მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის - რა იკითხება ომბუდსმენის არჩევნების გადადების მოთხოვნაში?

მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის - რა იკითხება ომბუდსმენის არჩევნების გადადების მოთხოვნაში?

მაშველი რგოლი ოპოზიციას თუ რეალური წუხილი ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე? - რა იკითხება სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცახდებაში არჩევნების გადადებაზე?

არჩევნების გადადება, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს ოპოზიციას და არა „ქართულ ოცნებას“. ოპოზიციამ, ფაქტია, რომ არჩევნებისთვის მომზადება და ჩამოყალიბება ვერ შეძლო ისე, როგორც საჭიროა. ამის პარალელურად კი, აგვისტოში გამოქვეყნებული ყველა კვლევის მიხედვით, მათი რეიტინგები საკამოდ დაბალი და განახევრებულია. ამომრჩევლის განწყობა მათ მიმართ საკმაოდ გულგრილია, ყველა ეს ფაქტორი კი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ამიტომ ქვეყანაში არჩევნების გადადება, შესაძლოა, ოპოზიციისთვის მაშველი რგოლიც კი აღმოჩნდეს, ხოლო ომბუდსმენის განცახდების უკან, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური კონფიგურაცია იდგეს, რომელსაც ლომჯარია უბრალოდ, ახმოვანებს.

ამის ეჭვს ის გარემოებაც ამყარებს, რომ სახალხო დამცველის შემდეგ არჩევნების გადადების იდეაზე ოპოზიციის ნაწილი ალაპარაკდა. რამდენიმე პარტია ინიციატივაზე მსჯელობას არ გამორიცხავს - მათი თქმით, ამ პროცესში გადამწყვეტი ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციები უნდა იყოს. არჩევნების გადადებაზე საუბარი საერთოდ გაუგებარია ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის. „ქართული ოცნება“ კი სახალხო დამცველის იდეას, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებისთვის გადაგდებულ მაშველ რგოლს უწოდებს.

როგორ ემთხვევა ომბუდსმენის და ოპოზიციის პოზიცია ერთმანეთს არჩევნების გადადებაზე

სახალხო დამცველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს. ნინო ლომჯარია საფუძვლად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახელებს.

„არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი არ არის მხოლოდ წმინდა პოლიტიკური საკითხი. უფრო მეტად ეს არის ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხი. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი არის გადატვირთული.

თუ ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას, შესაბამისად, ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. რატომ იღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე?“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მზად ვართ, განვიხილოთ არჩევნების გადადების საკითხი, რადგან ადამიანების სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია“, – ლომჯარიას განცხადებას უმალ გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობას აპირებს როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე ოპოზიციურ პარტიებთან.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ ასეთი მძიმე პანდემიური ვითარება იქნება, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება და თუ ხელისუფლება არჩევნების თარიღის ცვლილებას გადაწყვეტს, ამის წინააღმდეგი არ იქნებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ხოლო რაც შეეხება არჩევნების გადადების საკითხს, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ვარიანტისთვის მზადაა.

ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ თვითმმართველობის არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აჰყოლოდა.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, ქვეყანამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვირუსთან ერთად არჩევნების ჩატარება ისწავლონ და სხვა ტიპის მმართველობის განხორციელებაც.

„ოცნების“ პასუხი ომბუდსმენს

სახალხო დამცველის განცხადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გამოეხმაურა. საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნინო ლომჯარია შეცდომაშია შეყვანილი.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებს, კიდევ ვინ ჩაერთვება იმ კამპანიაში, რომელიც რეალურ საფუძველს არის მოკლებული. სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, სახალხო დამცველი მოხვდა ამ კამპანიაში და ამ კამპანიის ნაწილი გახდა. არ გამოვრიცხავ, კარგად ვიცნობ ნინო ლომჯარიას და არ მინდა მას დავაბრალო, რომ ის „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი, გარე სპიკერი აღმოჩნდა, მაგრამ როგორც მინიმუმ, ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება არის შეუძლებელი“.

„ე.წ. ოპონენტებმა და ოპოზიციამ, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს“, – ლომჯარიას ინიციატივას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესტიიდან გამოეხმაურა და სახალხო დამცველის შეთავაზება „ნაციონალების“ მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილად ჩათვალა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ვნახეთ ყველა ქვეყნის გამოცდილება, აშშ-ის, ევროპის ქვეყნების, აზიის. კოვიდპანდემიის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემოსული ვაქცინა, არავის მოსვლია აზრად არჩევნების გადადება.

ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობენ „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, არ გაგვიკვირდება, რადგან ჩვენ ვიცით მათი ხელწერა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მივყვეთ სტაბილურად ჩვენს გეგმას, ჩვენს დღის წესრიგს, არ შევაფერხოთ არც მშვიდობიანი განვითარება, არც სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ლომჯარიას განცხადების უკან პოლიტიკური მოტივები იმალება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ობუდსმენის განცხადების უკან პოლიტიკური ინტერესები იკვეთება და ის არ არის დარწმუნებული, რომ მან ეს განცახდება მხოლოდ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

„ქალბატო ლომჯარია ოპოზიციის მხადამჭერაში და მათი დღის წერიგით მოქმედებაში შემჩნეული რომ არ იყოს, ადამიანი კიდევ დაიჯერებდა, რომ მას ნამდვილად ეს საკითხი ადარდებს. მას შეფარული თუ არცთუ შეფარული მხარდაჭერა ოპოზიციის დღის წესრიგის მიმართ არა ერთხელ გამოუხატავს, ამიტომ მისი განცხადება ნაკლებად დამაჯერებელია. მისი და ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა და მგონია, რომ კორდინაირებულად მოქმედებენ.

