ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ სანდო ცნობები მიიღო ავღანეთში „თალიბანის“ მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევების, მათ შორის სამოქალაქო პირების სიკვდილით დასჯისა და ქალებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ.
მიშელ ბაჩელეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოუწოდა, მექანიზმი შექმნას „თალიბანის“ ქმედებების მჭიდრო მონიტორინგის მიზნით.
„ფუნდამენტური წითელი ხაზი „თალიბანის“ მიერ ქალებისა და გოგონების მოპყრობა იქნება“, - აღნიშნა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.