მიშელი 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას ელის, „ოცნება“ 43%-იან დათქმისკენ მოხედვას არ აპირებს, პოლიტოლოგებს კი ლოგიკა სხვას კარნახობს...

მიშელი 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას ელის, „ოცნება“ 43%-იან დათქმისკენ მოხედვას არ აპირებს, პოლიტოლოგებს კი ლოგიკა სხვას კარნახობს...

დაუბრუნდება თუ არა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს და არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ კვლევების შემდეგ მმართველმა გუნდმა 43%-იანი ჩამკეტი ისევ აღადგინოს? არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი, რომლითაც ევ-როკავშირი მმართველ გუნდს მის შესრულებას აიძულებს? ლოგიკას თუ გავყვებით, გამორიცხული არაა, მისი შესრულება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ხელისუფლებას უფრო აწყობდეს, ვიდრე ოპოზიციას. საქმე ისაა, რომ აგვისტოში გამოქვეყნებული ყელა კვლევის მიხედვით „ოცნება“ 43%-იანი ბარიერის გადალახვას ახრეხებს, ოპოზიცია კი იმდენად სავალალოდ გამოიყურება, რომ პირიქით, მათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში პარლამენტთან დამშვიდობება მოუწევთ.

ოპოზიცია ამბობს, რომ უკრაინაში კარს მიღმა შეხვედრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს დოკუმნეტის შესრულება მოსთხოვა. თუმცა ღარიბაშვილი ამბობს, რომ პირიქით, მან შეძლო და მიშელი დაარწმუნა, რომ დოკუმენტით მოცემული რეფორმების ნაწილი უკვე შესრულებულია და ხელისუფლება დარჩენილსაც აუცილებლად შეასრულებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით“, - აღნიშნული შინაარსის განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერში“ მას შემდეგ დაწერა, რაც კიევში პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშილს შეხვდა.

კიევში აღნიშნულ შეხვედრას „ტვიტერში“ ღარიბაშვილიც ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დანარჩენ მნიშვნელოვან რეფორმებზე მუშაობას მტკიცედ ვაგრძელებთ“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტს არაფრის ფასად არ დაუბრუნდება. შესაძლოა, გარკვეული შეთანხმებები, რაც დოკუმენტშია მოცემული შეასრულონ, მაგრამ 43%-იან დათქმას აღარ დაუბრუნდებიან. ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ბევრი რამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული. თუკი „ოცნება“ შეძლებს და საერთაშორისო დამკვირვებლები იტყვიან, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რამაც ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულოს. მისი აზრით, მმართველი გუნდი დასავლეთთან მუშაობს, რათა ისინი დაარწმუნონ, რომ რეფორმებს გაატარებენ და არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

„საქმე ისაა, რომ ხელისუფლება 43%-იან ბარიერს არ დაუბრუნდება. დიდი ალბათობით, ასეთ რამეს ხელისუფლებას ვერავინ და ვერაფერი აიძულებს, გარდა არჩევნების  არადემოკრატიულად ჩატარებისა. თუკი თვითმმართველობის არჩევნებმა კარგად ჩაიარა, „ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა და არჩევნებიც არ გაყალბდა, ევროპა აქეთ ოპოზიციას ეტყვის - რა პრეტენზიები გაქვთ, ხალხს თქვენ არ უნდიხართ და მორჩაო. ანუ ბერკეტი, რომ „ოცნებაზე“ ამერიკამ და ევროპამ ზეწოლა მოახდინოს, აღარ იარსებებს. მართალია, დასავლეთში დოკუმენტის ანულირების შემდეგ ხელისუფლებას ავტორიტეტი გაუფუჭდა, მაგრამ საქართველოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუკი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

არ ველი, რომ არჩევნებამდე ევრკავშირმა დახმარება შეგვიმციროს ან რამე მსგავსი. მგონია, პირიქით - „ოცნება“ მათ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს - ეტყვის, რომ „ნაციოანლების“ გამო ქვეყანას წირავენ და თავად ისევ მართლები გამოჩნდებიან. ხელებს ენმ-ზე შეიწმენდენ და, რა თქმა უნდა, ამაში ოპოზიციაც არიან დამნაშავე, რომ მმართველ გუნდს ამის საბაბი მისცა, მაგრამ თუ უნდოდათ მიზეზს მაინც ნახავდნენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

