ოპოზიციური პარტიების შემოწირულობები იმდენად მწირია

ოპოზიციური პარტიების შემოწირულობები იმდენად მწირია

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა და პოლიტიკური პარტიებიც წინასაარჩევნოდ გააქტიურდნენ - დაიყეს მოქალაქეებთან შეხვედრა, სარეკლამო რგოლების გადაღება, მერობისა თუ მაჟორიტარობის კანდიდატების სურათების ბილბორდზე გაკვრა და ა.შ. ამ ყველაფერში პოლიტიკური პარტიები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ. თუმცა, ისმის კითხვა - საიდან აქვთ მათ თანხები?! –

აუდიტის ვებ-გვერდზე დეტალურად არის აღწერილი ამა თუ იმ პარტიას ვინ რა რაოდენობის თანხა შესწირა. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ციფრებმაც, რომ არ დაგაბნიოთ, მხოლოდ ივლისი-აგვისტოს შემოწირულობას დავჯერდეთ.

შემოწირულობასთან დაკავშირებით, ლიდერობას არ თმობს „ქართული ოცნება“. მმართელმა გუნდმა ივლისი-აგვისტოს თვეში შემოწირულობით 3 172 000 ლარი მიიღო.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, თუკი გასულ წლებში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას საკმაოდ დიდი შემოწირულობა ჰქონდა, როგორც ჩანს, მის პარტიას დახმარების ხელს აღარ უწვდიან. ნაციონალებმა ივლისი-აგვისტოს თვეებში შემოწირულობის სახით სულ რაღაც 44 336 ლარი მიიღეს. ამ თანხიდან კი ყველაზე მეტი 10 ათასი ლარი ალინა არველაძემ გაიმეტა.

„ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტი თანხა მიიღო „ევროპულმა საართველომ“. გიგა ბოკერიას პარტიამ „დახმარების“ სახით 48 830 ლარი მოაგროვა. აქედან ორჯერ თამარ ჩერგოლეიშვილმა 14-14 ათასი ლარი ჩარიცხა, ხოლო ლევან სუთიძემ კი 10 ათასი ლარი გაიმეტა. 10 ათასი ლარი ჩაურიცხა პარტიას ლევან ლეკვიაშვილმაც.

ექს-პრემიერ, გიორგი გახარიას მიერ ახლად შექმნილმა პარტია „საქართველომ“, ამ მხრივ „ნაციონალებსაც“ და „ევროპელებსაც“ აჯობა. გახარიას პარტიამ ორ თვეში შემოწირულობის სახით 250 839 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში შედის, პარლამენტის წევრის, აწ ყოფილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ გადარიცხული 20 ათასი ლარიც. ყველაზე მეტი ექს-პრეიერის პარტიას ეკატერინე ვეფხვაძემ ჩაურიცხა, რომელმაც პირველ ჯერზე 30 ათასი, მეორედ კი - 23 ათასი ლარი ჩარიცხა. 20 ათასი ლარით შეეწია პარტიას შალვა ხარგულია.

საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომდგენელმა პარტია „ლელომ“ შემოწირულობის სახით 216 ათასი ლარი მიიღო. ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიას, სწორედ მისმა მოგვარემ ნიკა ხაზარაძემ შესწირა 45 ათასი ლარი. თუმცა, ფიზიკური პირის გარდა, ხაზარაძის პარტიამ შპს „მეგაკომისგანაც“ მიიღო 50 ათასი ლარი.

ეს ის პარტიებია, რომლებმაც ფულადი თანხა მიიღეს, ზოგმა მილიონობით, ზოგიც ათასებს დასჯერდა, მაგრამ არიან პარტიები, რომლის ხაზინაშიც ამ ორი თვის განმავლობაში ერთი თეთრიც კი არ გადარიცხულა. ასეთებია: „ლეიბორისტური პარტია“, „გირჩი“ და „სტარტეგია აღმაშენებელი“.

