“Agile Spirit 2013”-ის საჩვენებელი სწავლება

“Agile Spirit 2013”-ის საჩვენებელი სწავლება

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit 2013”-ის საჩვენებელი წვრთნა გაიმართა.

სწავლებაში მონაწილე ქართულმა და ამერიკულმა ქვედანაყოფებმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ჩაატარეს. საჩვენებელი სწავლების დასკვნით ნაწილში კი ოპერაციის დროს პირობითად დაშავებულის ვერტმფრენით ევაკუაცია განხორციელდა.

საჩვენებელი სწავლება ISAF-ის მისიით გათვალისწინებული ტაქტიკით შესრულდა.

შემაჯამებელ წვრთნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პირადად დაესწრო. „ამ წვრთნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ეს კიდევ ერთი წარმატებულად განხორციელებული ერთობლივი წვრთნებია. ძირითადად საქმე გვქონდა ბატალიონის დონის ამოცანების გადაწყვეტაზე. მნიშვნელოვანი და გამორჩეულია იმითაც, რომ ამერიკელებთან ერთად ამ ოპერაციების წარმოების ერთობლივი შტაბი იყო ჩამოყალიბებული. ასევე, ჩვენმა ოფიცრებმა, ბატალიონის ხელმძღვანელებმა ერთობლივი ძალისხმევით საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტის დამატებითი გამოცდილება შეიძინეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწავლებაში ჩვენი ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის ჯავშანტექნიკა, რომლის გამოცდაც მიმდინარეობს და საბოლოოდ, ამ გამოცდის შემდეგ კონკრეტული დასკვნებიც გვექნება, თუ როგორ გავაგრძელებთ თავდაცვის ეროვნული მრეწველობის ამ პროგრამას. მომავალში იგეგმება კიდევ უფრო ფართო, ბრიგადის დონის წვრთნები, სადაც შესაძლებელი იქნება რეგიონის ჩვენი სხვა პარტნიორი ქვეყნებიც ჩაერთონ. ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს და მომავალ წელს ჩავატარებთ უფრო ფართომასშტაბიან წვრთნებს.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები და საქართველოს პარლამენტის წევრებიც იმყოფებოდნენ. სწავლებას ასევე დაესწრო აშშ საზღვაო ქვეითთა ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ჯეიმს ს. ომერა.

საჩვენებელი წვრთნით “Agile Spirit 2013”-ის აქტიური ფაზა დასრულდა. ერთობლივი სწავლების დროს ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის მისიით გათვალისწინებულ სამხედრო ამოცანებს ერთობლივად ასრულებდნენ. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც საბრძოლო ვითარებაში მუშობისათვის სპეციალური მომზადება გაიარეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ ის ჩვევები, რაც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებების გაშუქებისას. ასეთი სახის ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოების ინფორმირებულობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ სწორი, ადეკვატური მედია გაშუქება აქვს - წვრთნები იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა საბრძოლო ვითარება.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ხვალ “Agile Spirit 2013”-ის დახურვის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.