„ღარიბაშვილმა პირადი რეიტინგი მოკლე დროში გაზარდა, რეგიონალური განვითარების თვალსაზრისითაც სერიოზული სიტყვა თქვა და რა გასაკვირია, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდეს!“

„ღარიბაშვილმა პირადი რეიტინგი მოკლე დროში გაზარდა, რეგიონალური განვითარების თვალსაზრისითაც სერიოზული სიტყვა თქვა და რა გასაკვირია, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდეს!“

არჩევნების წინა ხაზზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება და რამდენიმე დღეა უკვე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ამ ფაქტმა ოპოზიციას მისცა იმის მტკიცების საშუალება, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისიპირებაა და ირაკლი კობახიძე თამაშიდან გაიყვანეს.

ისიც ფაქტია, რომ კანდიდატების რეგიონებში წარდგენისას მხოლოდ პრემიერი იმყოფებოდა. დიდი ხანია თვალს მიეფარა პარტიის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე. ხოლო სლოგანით - „განვითარება ყველა რეგიონს“ პრემიერმა თითქმის მთელი საქართველო მოიარა და ბოლო კვირებში მრავალჯერ გაიმეორა, რომ ხელისუფლებას უკვე აქვს „ხელშესახები და რეალური მიღწევები ყველა მიმართულებით“ და კვლავაც განვითარების გზით აპირებს სიარულს.

პრემიერი ცდილობს, ხალხი ოპტიმისტურად განაწყოს, დაარწმუნოს, რომ სამომავლოდ ყველაფერი გამოსწორდება, რომ „ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს და, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება - „მუშაობა, მუშაობა და მხოლოდ მუშაობა“.

რა ხდება რელურად და რატომ აღმოჩნდა პრემიერი წინასაარჩევნო კამპანიის სათავეში? ამაზე ანალიტიკოსებს ერთმნიშვნელოვანი განმარტება აქვთ: „ოცნებამ“ ადგილობრივი არჩევნებისთვის გარკვეული ტაქტიკა შეიმუშავა. გამომდინარე იქიდან, რომ კობახიძე საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს და ეს დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული გადაწყდა, რომ საარჩევნო კამპანია ღარიბაშვილმა წარმართოს. ამასთანავე გასაკვირი არაა ის ფაქტიც, რომ პრემიერს პარტიის შიგნითაც და გარეთაც მხადამჭერებთან უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე კობახიძეს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილს შეუძლია „ოცნებას“ ძველი ის ამომრჩეველი ნაწილობრივ მაინც დაუბრუნოს, რომელთან ერთადაც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა.

თავად მმართველ გუნდშიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი პარტიის ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან გავლილია. გუნდი ერთიანია და არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მედიას პასუხობს, რომ კობახიძე არსად წასულა და პარტიაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს: „ნუ ნერვიულობთ, კობახიძე ოფისშია და ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი, როცა საჭირო გახდება“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე კი for.ge-სთან განმარტავს, რომ კობახიძეს და ღარიბაშვილს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ეს არის ოპოზიციის მიერ მოგონილი ტყუილი, რომელიც საკუთარი უნიათობის გადასაფარად სჭირდებათ. მიქანაძე გვიხსნის, რომ საქმე ძალიან მარტივად და გასაგებად არის. ირაკლი კობახიძე შტაბის უფროსია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომ გუნდთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ვალდებულებები გადანაწილებულიყო და წინასაარჩევნო კამპანიისთვის პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეხელმძღვანელათ.

„რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩვენს ოპონენტებს ძალიან დიდი სრულვილი აქვთ „ოცნებაში“ დაპირისპირება იყოს. არადა სინამდვილეში საკითხი ძალიან მარტივად არის. არანაირი დაპირისპირება და უკმაყოფილება არ არსებობს. ირაკლი კობახიძე მთლიანად შტაბის უფროსია და შესაბამისად, სწორედ პარტიიდან ხელმძღვანელობს საარჩევნო კამპანიას. ამიტომ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანდიდატების წარდგენები პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ განახორციელონ.