For.ge ასევე დაინტერესდა, აღნიშნულმა პარიტებმა წინასაარჩევნო რეკლამებში რამდენი დახარჯეს. აუდიტის ოფიციალური გვერდის ცნობით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიები, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია რეკლამებისთვის სოციალურ ქსელსა და ბილბორდებს იყენებენ. თუმცა, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ რომელმა პარტიამ რა თანხა დახარჯა სოციალურ ქსელში რეკლამებისთვის, ან ბილბორდებისთვის.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ოპოზიციის ყულაბა საკმაოდ ღარიბულად გამოიყურება. რასთან გვაქვს საქმე - ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება, ვინაიდან მარცხს წინასწარ შეგუებულია და ფინანსების ხარჯვას საჭიროდ არ მიიჩნევს, თუ ბიზნესი საბოლოოდ განუდგა მუდმივად წამგებიან პოზიციაში მყოფ ოპოზიციას?

for.ge-მ ამ კითხვებით ანალიტიკოსებს მიმართა.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე ოპოზიციის მიმართ შემოწირულობის სიმწირეს იმით ხსნის, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ, ხოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაგროვილ თანხებს ზოგავენ.

„როგორც წესი, თვითმმართველობის არჩენებზე ისეთი თანხების მობილიზება არ ხდება ხოლმე, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. რეფერენდუმის თემა. მეორე მხრივ, აქამდე 4%-ანი ბარიერი გვქონდა, ხოლო ახლა დედაქალაქში 2,5%-იანი ბარიერია, სხვა მუნიციპალიტეტებში კი 3%-იანი, ანუ, საარჩევნო ბარიერმა დაიწია. იგივე საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ შანსი, რომ მოხვდნენ დედაქალაქისა თუ სხვა მუნუციპალიტეტების საკრებულოებში. ამიტომ, როგორც ჩანს, ისინი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არ არიან და ამის გამო თვითმმართველობის არჩევნებს არ ანიჭებენ ისეთ მნიშვნელობას, რომ გარკვეული თანხები დახარჯონ. თუმცა, ცნობილია, რომ 14 სუბიექტს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, მათ დაფინანსება აქვთ და ასევე აქვთ უფასო სარეკლამო დროც. როგორც ჩანს, ამ უფასო პოლიტიკურ დროს გამოიყენებენ რეკლამებისთვის. ფინანსების ნაწილსაც, რომელიც მათ ერიცხებათ, ან აქამდე ჰქონდათ მობილიზებული, უფრო ეკონომიკურად დახარჯავენ, რადგან მათ არ აქვთ საკუთარი თავის იმედი, რომ საკრებულოებში მოხვდებიან. თქვენ იცით, რომ ამ პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების დროს საკმაოდ დიდი თანხები შეაგროვეს და ახლა თავის მხარდამჭერებს და სპონსორებს თანხებს არ სთხოვენ“, - გვითხრა ლადო ბოჟაძემ.

ექსპერტი გია აბაშიძე კი თვლის, რომ ოპოზიცია შემოწირულ თანხებს სექტემბრიდან მიიღებს და ამ თანხას არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებისთვის გამოიყენებს, რომლისთვისაც ისინი ემზადებიან.

„პოლიტიკური გზავნილებიდან, რომელიც ჩვენ ნაციონალებიდან და მათი მოკავშირეებიდან გვესმის, მთელი მზადება 3 ოქტომბრის დღისთვის მიმდინარეობს, როდესაც გამოაცხადებენ თავიანთ მოძველებულ ლოზუნგს - „არჩევნები გაყალბდა“, „არჩევნები მიიტაცეს“. ამაზე კიდევ უფრო მეტად მეტყველებს ისიც, რომ მათ უღიმღამო, არაფრის მთქმელი კანდიდატები წამოაყენეს. ადამიანური რესურსები ვერ გამონახეს და მერების კანდიდატებად მთლად პარლამენტის წევრები წარადგინეს. ასევე, დავაკვირდეთ, რომ საარჩევნო კამპანია, რომელსაც „ნაცოპოზიცია“ აწარმოებს, არაფრისმთქმელია, გარდა კრიტიკისა. ჩვენ ვერც ერთ პროგრამას ვერ ვხედავთ, თუ რა იქნება ლანჩხუთის, ფოთის, თელავის მუნიციპალიტეტებში, თუკი მათი კანდიდატი გაიმარჯვებს. მხოლოდ სადრეგრძელოებია, ასე რომ ვთქვათ, მხოლოდ საკუთარი თავის ქებაა და ვხედავთ მხოლოდ მმართველი გუნდის კრიტიკას - მეტს არაფერს.

ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ ცესკოს ისევ უნდობლობას უცხადებენ, როგორც 2020 წელში. ამ უნდობლობის დროს, სიყალბეში შემჩნეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვგულისხმობ „სამართლიან არჩევნებს“, დეზინფორმაციას ავრცელებენ, რათა ცესკოს სახელი გაუტეხონ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში კეთდება იმისათვის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები გაყალბების დღედ გამოაცხადონ.

რაც შეეხება ფინანსებს, ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ კვლავ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ მავნებლური კამპანია უცხოეთში, როდესაც პენსიაზე გასული და აწ უკვე მკვლევარი ელჩები აქვეყნებენ დეზინფორმაციულ, არასწორ მასალას საქართველოს ე.წ. გადახვევაზე ევროატლანტიკური სივრციდან. ისინი სააკაშვილის პარტიის დაკვეთით 9 წელია ამას აქვეყნებენ, მაგრამ საქართველოს კურსი ურყევია და უფრო სიღრმეებში მიდის. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ქართული საზოგადოებისთვის განმეორდება 2020 წლის პოლიტიკური ვითარება, როდესაც სუსტი და დესტრუქციული კანდიდატები გამოაცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდაო“, - განუცხადა გია აბაშიძემ for.ge-ს.

პარტიების შემოწირულობასთან დაკავშირებით, კოლეგებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს, ექსპერტ, ნიკა ჩიტაძეს. მისი თქმით ბიზნესმენებს თუ დიდ კომპანიებს ოპოზიციისთვის თანხის ჩარიცხვა ეშინიათ, რადგან შესაძლოა, მათ ხელისუფლებამ ავნოთ.

„შემოწირულობებთან დაკავშირებით, საქმე გვაქვს იმასთან, რომ სამეწარმო სუბიექტები, პირველ რიგში, ცდილობენ მმართველი პარტიის გულის მოგებას, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში უკეთესად არიან. შეიძლება რაღაც შიშიც აქვთ, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, მათ ბიზნესს პრობლემა შეექმნებათ. პლუს, არის ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც იგებს ტენდერებს და შემდეგ იღებს ვალდებულებას, რომ შემოწირულობები გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს ოფიციალურად არსად არ ჩანს, მაგრამ პირადული შეთანხმება იქნება“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

Lolo47 ჩიტაძე: - „შემოწირულობებთან დაკავშირებით, საქმე გვაქვს იმასთან, რომ სამეწარმო სუბიექტები, პირველ რიგში, ცდილობენ მმართველი პარტიის გულის მოგებას, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში უკეთესად არიან. შეიძლება რაღაც შიშიც აქვთ, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, მათ ბიზნესს პრობლემა შეექმნებათ. პლუს, არის ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც იგებს ტენდერებს და შემდეგ იღებს ვალდებულებას, რომ შემოწირულობები გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს ოფიციალურად არსად არ ჩანს, მაგრამ პირადული შეთანხმება იქნება“.
მოაშორეთ ეს მიშათმავალი ვითომ ექსპერტი თქვენს საიტს. არ გეკადრებათ მისი კრეტინული ანალიზების გამოქვეყნება! მისთვის და მისნაირებისთვის არის უამრავი საიტ-კანალიზაციები. ჰოდა იქ გადმოაფრქვიოს თავისი სექტანტური „აზრები“!
3 წლის უკან
გოგი ჩიტაძე-ექსპერტი? მაინტერესებს რატომ ეკითხებით აზრს ამ დეგენერატს? რომელია მისი ყველაზე უკეთესი ექსპერტული შეფასება, რომელმაც ერთ კვირას თუ არა სამ დღეს მაინც გაუძლო?
3 წლის უკან