„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც წააგებინებს ოპოზიციას, ეს არის მათი მოწოდება: ჯერ დავამხობთ და მერე ავაწყობთ - მათი სტრატეგია აცდენილია საარჩევნო პროფილს“

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც წააგებინებს ოპოზიციას, ეს არის მათი მოწოდება: ჯერ დავამხობთ და მერე ავაწყობთ - მათი სტრატეგია აცდენილია საარჩევნო პროფილს“

მმართველი პარტია მორიგ შიდაპარტიულ კვლევას აქვეყნებს. ამჯერად „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პარტიის და კანდიდატის შანსები ქუთაისში გაარკვია. კვლევაში

მონაწილეობა 987 რესპოდენტმა მიიღო, რომლის მიხედვით ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით. რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა - „ნაციონალური მოძრაობა“ 32.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3.1%; პარტია „საქართველოსთვის“ - 2.9%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2.6%; „გირჩი მეტი თავისუფლება“ - 2.5%; „ლელო“- 2.3%; „ევროპული საქართველოსთვის“- 2.2%; „მოქალაქეები“ - 1.5%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%; „გირჩი“ - 0.4%; „ერთიანი საქართველო“ -0.4%; სხვა პარტიები- 3.3%.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტი გადალახავს. მისი თქმით, 28 მანდატი გადანაწილდება შემდეგნაირად - „ქართული ოცნება“ - 16 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ - 11, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ - 1 მანდატი. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს - „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი - 50.3%; „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე - 37.8%; სხვა დანარჩენები- 11.9%.

„როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ყველანაირი მონაცემი იმის, რომ პირველივე ტურში მერობის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ასევე, თუ გავითვალისწინებთ პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ 7-ივე მაჟორიტარს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ქუთაისის საკრებულოში დიდი უპირატესობა ექნება. თუმცა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული 2 ოქტომბერს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ და

აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს შიდა კვლევები, რომელსაც პარტია ეტაპობრივად გაასაჯაროვებს. მისი თქმით: „კვლევის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში დამაჯერებლად ლიდერობს“.

მმართველი პარტიის კვლევას არ ედობა „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი სერგო ჩიხლაძე, რომლის განცხადებით, თუ ამხელა პროცენტები აქვს, მაშინ „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? ჩიხლაძე აღნიშნულ კვლევას არასანდოს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი წინასაარჩევნოდ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა.

„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევებს, სანდოობა, რა თქმა უნდა, არ აქვს. ეს არის წინასაარჩევნო მცდელობა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ მოსახლეობაზე. წერენ პროცენტებს, რომელიც მათ აწყობთ. მანამდე ჩვენ ვნახეთ, თბილისზე იყო ანალოგიური კვლევა, სადაც 60%-ზე მეტი დაიწერეს. ეს სანდოობას არ იწვევს. კითხვა დავსვათ, თუ ამხელა პროცენტები აქვთ, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? გავიდა იმიტომ, რომ არ ჰქონდათ 43%. არც ერთი კვლევით, მათ შორის საერთაშორისო კვლევებით, გარდა იმისა, რასაც „ქართული ოცნება“ უკვეთავს, არც ჩვენი და სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტიის კვლევებით 30%-ზე მეტს ვერ აგროვებს. არანაირი ნდობა ამ კვლევას არ აქვს“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნებას“ ასეთი კვლევებით თავს იტყუებს და ამით ცდილობს მოქალაქეების დათრგუნვას.

„ჩვენი მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევაში ვნახავთ მათ კიდევ ერთ კრახს, როგორც ბევრჯერ გვინახავს მათი მხრიდან ეგზიტპოლებით გამოცხადებული გამარჯვებები უზარმაზარი ცდომილებით. რატომ? იმიტომ, რომ თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, მაგრამ რეალობა ამის საპირისპიროა.

