სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა 1 მილიონით გაიზარდა და ის 6 მილიონ ლარს შედგენს. აღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყება. დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარებიან, მაგრამ კომპენსაციის სახით თანხას არ დაურიგებენ.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ინფორმაციით, მცხეთის რაიონსა და სამეგრელოს რეგიონში, ძირითადად, კერძო სახლებია დაზიანებული და მიმდინარეობს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნული 6 მილიონი ლარი პრემიერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ზარალი უკვე დათვლილია და ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს დამატებით ტრანსფერს ამ 6 მილიონი ლარის ფარგლებში, იმ მდგომარეობის მიხედვით, რომელიც ამა თუ იმ რაიონში არსებობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ აჭარაში, პირველადი ნაპირსამაგრი სამუშაოები ახლო ხანში ჩატარდება, წლის მეორე ნახევარში კი, მასშტაბური პროგრამის განხორციელება იგეგმება.
რამდენიმე დღის წინათ მოვარნილმა გრიგალმა და შტორმმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა შიდა ქართლის მხარეს. მარტო ქალაქ გორსა და გორის რაიონში 35 საცხოვრებელი კორპუსი და 110 ნაგებობა დაზიანდა. დავით ნარმანიას განცხადებით, ასევე დაზარალდა მთელი რიგი დასახლებული პუნქტებისა სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში, სადაც სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად დაიხარჯება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის ფული, ასევე მთავრობის მეთაურის ფონდიდან გამოყოფილი სახსრები.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებში არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტები სრულად დააფინანსებენ ყველა იმ ხარჯს, რაც მუნიციპალიტეტებს სტიქიამდე ჰქონდათ დაგეგმილი.
რაც შეეხება დახმარების ფორმას, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას თქმით, სათანადო ყურადღების გარეშე არც ერთი დასახლებული პუნქტი არ დარჩება, თუმცა ფული არ დარიგდება.
“ეს უკვე გადაწყვეტილია. დაფინანსდება სამუშაოები - მაგალითად, შენობებისათვის სახურავების შეკეთება. თვითმმართველობა გააფორმებს ხელშეკრულებას კომპანიასთან, რომელიც შეასრულებს სათანადო სამუშაოს. თვითმმართველობამ ჩადო ხელშეკრულებაში ძალიან მკაცრი მოთხოვნები ხარისხსა და ვადებთან დაკავშირებით, ოღონდ ეს ვადები არის რეალური და არა ისე, რომ ორ-სამ დღეში გადაიხუროს 40 შენობა.
თვითმმართველობას შეეძლო, კომპენსაციის სახით, დაზარალებულებისათვის მიეცა თანხა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა ფული სულ სხვა საქმეზე დახარჯულიყო”, - განუცხადა შოთა მურღულიამ რადიო “თავისუფლებას”.
ჯერჯერობით ყველაზე აქტიურად აღდგენითი სამუშაოები აჭარის რეგიონში მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩაერთვნენ.
“მინდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად არის საკუთარი შესაძლებლობები მოახმაროს მათ, მაშინ, როდესაც უჭირთ. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერას ამ კუთხით”, - განაცხადა თავდასცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
სტიქიით მიყენებული ზარალის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით შეიქმნა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბი. თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, შტაბის მუშაობაში ჩართულია შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.