საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი თანამდებობის დაკარგვას „გადაურჩა“. ნაციონალებმა მისი გადაყენება მოითხოვეს, შემდეგ, საკითხის კენჭისყრაზე გამოტანისთანავე გადაიფიქრეს და სამადაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა. კანონის თანახმად, მისი გადაყენების საკითხს სამი თვის განმავლობაში საკრებულოს ვერც ერთი ფრაქცია ვეღარ დააყენებს. ნაციონალებს ეს იდეა იმიტომ გაუჩნდათ, რომ უმცირესობა სამადაშვილის გადაყენების საკითხს ამზადებდა და ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებდა, ამ საკითხს კენჭისყრაზე დააყენებდა. მოკლედ, ნაციონალებმა დაასწრეს და სამადაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობა სამი თვით გაუხანგრძლივეს.
მოკლედ, ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა სამადაშვილს თანამდებობაზე დარჩენა მიულოცეს და „სკამის მშვიდობაში მოხმარება“ უსურვეს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას განცხადებით, ზაალ სამადაშვილმა თანამდებობა 90 დღით უბადრუკად შეინარჩუნა.
ზაზა გაბუნიას თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენებაზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ ტაბლოზე გამოჩნდა, რომ ეს ყოველივე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი ფარსი იყო. ეს ფაქტი ითვალისწინებდა არა ვინმეს გათავისუფლებას, არამედ, ზაალ სამადაშვილისათვის 90 დღით თანამდებობის უბადრუკად შენარჩუნებას. გაბუნიას თქმით, ეს გადაწყვეტილება "ნაციონალურმა მოძრაობამ" პანიკური შიშის გამო მიიღო, რათა არ დაეკარგა ხელისუფლება საკრებულოში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ დედაქალაქის მერისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების შეჩერებასა და მისი უფლებების თბილისის საკრებულოსთვის დელეგირებას გეგმავს. მაჭავარიანის განმარტებით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში უმრავლესობა ეყოლება. სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს თბილისის ხელში ჩასაგდებად.
ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, თუმცა თბილისის მერი გიგი უგულავა მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს საკრებულოზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
„ამ 26 ადამიანს ებრძვის ცენტრალური მთავრობის მთელი სისტემა, უმრავლესობა და მისდა სამწუხაროდ, პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, ვფიქრობ, ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ძალიან ღირსეულმა ადამიანმა, ზაალ სამადაშვილმა, რომ დამდგარიყო მისი ნდობის საკითხი. ვულოცავ მას და თბილისელებს, რომ იგი დარჩა საკრებულოს თავმჯდომარედ. რაც შეეხება შიხიაშვილის ოცნებების ასრულებას, ეს პროცესი, ალბათ, სულ მცირე, სამი თვით გადაიწევს“, - აღნიშნა უგულავამ.
თბილისის საკრებულომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი, რომელშიც პირველ საკითხად ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი იყო შეტანილი, 24 კაციანი კვორუმით დაამტკიცა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება თავად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, დღეიდან სამი თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ვერ დადგება.
საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ წევრი მაკა გვარამია გვესაუბრება.
ქალბატონო მაკა, სამადაშვილის თემამ დღეს დიდი ხმაური გამოიწვია, რეალურად რა მოხდა საკრებულოში?
- არაფერი იმისგან განსხვავებული არ მომხდარა, რასაც მთელი 9 წელი აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო კიდევ ერთი დადგმული სპექტაკლი, რაც იმისთვის მოაწყეს, რომ ზაალ სამადაშვილს კიდევ სამი თვით გაეხანგრძლივებინა საკრებულოს თავმჯდომარეობა და ვერ მოგვეხერხებინა მისი გადაყენება. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა ეს იმ 9-წლიანი სერიალის გაგრძელებაა, რასაც ყოველდღიურად ვუყურებდით.
ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში იდგა?
- დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დადგებოდა ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი, ინიციატივა, ალბათ, ჩვენგან წამოვიდოდა. ამ სპექტაკლის მოწყობით მათ გაახანგრძლივეს მისი ლეგიტიმურობა.
