გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა პირობა დადო, რომ პოლიტიკური რყევის მიუხედავად, გაერო ავღანეთში დარჩება.
„გაერო ავღანეთის ხალხისთვის და მასთან ერთად ათწლეულების განმავლობაში მუშაობს. ჩვენ ქვეყანაში დავრჩებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, როგორც პერსონალის უსაფრთხოებისთვის, ასევე ავღანელი ხალხისთვის, რომელიც ასე დაზარალდა“, - დაწერა გაეროს გენერალურმა მდივანმა Twitter-ზე.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.