„ჩვენი მოქალაქეების ხელშია მომავალი, მათი აქტიურობის შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია. არა რომელიმე პარტიის, არამედ საზოგადოების ამოცანაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი შეიცვალოს. ამიტომ, მოქალაქების აქტიურობა ამისთვის წერტილის დასმა იქნება. ეს ყველაფერი არა პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის ხელშია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კვლევითაც კი დასტურდება, რომ პარტია ქუთაისში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ჩემთვის ეს იყო პირველი ინდიკატორი იმის, რომ ქუთაისში „ქართულ ოცნებას“ ძალიან, ძალიან მძიმე და რთული სიტუაცია აქვს. ამ კვლევითაც კი დასტურდება, რომ ქუთაისში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. პირველი - გაიმარჯვებს მერობის კანდიდატი, მეორე - ვერავითარ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43%-ს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცხადია, რომ ყველა პარტია ცდილობს, სათავისო კვლევები ჩაატაროს, მაგრამ პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სრულიად ლოგიკურად დგას საკითხი, რომ პარტიული კვლევები იძლევა იმის სურათს, რომ ასეთი კვლევები შეიძლება სანდო არ იყოს. მისი თქმით, დასავლეთში სოციოლოგიურ კვლევებს პარტიის ნაცვლად მასმედია აკეთებს, რომლის ინტერესშია მოიზიდოს მკითხველი, ან მაყურებელი.

„ერთ ხანს „რეზონანსი“ და „ალია“ ატარებდა ასეთ კვლევას. მერე გაჩუმდა მასმედია, თითქოს ეს მას არ ეხება. თითქოს ახლაც ატარებს მასმედია პოლიტიკურ კვლევას, მაგრამ აქ კიდევ შემოიჭრა მეორე საკითხი - სანდო არის თუ არა მესმედიის გაკეთებული კვლევა? საქმე ისაა, რომ ჩვენთან თვითონ მასმედია გახდა პარტიული კუთვნილების საგანი და თავად მასმედიის ობიექტურობა დადგა ეჭვქვეშ. ამიტომ, ეს გზაც, რომ კვლევა მასმედიამ გააკეთოს, დიდად დამაჯერებლად არ გვეჩვენება. თუმცა, თბილისის მერად მოსახლეობას რომ კალაძე უნდა, ეს ფიგურირებს როგორც ნაციონალების, ისე „ოცნების“ ჩატარებულ კვლევებში, ამიტომ უნდა ივარაუდოთ, რომ ეს კვლევა სანდოა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაში არის საინტერესო დეტალი - პიროვნებებს და პარტიებს სხვადასხვა რეიტინგი აქვთ. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ეს თავისთავად საინტერესო მოვლენაა და სავარაუდოს ხდის, რომ ენდო კვლევას.

„კვლევამ დადო სურათი, რომლის მიხედვით კანდიდატს შეიძლება უფრო მეტი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე პარტიას. ეს ნიშნავს, რომ ისინი პიროვნულად იღებენ უფრო მეტ ხმას, ვიდრე მათი პარტიული კუთვნილების გამო. როცა პარტია ასეთ წამგებიან სურთას დებს, რა თქმა უნდა, ეს უფრო სანდოა. რეგიონი მოქმედებს პრაგმატულად. ცდილობს ხმა მისცეს იმ ადამიანს, ვისაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქვს კავშირები, ვინაიდან ჩვენთან რეგიონებს თავიანთი ბიუჯეტი საკმაოდ სუსტი აქვთ. ამიტომ, ცენტრალური ბიუჯეტიდან ვისაც შეუძლია სახსრების წამოღება, იმ ადამიანს უჭერენ მხარს.

რატომ? - პრაგმატული მოსაზრებების გამო. აი, ასეთი ლოგიკის ფონზე, რა თქმა უნდა, დიდი შანსია, რომ „ქართული ოცნება“ რეგიონებიდან უფრო მეტ ხმას აიღებს, ვიდრე ოპოზიციური პარტიები. ამას ემატება ისიც, რომ თვითონ ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ არასწორი სტრატეგიით. მაგალითად, ეს არის რეფერენდუმი, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას. კი, მაგრამ ადგილზე მყოფ ადამიანს აქვს მაგის ინტერესი, რომ ხელისუფლება შეცვალოს? ოპოზიცია ამომრჩეველს ეუბნება შემდეგს - ჩვენ მომავალ საქართველოზე ვიზრუნებთ, მაგრამ როგორ იზრუნებენ, ეს არ ჩანს. ოპოზიცია ამბობს - ჯერ დავამხობთ და მერე ავაწყობთო, მათი სტრატეგია აცდენილია საარჩევნო პროფილს. მე მგონია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც წააგებინებს ოპოზიციას არჩევნებს ეს არის ოპოზიციის მოწოდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.