უცნობმა პირებმა გაიტაცეს ქაბულის აეროპორტში მდგარი თვითმფრინავი, რომლითაც ავღანეთიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.
„ფაქტობრივად, ჩვენ თვითმფრინავი მოგვპარეს - უკრაინის მოქალაქეების ნაცვლად ამ თვითმფრინავით უცნობი პირები ირანში გაფრინდნენ. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ სამჯერ ვცადეთ, თუმცა მათ აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება „თალიბანის“ ხელში გადავიდა, უკრაინამ თავისი მოქალაქეების ევაკუაცია სამი რეისით განახორციელა. ოფიციალური კიევის ცნობით, ამ დრომდე ავღანეთში უკრაინის 50 მოქალაქე რჩება.