რომ არც უსუფაშვილი აურჩევია პარლამენტის თავმჯდომარედ. ხალხმა აირჩია თავისუფლება, ხმა მისცა ქართულ ოცნებას და ხმა მისცა სააკაშვილის წინააღმდეგ და არა იმ შემადგენლობას, რომელიც პარლამენტში შევიდა. ამიტომ, მას შემდეგ, რაც შემოდგომაზე უკვე ფორმალურადაც ვადა გასდის სააკაშვილს, თქვენ როგორ გგონიათ, ოთხი წელი შეძლებს ქართველი საზოგადოება არალეგიტიმური წიკლაურების, თაქთაქიშვილებისა და ასეთი ხალხის ყურებას პარლამენტში. ამ პარლამენტმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა, რომ ჩაანაცვლა წინა პარლამენტი, სადაც უმრავლესობაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო, მაგრამ თავის ფუნქციას სექტემბერში უკვე ამოწურავს და შესაძლოა, პარლამენტის ქმედებაუნარიანობის საკითხიც კი დადგეს, რადგან ახლა, ამ ახალარჩეულზეც კი ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს პარლამენტს და საზოგადოებაში იგრძნობა უკმაყოფილება", - აცხადებს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რესპუბლიკელების" გავლენის ქვეშ მოქცეული ივანიშვილი რეიტინგს კარგავს".
"ხალხი ძალიან უკმაყოფილოა. და მე ეს ძალიან მაწუხებს და მაღელვებს. გარდა ამისა, კიდევ უფრო მაფიქრებს და მაშფოთებს საკითხი, თუ ვინ იღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის "რესპუბლიკური" პარტია და არა ბიძინა ივანიშვილი. მე უკვე ბევრჯერ ვნახე ეს. ბევრი სხვა ინფორმაცია მაქვს, რომელიც ეკრანიდან არ ჩანს, თუმცა, ბევრი რამის ამოკითხვა ეკრანიდანაც შეიძლება. მერამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ვნახე, რომ "რესპუბლიკელების" ზეწოლით ივანიშვილმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო და, პირიქით, მიიღო იმის საპირისპირო გადაწყვეტილება, რასაც თვითონ ფიქრობდა. იგივე მოხდა ახლაც კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით. ასეთი გადაწყვეტილება, რომ სადღაც მოეძებნათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი და დაეყენებინათ დეპუტატობის კანდიდატად, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ზეწოლით მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.
"მე პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია ჩერგოლეშვილისა და ბოკერიას ჭკუაზე მოარული სახელმწიფო, ისევე, როგორც ხიდაშელისა და უსუფაშვილის ჭკუაზე მოარული სახელმწიფო. ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებებს იღებს არა ის კაცი, რომლის მიმართაც ამხელა ნდობის ფაქტორია, არამედ გადაწყვეტილებებს იღებს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლის ცნობიერებაც არ არის ეროვნული და სახელმწიფოებრივი. ასეთი მომენტები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელი უნდა იყოს. სხვათა შორის, პრემიერმაც არ დამალა, ვისთან თათბირობდა შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით . გადაწყვეტილებას ვერ იღებს ივანიშვილი. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იგი იზოლაციაშია და გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ. მის ირგვლივ არის ინფორმაციული გარსი, რომლის მიხედვითაც იგი ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"იცით თქვენ, რომ არჩევნების პერიოდში მე მქონდა მოლაპარაკებები ივანიშვილთან და ეს იყო წარმატებული მოლაპარაკებები, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შეხვედრები. მისი მხრიდან იყო თანამშრომლობის სურვილი. შემდეგ, როდესაც დეტალებს განვიხილავდით, ჩემთან მოდიოდნენ მის მიერ გამოგზავნილი ადამიანები, რომლებსაც სულ სხვა ამბავი მიჰქონდათ მასთან, რომელზეც საერთოდ საუბარი არ იყო. ბოლო შეხვედრაზე, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერზე დავთანხმდი, რასაც ითხოვდნენ და ისე გავუშვი, წავიდა ივანიშვილთან და სულ სხვა რამ უთხრა, ჯონდი წინააღმდეგი მიდის ამისიო. ივანიშვილი გონიერი ადამიანია, მაგრამ, როგორი ჭკვიანი და ძლიერიც არ უნდა იყო, თუ ის ბრმად იღებს გადაწყვეტილებებს და არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ასე გაგრძელდება, აუცილებლად დაკარგავს რეიტინგს და ამით წააგებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამის მიხედვით ექნება ხელისუფლებას მხარდაჭერა. თუ გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, ეს ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ თუ გადაწყვეტილებებს იღებს რესპუბლიკური პარტია, მაშინ ეს სხვა საკითხია. ჩვენ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გვაქვს მათთან და მიგვაჩნია, რომ ეს არის არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტია და არ ვეთანხმებით მათ გადაწყვეტილებებს", - დასძენს ჯონდი ბაღათურია.