შესაბამისად, ხედავთ ყველა წარდგენაზე სწორედ ისინი არიან. მერობის კანდიდატებს და ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს საზოგადოებას აცნობენ. ამაში დიდი ფილოსოფია და რამე თეორიები არ იკითხება. მუნიციპალიტეტსა და ქალაქშიც ჩადიან, მაგრამ ეს აქტივობები, რა თქმა უნდა, წინასწარ შეთანხმებული და გავლილია პარტიის ხელმძღვანელობასთან. ირკალი კობახიძე ამ ყველაფერზე საქმის კურსშია და შეთანხმება ერთობილივად არის მიღებული. თითოეული გუნდის წევრი,  ყოველდღიურ რეჟიმში, შტაბის ერთიან ხელმძღვანელთან, ირაკლი კობახიძესთან კოორდინაციაში ვართ. გუნდი არ ყოფილა ასე ერთიანი არასდროს, როგორც ახლაა, მინდა დაგარწმუნოთ. ამიტომ სანერვიულო არაფერია. ჩემს ოპონენტებს კიდევ ვურჩევდი მთელი კონცენტრაცია საკუთარ გეგმებზე და საარჩევნო კამპანიაზე მოახდინონ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ for.ge-სთან.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აბსოლუტურად ლოგიკურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად პირველ ხაზზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გაუშვა. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პოლიტსაბჭოში წინასაარჩევნო აქტიურობის თვალსაზრისით, როლები გადანაწილდა და არანაირი დაპირისპირება პოლიტსაბჭოში არ არსებობს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან მოკლე დროში რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სერიოზული სიტყვა თქვა, ასევე საგარეო პოლიტიკის მიხედვით ქვეყანა საკმაოდ წარმატებულ ვიზიტებს მართავს და ჩვენი აქტიურობა კიდევ უფრო გაზრდილია. გასაკვირი არაა, რომ ასეთი ადამიანი პარტიის გადაწყვეტილებით წინასაარჩევნო კამპანიას უნდა ხელმძღვანელობდეს. ღარიბაშვილმა სულ რამდენიმე თვეში პირადი რეიტინგი გაზარდა. ამიტომაც რა გასაკვირია, „ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც არჩევნების პროცესს უნდა წარუძღვეს. თანაც დასაძრახისი და სასირცხვილო იმაშიც არაფერია, რომ ღარიბაშვილი ძველი გუნდის სახეს წარმოადგენს და ამით პარტიას ძველი მხადამჭერების დაბრუნება უნდა.

კი ბატონო, ღარიბაშვილი ის ფიგურაა, რომელიც ამ ადამიანების მობილიზებას შეძლებს. მას პატივს სცემენ და რატომაც - არა. ამაში რაიმე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ღარიბაშვილმა უკრაინის და საქართველოს შორის ბოლო წლების განმავლობაში აღმართული კედელი გაარღვია და ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებსაც მივაღწიეთ. ასევე თურქეთში მისი ვიზიტი ყველაზე წარმატებული იყო. მას ერდოღანი იმდენად პომპეზურად და განსაკუთრებულად დახვდა, რომ მე მგონი ასეთი ვიზიტი ჩვენს რეგიონში ამ ქვეყანაში არავის ჰქონია. ამიტომაც პრემიერი არის მნიშვნელოვანი ფიგურა და „ოცნება“ ამ შესაძლებლობას იყენებს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ღარიბაშვილი ის ადამიანია, რომლის გუნდმაც 2012 წელს „ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა და ამხელა გამარჯვება შეძლო. ამიტომაც ეს ყველაფერი ერთობლიობაში რომ ავიღოთ, ის ყველაზე რეიტინგული ფიგურაა. „ოცნების“ ამომრჩევლისთვის მიმზიდველი პერსონაა, ამიტომაც ეს ფაქტი გუნდში არც არავის სწყინს და საუბარი რაიმე დაპირისპირებაზე ზედმეტია. მისი აზრით, ეს არის ოპოზიციის მიერ მოგონილი ტყუილი, რათა საკუთარი უნიათობა, დაბალი რეიტინგი და საკადრო შიმშილი გადაფარონ. ხალხს ეუბნებიან, რომ თუ ჩვენ ცუდ დღეში ვართ, აგერ „ოცნება“ უარეს სიტუაციაშია და შიგნით დაპირისპირებულები არიან.