რამაზ საყვარელიძეს კი პირიქით მიაჩნია, რომ თუკი საჭირო გახდება და ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, „ოცნება“ იძულებული იქნება, შარლ მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდეს. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს, შესაძლოა, ფინანსური დახმარების შეჩერება იყოს, ხოლო გრძელვადიანი ის იქნება, რომ „ოცნებას“ დასავლეთში სახელი გაუტყდება. თუმცა ამხელა რისკზე, სავარაუდოდ, მმართველი გუნდი არ წავა.

„ჩვენ არ ვიცით, შარლ მიშელმა და ირაკლი ღარიბაშვილმა დახურულ კარს მიღმა რაზე ისაუბრეს, თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ ევროკავშირი დოკუმენტში მოცემული პირობის შესრულებას ელის. ფაქტია ისიც, რომ ნაწილობრივ რაღაცეები სრულდება, თუმცა ევროკავშირი მხოლოდ ნაწილის შესრულებას არ დასჯერდება. რა თქმა უნდა, წაინასაარჩევნოდ არ უნდათ უფრო მკაცრი გზავნილები, მაგრამ სხვადასხვა მხრიდან გარკვეული გაფრთხილებები ისმის. ადრეც და ახლაც სწორედ ფინანსური დახმარების ხაზი დაკონკრეტდა.

ხელმოწერილი დოკუმენტი რომ უნდა შესრულდეს, ეს ძირითადად, „ქართულ ოცნებას ეხება, რადგან ევროკავშირი სესხს სახელმწიფოს აძლევს და არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ასე რომ, ამ ფრაზის ადრესატი სახელმწიფოს წარმომადგენელი პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნებაა“. ფაქტია, რომ შარლ მიშელს ეს დოკუმნეტი და შეთანხმება მივიწყებული არ აქვს. მან ამაზე დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ განცხადება გააკეთა და დახურულ კარს მიღმა პრემიერთან უფრო კონკრეტული საუბარი ექნებოდა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაზე დაბრუნება ხელისუფლებისთვის წამგებიანი სულაც არ არის, პირიქით - ზუსტად, ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს რიგგარეშე არჩევნები ახლა ჩატარდეს, რადგანაც ისინი იმ ხმების ნახევარს აიღებენ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აიღეს. ასეთი პრობლემის წინაშე კი „ოცნება“ არ დგას. კვლევები აჩვენებს, რომ ის 43%-ის აღებას, გიორგი გახარიას გამოჩენის მიუხედავად, მაინც შეძლებს.

„ჩემთვის დღემდე გაუგებარია ხელშეკრულების მიმართ „ოცნებას“ ასეთი შიში რატომ გაუჩნდა. ზოგადად, ანულირებას აკეთებ ისეთი რამისას, რაც საფრთხის შემცველად მიგაჩნია და ამ შედეგების ფონზე იმ ხელშეკრულების რატომ ეშინოდათ, ვერ გეტყვით. პირიქით, ოპოზიციას არ უნდა უნდოდეს ახლა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ყველა ცუდ დღეშია, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები ოპოზიციას აქვს.

43%-იანი დათქმა რომც წააგონ და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ოპოზიციას იმდენად სუსტია, რომ მაინც მნიშვნელოვნად გამარჯვებული ისევ „ქართული ოცნება“ იქნება, მომავალ პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ და „საქართველოსთვის“ გარდა ვერავინ შევა. ასე რომ, ამ გათვლის მხრივაც გაუგებარია მათი პოზიცია. იმდენი გაუგებრობაა დაგროვილი, რისკებიც არის და „ოცნება“ რატომ რისკავს, ძნელი ასახსნელია“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

petrekupry „ნაციონალური მოძრაობა“ - პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევით, „ქართული ოცნება“ 35%-ზე მეტს ვერსად აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში მარცხდება - ამას აცხდებენ არჩევნებამდე 40 დღით ადრე, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია პირწმინდად მარცხდება, ახლა თუ 35 % აქვს ოცნებას, დარჩენილ დროში სულ ცოტა 15 %-ს მაინც მოამატებს ....
3 წლის უკან