რის საფუძველზე შეიძლებოდა დამდგარიყო სამადაშვილის გადაყენების საკითხი?
- ეს ადამიანები ხვალ თუ ზეგ უმცირესობაში აღმოჩნდებიან და საკრებულოს თავმჯდომარე აუცილებლად უნდა იყოს უმრავლესობიდან. მათ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის შენარჩუნება გაიხანგრძლივეს და არა მთლიანად საკრებულოსი, რადგან ეს პროცესი დაწყებულია, მიმდინარეობს და ვერ შეჩერდება. იმ ადამიანებმა, რომლებიც უკვე სხვანაირად არიან განწყობილნი და სხვანაირად აზროვნებენ, გადახედეს საკუთარ წარსულსაც და მომავალსაც, ის ადამიანები მაინც გაგადგამენ ასეთ ნაბიჯს.
საკრებულოში უკვე კეთდებოდა პროგნოზი რომ ძალიან მალე „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი დატოვებდა ფრაქციას, გადავიდოდა „ოცნებაში“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოში უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი?
- დიახ, სწორედ ამის გამო, სამი-ოთხი ადამიანი აპირებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმოსვლას.
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ეს უკავშირდება საკრებულოს ნაციონალური წევრების ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე დაბარებას. ზაალ სამადაშვილმა განაცხადა, რომ მას მეტი აღარ შეუძლია ამ ზეწოლის ყურება და ამის გამო უნდა გადამდგარიყო.
- ალბათ, კითხვები აქვთ და იმიტომ დაიბარეს, ეს გამოძიების პრეროგატივაა და ალბათ, შესაბამის განმარტებებსაც თვითონვე გააკეთებენ. რაც შეეხება იმ თემას, რომ მუდმივად მიმდინარეობს ზეწოლა „ნაციონალურ მოძრაობაზე“, თითიდან გამოწოვილია, რადგან კითხვები ვის მიმართაც არსებობს, მათ იბარებენ დაკითხვებზე.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმოსული ადამიანებიც კვლავ ამ რეჟიმში არიან და დაკითხვებზე სიარული ისევ უწევთ. რამდენადაც ვიცი, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი მას შემდეგ კიდევ ოთხჯერ იყო დაკითხვაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოვიდა. როგორც ვიცი, ომანაძეც იყო დღეს დაკითხვაზე. ეს 7 დეპუტატი რაზეა დაბარებული, ნამდვილად არ ვიცი, ჩვენ ამ ინფორმაციას არავინ არ მოგვაწვდის.
რაც შეეხება სამადაშვილს, მას არ დაუყენებია გადადგომის საკითხი, ოფიციალურად არ არსებობს ასეთი განცხადება. ზეპირად რა თქვა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შემოიტანეს...
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა არგუმენტი მოიყვანა, რატომ დააყენეს სამადაშვილის გადაყენების საკითხი, მოვალეობას ვერ ასრულებდა, მის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ თუ, რა იყო მიზეზი?
- არანაირ არგუმენტს არ ასახელებენ, კითხვებზე არ გვპასუხობენ, განმარტებებს არ გვაძლევენ. ეს კითხვები უპასუხოდ რჩება და რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა, იგივე გრძელდება. 19-მა ნაციონალმა დეპუტატმა შემოიტანა განაცხადი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებასთან დაკავშირებით. 15-20 წუთში კი გადაიფიქრეს მისი გადაყენება, კენჭისყრაზე დადგა საკითხი, მაგრამ მათ უკვე ხმა აღარ მისცეს მისი გადაყენების საკითხს და სამადაშვილი ისევ საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა.
ასეთ შემთხვევაში კანონი გვიკრძალავს სამადაშვილის გადაყენების საკითხი 3 თვის განმავლობაში ისევ დადგეს კენჭისყრაზე.
სამადაშვილი 24:0 ხმით დარჩა საკრებულოს თავმჯდომარედ, წინააღმდეგი არავის მიუცია?