„ეს ყველაფერი არის ოპოზიციის მოგონილი. საუბრობენ იმაზე რაც რეალობაში არ არსებობს. უნდათ ილუზია შექმნან თითქოს წინასაარჩევნოდ პრემიერსა და გუნდს შორის უთანხმოება არსებობს. არადა გულზე სკდებიან, ღარიბაშვილს რომ ამხელა წარმატება აქვს და ის ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებს. ოპოზიცია ახლა იმდენად დემორალიზებულია, ამომრჩეველს რა შესთავაზონ, არ იციან. ხალხი ძალიან კარგად ხედავს არჩევნებზე ამდენი ხანი კანდიდატებიც კი ვერ წარდაგინეს, რადგან საკადრო შიმშილი აქვთ. ამის გადასაფარად კი „ოცნებაში“ ფსევდო დაპირისპირებაზე საუბრობენ და ხალხის მოტყუებას ცდილობენ. რეგიონებში მთელ რიგ კანდიდატებს ვერ აყენებენ. გასაგებია, ამ გაკოტრებულ მდგომარეობაში „ოცნებისკენ“ თითის გამოშვერით, ფეიკ ლეგენდებს ქმნიან. თითქოს მმართველ გუნდში ერთმანეთზე გაბუტულები არიან და დღე-დღეზე გუნდი ჩამოიშლება. არადა კარგად იციან, რომ ამ არჩევნებზეც ძალიან მწარედ დამარცხდებიან“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

ვახტანგ ძაბირაძესაც მიჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო აგიტაციაში აქტიურად ჩაბმა და, ფაქტობრივად, მისი ხელმძღვანელობა ტაქტიკური გათვლაა. ძაბირაძე for.ge-სთან გუნდში არსებულ რაიმე დაპირისპირებას არ გამორიცხავს, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ ახლა არჩევნებია და „ოცნებაში“ რა დინებებიც არ უნდა მიდიოდეს, მაინც ყველას გამარჯვება უნდა. ამიტომაც ირაკლი კობახიძის საჯარო სივცრიდან გაყვანა რაიმე ნოუჰაუ არ არის და არც კატასტროფაა. მისი აზრით, ღარიბაშვილს „ოცნების“ ამომრჩეველში უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს. ის ნეიტრალურ ამომრჩეველშიც იმ დონის გაღიზიანებას არ იწვევს, როგორიც შეიძლება კობახიძემ გამოიწვიოს. მსგავსი ტაქტიკა ადრე „ნაციონალებმა“ გიგა ბოკერიას გადამალვით გამოიყენეს.

„იმ ტაქტიკას, რასაც ახლა „ოცნება“ იყენებს, გასაკვირი არ არის და არ მგონია, რამე სასწაული ხდებოდეს. ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლაა, წინაპლანზე გამოჰყავთ ის ადამიანი, რომელსაც ახლა ხელისუფლებაში ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს. ღარიბაშვილი კობახიძესთნ შედარებით, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ელექტორატში მეტი რეიტინგით სარგებლობს. კობახიძეს სხვა როლი აკისრია. ის არის ადამიანი, რომელიც საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს და ასევე ძალიან ბევრი საქმე აქვს. ეს არის ენით აღუწერელი შრომა, რომელიც დიდ დროს მოითხოვს. მეორეც ღარიბაშვილს გუნდში მეტი გავლენა აქვს, ვიდრე მას. მას ძველი თაობის წარმომადგენლები უფრო უსმენენ ვიდრე კობახიძეს.

ასევე არის მინიშნება იმაზე, რომ ღარიბაშვილის უკან ივანიშვილი დგას. ეს განცდა „ოცნების“ ამომრჩეველში უფრო მეტად ჩანს. თანაც ღარიბაშვილი ქვეყნის პირველი პირია და ეს დაპირებების გაცემა უშუალოდ მისგან უფრო დამაჯერებლად ჟღერს, ვიდრე კობახიძისგან. ზოგადად, საქართველოში ასეა, ამომრჩეველიც და პარტიის ლიდერებიც მხოლოდ ერთ ადამიანს უყურებენ. „ოცნების“ შემთხვევაში ეს ისევ ივანიშვილია, „ნაციონალების“ კი სააკაშვილი. ამიტომ, რაც ხელისუფლებაში ხდება, იგივე მოვლენები ოპოზიციურ სპექტრში ვითარდება. აქ გასაკვირს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.