ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ემუქრება

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ემუქრება

სულ უფრო იძაბება ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე. მუქარის შემცველი ბოლო განცხადების თანახმად, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ გააკეთა, ის მზად არის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშების მისატანად. ეს მუქარა მოჰყვა ფხენიანისვე განცხადებას, რომ „შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ომი დაიწყოს“. ექსპერტების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეას არ შესწევს უნარი ამერიკის კონტინენტს მისწვდეს, თუმცა მის მუქარაში მაინც ხედავენ მწვავე საფრთხეს.

ჩრილოეთ კორეა აცხადებს, რომ მზად არის აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშებისათვის, რომლებიც მიმართული იქნება როგორც ამერიკის კონტინენტზე, ისე წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ კორეაში მდებარე ბაზების წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩონ ინმა ხუთშაბათს გვიან მოაწერა ხელი განკარგულებას, კორეის ნახევარკუნძულზე შეერთებული შტატების „სტილსის“ ტიპის ბომბდამშენების გადაფრენის საპასუხოდ. „დროა ანგარიში გავასწოროთ ამერიკელ იმპერიალისტებთანო“ - ეს ფრაზა, როგორც სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორმა აღნიშნა, ეკუთვნის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს.

„კიმ ჩონ ინმა, საბოლოოდ, ხელი მოაწერა კორეის სახალხო არმიის სტრატეგიული რაკეტების ტექნიკური მომზადების გეგმას და არმიას დაავალა მზად იყოს სროლის დასაწყებად, რათა შეეძლოს ნებისმიერ დროს მიაყენოს დარტყმა შეერთებული შტატების კონტინენტურ ნაწილს, მის სამხედრო ბაზებს წყნარი ოკეანის რეგიონში, ჰავაისა და გუამის ჩათვლით, და ბაზებს სამხრეთ კორეაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი კითხულობდა.

შემართება, რომელიც ამ განცხადებაში ჟღერდა, ფხენიანში პარასკევს გამართულ დემონსტრაციაზეც გამოიხატა, როცა ათიათასობით ჩრდილოეთკორეელმა ჯარისკაცმა და სამოქალაქო პირმა ქვეყნის ლიდერს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა.

სამხრეთ კორეაში, ბუნებრივია, ყურადღებით აკვირდებიან ჩრდილოეთის თითოეულ ნაბიჯს. სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპი“, სამხედრო წყაროებზე მითითებით, იუწყება, რომ ბოლოხანს შეინიშნება ჯარისკაცებისა და ავტომანქანების გააქტიურებული გადაადგილება ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ობიექტებზე. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა კიმ მინ სეოკმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და შეერთებული შტატები საეჭვო ობიექტებს აკვირდებიან:

„სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების დაზვერვის თანამშრომლები ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩრდილოეთ კორეის მზადყოფნას მოკლე, საშუალო და გრძელ რადიუსში მოქმედ რაკეტებთან მიმართებით - როგორიც არის სკადის, როდონგისა და მუსუდანის ტიპის რაკეტები“.

ხუთშაბათს, პენტაგონში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა ისაუბრა. ის შეეხო ფხენიანის აგრესიული განცხადებების ერთ-ერთ მიზეზს - ამერიკული “სტილსის“ ტიპის ბომბდამშენების მონაწილეობას სამხრეთ კორეაში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში. ჰეიგელის განმარტებით, ბომბდამშენების ჩართვა „ნორმალური წვრთნების“ შემადგენელი ნაწილი იყო. რაც შეეხება ფხენიანის მუქარაზე გამოხმაურებას, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კითხვის ნიშანი ბევრია, მაგრამ ვაშინგტონი სერიოზულად ეკიდება ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერის ყოველ პროვოკაციულ, აგრესიულ სიტყვასა და ქმედებას“.

„ჩვენ გასაგები უნდა გავხადოთ, რომ ჩრდილოეთის ამ პროვოკაციებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და მათ ვუპასუხებთ“ - ასეთია ვაშნიგტონის ოფიციალური პოზიცია.

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ გასულ თვეში ჩაატარა მორიგი - მესამე -ბირთვული გამოცდა და საპასუხოდ გაერომ გაამკაცრა მის წინააღმდეგ მიმართული სანქციები. თუ რამდენად დაძაბულია ვითარება, ამას ცხადყოფს ფხენიანში ოთხშაბათს გაკეთებული განცხადება, რომ „შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ომი დაიწყოს“.

თუმცა ფხენიანის მუქარა, ნაწილობრივ მაინც, ფარსად აღიქმება, რადგან ჩრდილოეთ კორეას არ გააჩნია სამხედრო პოტენციალი საიმისოდ, რომ, როგორც აცხადებს, დარტყმა მიაყენოს ამერიკის კონტინენტს ან თუნდაც აშშ-ის სამხედრო ბაზებს წყნარ ოკეანეში.