- ჩვენ პროტესტის ნიშნად არ მივიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა. დღევანდელი დღე იყო ფარსი, თბილისელებისთვის თავზე ლაფის დასხმა, ფეხქვეშ გათელეს დღეს თბილისელები, ეს ადამიანები არ ემსახურებიან თბილისს, მხოლოდ საკუთარი სკამებისთვის იბრძვიან.
მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ რეალურად „ქართულ ოცნებას“ თბილისის მერისთვის უფლებამოსილებათა შეზღუდვა სურს და ეს ბრძოლა სწორედ ამისთვის მიდის, აპირებთ ისეთი საკითხების გატანას საკრებულოს სხდომაზე, რაც მერის უფლებამოსილებებს შეკვეცავს?
- ეს ნაცმოძრაობამ წლების წინ გააკეთა, რომ საკრებულოს შეუზღუდა ის უფლებამოსილებები რაც მას გააჩნდა და ეს იყო განპირობებული შიშით. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილი ხელისუფლებაში საკრებულოდან მოვიდა, საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ძალიან ბევრი უფლებამოსილებები ჰქონდა. შემდეგ მოხდა ამ უფლებამოსილებათა სეკვესტრტირება, საკრებულოს ჩამოათვეს და მერს გადასცეს.
თუ ჩვენ გვინდა, რომ თვითმმართველობა განვითარდეს და მძლავრი სახელმწიფო ავაშენოთ, ეს სწორედ თვითმმართველობიდან და იმ დამახინჯებული კანონმდებლობის შეცვლით უნდა დავიწყოთ, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო. ვადასტურებთ, რომ ნამდვილად გვინდა თვითმმართველობის გაძლიერება, გვინდა, რომ თბილისს ერთი ბატონი არ მართავდეს.
ყველაფერი გიგი უგულავას ხელშია, ყველაფერს ის წყვეტს, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა მის მიერ კონცერტების მოწყობაზე ტენდერების გამოცხადების შესახებ, რომელშიც კოლოსალური თანხების დახარჯვა იგეგმება ბიუჯეტიდან და ამ საკითხზე რამდენიმე დღეში უფრო დაწვრილებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას.
ხელისუფლება ამუშავებს კანონს ადგილობრივი მმართველობებისა და თვითმმართველობის შესახებ, სავარაუდოდ, ამ კანონის მიღებით ისედაც დალაგდება თვითმმართველობებში არსებული ქაოსური სიტუაცია. სამთვიანი პერიოდის მოგება ნაციონალებს რაში აწყობდათ?
- ეს სიტუაცია ადრე თუ გვიან მაინც დალაგდება, დროს იმიტომ წელავენ, რომ სკამები და კეთილდღეობა შეინარჩუნონ თორემ თბილისელები მათ არ აინტერესებთ. ეს იმისთვის სჭირდებათ რომ მოასწრონ და გააფუჭონ ის, რის მოსწრებასაც შეძლებენ.
კითხვაც დავუსვი ასეთი, 90 დღის მერე რას აპირებენ და ამაზე პასუხი არ აქვთ.
რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები, რას გააკეთებთ?
- ჩვენ ისევ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში მუშაობას, შევეცდებით ნაცმოძრაობის დემონტაჟს და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ თბილისელებმა უკეთესად იცხოვრონ და არა ერთი ადამიანის თვითმმართველობის ქვეშ.
იმისათვის რომ უმრავლესობა მოიპოვოს „ოცნებამ“ რამდენი ხმა გჭირდებათ?
- სამი ხმა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობიდან" შესაძლოა უფრო მეტი დეპუტატიც გადმოვიდეს და ეს ძალიან მალე მოხდება.
შემდეგ რა იქნება, უმრავლესობა "ოცნებას" ექნება, თავმჯდომარე კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იქნება, ალბათ, საინტერესოა ამ რეჟიმში მუშაობა...
- უფუნქციო თავმჯდომარე იქნება სამადაშვილი ამ სამი თვის განმავლობაში, გადაწყვეტილებების მიმღები კი უმრავლესობა იქნება. სირცხვილია, როდესაც 15% იანი მერი თბილისელებს თვალში ნაცარს აყრის.