„ჩვენ თავს მყარად ვგრძნობთ და ამ არჩევნების შემდეგ, დამოუკიდებლად გავაგრძლებთ პოლიტიკურ ცხოვრებას“

„ჩვენ თავს მყარად ვგრძნობთ და ამ არჩევნების შემდეგ, დამოუკიდებლად გავაგრძლებთ პოლიტიკურ ცხოვრებას“

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს. თუმცა, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ადგილობრივი არჩევნები დაგეგმილ დროს ჩატარდება და მისი გადადების საჭიროებას ვერ ხედავენ.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოიციაშიც გამარჯვებისთვის ემზადებიან. ორივე პლატფორმაზე დიდი ციებ-ცხელებაა - წინასაარჩევნო „ქართული ოცნების“ წევრები პარტიას ტოვებენ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდში გადადიან, ოპოზიცია კი კანდიდატებს პარლამენტიდან ასახელებს.

რატომ არ სურს მმართველ გუნდს არჩევნების გადადება, როგორც ხედავენ პანდემიის ფონზე გასამართ არჩევნებს და რატომ ტოვებენ „ქართულ ოცნების“ წევრები პარტიას, ამ კითხვებზე მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გვპასუხობს.

ოპოზიცია საუბრობს, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო უნდა გადაიდოს. რატომ სურს ოპოზიციას არჩევნების გადადება?

- ოპოზიციას არჩევნების გადადება იმიტომ სურს, რომ ხედავს ყველა კვლევების მიხედვით, ამ არჩევნებს აგებს და 2024 წლამდე არანაირი შანსი აღარ ექნება, რომ ხელისუფლება არაკოსნტიტუციური გზით ხელში ჩაიგდოს. აქედან გამომდინარე, ეპიდსიტუაციას იშველიებენ, რომელიც არჩევნებთან პირდაპირ კავშირში არაა და ითხოვენ, რომ არჩევნები გადავდოთ.

„ქართულმა ოცნებამ“ შიდა კვლევები გაასაჯაროვა, ოღონდ მხოლოდ ქუთაისის. რატომ მარტო ქუთაისი და სხვა მუნიციპალიტეტებში კვლევების მიხედვით დაახლოებით რამდენ პროცენტს ელოდებით?

- ქუთაისი ერთ-ერთი რთული საარჩევნო უბანია და ეს გვიჩვენებს თვალნათლივ ტენდეციას, თუ რახდება ამ რეგიონში. ცნობილია, რომ ქუთაისში ადრე ოპოზიციას სერიოზული მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ ეს კვლევა აჩვენებს, რომ ქუთაისში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს. ამას ოპოზიცია ხედავს. „ქართული ოცნების“ გამარჯვება კი ნიშნავს 2024 წლამდე ქვეყანაში სტაბილურ ვითარებას, რაც მათ ინტერესებში არ შედის. სტაბილურ ვითარებაში მათ რევოლუციური სცენარის განხორციელება არ გამოუვათ. აქედან გამომდინარე, ვხედავთ მათ „ნიანგის ცრემლებს“ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

გასულ წელს, როდესაც ასევე რთული ეპიდსიტუაცია იყო, მაშინ იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლებას მიიღებდნენ და კრინტიც არ დაუძრავთ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. შემდგომში, როდესაც მასობრივი მიტინგების მოწყობის მცდელობა ჰქონდათ, სულაც არ გახსენებიათ, რომ პანდემიის გავრცელების საშიშროება არსებობდა. მათი მიზანია, რომ როგორმე ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ. კარგად იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნები მათთვის წამგებიანია, ამიტომ წამოჭიმეს პანდემიიის საკითხი. ეს არჩევნები მოსახლეობას სჭირდება, რადგან მათ უნდა აირჩიონ თავიანთი ქალაქის მერები და მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც კიდევ უკეთ უნდა იზრუნონ მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად.

„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება თუ გაერთიანებული ოპოზიცია, მათი კანდიდატები ძირითადად პარლამენტის წევრები არიან. როგორ ფიქრობთ, რატომ დააყენეს მერობის კანდიდატებად პარლამენტის წევრები?

- არჩევნების გადადებას სწორედ ამიტომ ითხოვდნენ, რადგან მათ ძალიან მწირი საკადრო რესურსი ჰყავთ. მკაფიო პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნიათ, ასევე, ფაქტობრივად, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას წინასაარჩევნო პროგრამა არ აქვს - მოსახლეობას რას სთავაზობენ, არ იციან. ეს პირდაპირ არის ასახული მათ საკადრო სიმცირეზეც. ისინი იძულებულები არიან, პარლამენტის წევრები გამოიყვანონ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. თან, მათი მიზანი არჩევნების მოგება ხომ არ არის, მათი მიზანია, იქნებ, როგორმე „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდეს და ამით, შემდეგ, რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ.