ოპოზიციას ახლა არცთუ კარგი მდგომარეობა აქვს. ვნახეთ კვლევები და ისიც - გამარჯვების რა შანსებიც აქვთ. ამიტომ ოპოზიციას, როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ კოვიდპანდემიური სიტუაცია არ დამშვიდდება, კიდევ უფრო გაუარესდება, საზოგადოების უკმაყოფილება მოიმატებს და შესაბამისად, წარმატების მოპოვება უფრო გაუადვილდებათ. მათ ახლა დროის მოგება სჭირდებათ, ამიტომ ამისთვის სახალხო დამცველის გამოყენება ყველაზე კარგი ვარიანტია“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, გადაიდება თუ არა არჩევნები მმართველი გუნდისთვის ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს: „ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციას მაინც მოუგებს და წყალწაღებულები ხავსს ეკიდებიან. ახლა რა რეიტინგებიცაა გამოქვეყნებული, „ოცნება“ ამ არჩევნებს იგებს, იმ შეცდომების ფონზე, რაც კოლექტიურად ოპოზიციამ დაუშვა. ყველაფერი პანდემიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუ კიდევ უფრო გაუარესდა, ხელისუფლებას მართლა გაუჭიურდება არგუმენტების გამონახვა, რომ არჩევნები მაინცდამაინც 2 ოქტომბერს ჩატარდეს“.

ანალიტიკოსი გია აბაშიძეც მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განცხადება დამოუკიდებელი არ არის და ის ამას ოპოზიციის კარნახით აკეთებს. მან ოპოზიციასთან ერთად ეპიდემიოლოგების მანტია მოისხა და ხელისუფლებას კარნახობს რა გააკეთონ. „ოპოზიცია იმდენად მძიმე სიტუაციაშია, რომ აღარ იცის რა მოიგონოს. ახლა სახალხო დამცველი გამოიყვანეს და ათქმევინეს, რომ ეპიდსიტუაციის გამო არჩევნები უნდა გადაიდოს. ომბუდსმენი ეპიდემიოლოგია? თუკი ამის აუცილებლობა იქნება, ამას სპეციალისტები რეკომენდაციის სახით ხელისუფლებას მიაწვდიან. რა თქმა უნდა, მამრთველ გუნდს არჩევნების გადადების ნამდვილად არ ეშინია. ამიტომ ამის პრობლემა ისევ ოპოზიციას ექნება. რატომ ჰგონიათ, რომ არჩევნები თუ გადაიდო, საზოგადოება მათ მხარს დაუჭერს და რეიტინგი გაეზრდებათ, არ ვიცი.

ოპოზიციის პოლიტიკურმა გზავნილმა, რომ არჩევნები გაყალბდება არ იმუშავა, რადგან ცესკო იმდენად გამჭვირვალედ და მაღალ დონეზე მუშაობს, რომ ახლა ახალი გამოსავალი იპოვეს. ოპოზიციამ ნახა, რომ მათი რეიტინგები არა მხოლოდ „ოცნების“ მიერ ჩატარებული, არამედ სხვა კვლევებითაც მათთვის სასურველი არაა. ამიტომაც ახლა ეპიდემიოლოგების მანტიით წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყეს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარ განცხადებებში არათანმიმდევრულია, რადგანაც ისინი შარშან ამბობდნენ, რომ ქვეყანა გაეხსნათ, მოეხსნათ შეზღუდვები, რათა კარანტინი ადამიანის უფლებების დარღვევა იყო. მათ შორის იგივეს ნინო ლომჯარიაც აცხადებდა. ახლა კი ფირფიტა ისე შეცვალეს, როგორც ეს მათ პოლიტიკურ ინტერესებში შედის. აბაშიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების გადადება-არგადადება პოლიტიკურად არც წამგებიანი და არც მომგებიანია.

 

 

Katana . ნიკა მელია: "-- არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და ეს არც არავის უთქვამს! "
?
ესენი, ოპონენტებს კი არა, ერთმანეთსაც არ უგდებენ ყურს, რომ რაღაცაზე მაინც საერთო აზრამდე მივიდნენ :)
3 წლის უკან
trampi ამას სროკი აღარ უთავდებააა?? ( უფრო სწორედ ამისაგან ხალხს)
3 წლის უკან
Katana . ამას 2022 წლის დეკემბერში გასდის მოხმარების ვადა.
3 წლის უკან
trampi რა ამბავია მაგდენი ........რა არიიი --- სამისდღემშიოდ აირჩიეეეს???
3 წლის უკან
Katana . ეს ჩვენ მოგვაბეზრა თავი, თორემ ნაცები ალბათ სინანულით იტყვიან მომავალი წლის დეკემბერში: რა ჩქარა გაფრინდა ეს 5 წელი, რა არიო! :))
იმედია, შემდეგ ომბუდსმენად ბაია პატარაიას თუ არა, თამარ კორძაიას მაინც დაგვისვამს დასავლეთი!..
3 წლის უკან