ასევე თქვენგან გვაინტერესებს პასუხი პარტიების შემოწირულობასთან დაკავშირებით. როდესაც აღნიშნულ საკითხზე მასალას ვამზადებდით, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ნაწილს ძალიან მწირი შემოწირულობა აქვს, ნაწილს საერთოდ არა. რა არის ამის მიზეზი?

- საპარლამენტი არჩევნების შემდეგ, იმდენად არასწორი პოლიტიკა აწარმოეს, იმდენად გააბანკროტეს თავიანთი პოზიციები, რომ მოსახლეობაში ნდობა დაკარგული აქვთ. გამოდინარე აქედან, ეს ყველაფერზე აისახება, მათ შორის ბიზნესმენების დამოკიდებულებაზეც. ბიზნესმენებიც ხედავენ, რომ რაიმე პოზიტიური ცვლილების მომტანი ოპოზიცია არ არის. ამიტომ, არც დიდი ინტერესი მათი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსებისა არ არის. საპარლამენტო არჩევნების დროს ეს ინტერესი არსებობდა და ბიზნესმენებიც საკუთარი გემოვნების მიხედვით იღებდნენ ამაში მონაწილეობას. ისევე, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმაც დაინახეს, რომ ეს პოლიტიკური კლასი, რომელიც დღეს ოპოზიციას წარმოადგნეს, უპერსპექტივოა.

ჩვენთნ საუბარში ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ოპოზიცია სექტემბერში დაიწყებს თანხის მობილიზებას, რადგან არჩევნების შემდეგ აქციებისთვის გამოიყენოს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ეს მცდარი მოსაზრებაა. როგორც აქამდე ამბობდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნდა, მით უმეტეს ახლა, ამას არანაირი განვითარების საფუძველი არ ექნება. ოპოზიცია ხედავს, რომ არც საარჩევნო პროცესში შეუძლია შედეგის დადება და არც „გაყალბდა არჩევნები“-ს, ამ უკვე გაცვეთილი ლოზუნგის წინ წამოწევით მიაღწევს რამეს. სწორედ ამიტომ უნდათ არჩევნების გადადება, რათა დრო მოიგონ. მათ პოზიტივი არ გააჩნიათ და ელოდებიან, რომ ქვეყანაში იქნებ რამე ცუდი მოხდეს, რათა შემდგომ მოითხოვონ ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

რადიკალური ოპოზიციასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება გასაგებია, მაგრამ ამის პარალელურად თქვენი გუნდის წევრები გიორგი გახარიას პარტიაში გადადიან. ამას რითი ახსნით?

- ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მარტივ რამესთან საქმე - ეს, რა თქმა უნდა, პარტიის რეიტინგზე არ აისახება და ელექტორალური ეფექტი ამას არ აქვს. ასეთი ვითარებაა - ახალი არჩევნების დროს ყოველთვის ძველი შემადგენლობა ვერ ხვდება ახალ საარჩევნო სიებში. ასეთ შემთხვევაში ზოგიერთ ადამიანს უჩნდება ამბიცია, რომ მას მეტი ეკუთვნოდა, ან არ დააფასეს, ან უფრო მეტი უნდა მიეღო და ა.შ. ამ შემთხვევაში ასეთი ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ახალ პოლიტიკურ სუბიექტს მიეკედლონ.

გიორგი გახარია სხვა ოპოზიციისგან განსხვავებით წინასაარჩევნო კამპანიას ისე აწარმოებს, რომ მმართველ გუნდს არ აკრიტიკებს. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მასთან ითანამშრომლოთ და კოალიცია ჩამოაყალიბოთ?

- საერთოდ, კოალიციის გარშემო არასწორად ხდება ვნებათაღელვის წამოჭრა. პირველ რიგში, კოალიცია თუ შეიქმნება, ეს უნდა იყოს ამომრჩევლის გადაწყვეტილება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არჩევნების წინ გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სათადარიგო პროექტი არ არის. ის ამით მის საარჩევნო ყულაბაში დამატებით კრედიტს ვერ მიიღებს. ზოგადად, ჩვენ თავს მყარად ვგრძნობთ და ამ არჩევნების შემდეგ, დამოუკიდებლად გავაგრძლებთ პოლიტიკურ ცხოვრებას.

საპარლამენტო არჩევნებიც ეპდვითარების ფონზე ჩატარდა, თუმცა, კოვიდინფიცირებულებს საავადმყოფოებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ გადასატანი ყუთის მეშვეობით. ახლაც იგივე განმეოდება?

- ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი ნების გამოხატვა.