აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს, რომელსაც ახლა აკრძალული ნივთის შენახვა-გამოყენების ბრალდებით ასამართლებენ, პროკურატურამ სასამართლო დარბაზში საპროცესო მორიგება შესთავაზა, ბრალის აღიარებისა და თანხის გადახდის გარეშე, მინიმალური - რამდენიმეთვიანი სასჯელით.
ბარათელის უფლებების დამცველი, ადვოკატი მამუკა ნოზაძე პროკურატურის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს, მაგრამ მორიგებაზე უარს ამბობს - იგი პროცესის გაგრძელებას, ყველა მოწმის დაკითხვას მოითხოვს, რის შემდეგაც იმედოვნებს, რომ პროკურატურა ბარათელს ე.წ. შტირის შენახვა-გამოყენების საქმეზე ბრალს თავად მოუხსნის.
ბარათელის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა 29 მარტს 12 საათზე დაიწყო. დარბაზში სხვადასხვა მედიასაშუალებებთან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად for.ge-ც იმყოფებოდა.
პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის სამი მოწმე: რამაზ ხუციშვილი, ივანე ჩარგაზია და ფრიდონ ნადირაძე. ისინი ორთაჭალის N1 საპყრობილეში მუშაობდნენ, სანამ ეს საპატიმრო დაწესებულება გაუქმდებოდა. ხუციშვილი, ჩარგაზია და ნადირაძე ირწმუნებიან, რომ 2012 წლის 27 ნოემბერს ბარათელმა თანასაკნელ ზურაბ ჭოინიაშვილს ზურგში “შტირი“ ჩაარტყა, მერე ციხის თანამშრომლებთან ახლოს მივიდა, აკრძალული ნივთი დერეფანში დააგდო და გაიქცა.
29 მარტს გამართულ პროცესზე ბრალდების მოწმეების მიცემული ჩვენებები გამოძიების მიმდინარეობის დროს მიცემული ჩვენებებისგან განსხვავდება. სასამართლო დარბაზში საპატიმროს თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ “შტირის“ ჩარტყმამდე ბარათელს ჭონიაშვილთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შესახებაც თურმე მათ თავად ბარათელმა უამბო. გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში მსგავსი რამ არ უწერიათ.
პირველად რამაზ ხუციშვილი დაიკითხა. მისი ჩვენებიდან შევიტყვეთ, რომ ინცინდენტამდე ერთი საათით, ან საათნახევრით ადრე ბარათელს საკანში ცეცხლი დაუნთია და ასე შეუდუღებია ერთმანეთზე ლურსმანი და კბილის ჯაგრისის ტარი. თანასაკნელ ჭონიაშვილზე გაბრაზებული ყოფილა, მაგრამ ამ ლურსმანშედუღებული კბილის ჯაგრისით თანასაკნელს იქვე კი არ გასწორებია?! აკრძალული ნივთი დერეფანში გაუტანია, ვიდეოთვალის წინ, საპატიმროს თანამშრომლების თანდასწრებით უბიდან (!) ამოუღია და ჭონიაშვილისთვის ზურგში ორჯერ ჩაურტყამს.
ეს არის რამაზ ხუციშვილის სიმართლე, რომელსაც გამოძიების დროს კონფლიქტის და ცეცხლის ამბავი არ უხსენებია.
ბრალდების მოწმე ივანე ჩარგაზიამ დაინახა ბარათელმა ქამრიდან (!) როგორ ამოიღო “შტირი“, თანასაკნელ ჭონიაშვილს როგორ ჩაარტყა და შემდეგ დერეფანში დააგდო. ლურსმანი კბილის ჯაგრისის ტარზე მიდუღებული იყო თუ მიწებებული, ეს ჩარგაზიამ არ იცის. ირწმუნება, რომ ბარათელის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე რეაგირება ვერ მოახდინა პატიმრის სწრაფი მოქმედების გამო. შემედეგ ბარათელს გაესაუბრა და გაიგო, რომ თურმე, საკნიდან დერეფანში გამოსვლამდე პატიმარ ჭონიაშვილთან ბარათელს კონფლიქტი მოსვლია, რაც “შტირის“ ჩარტყმის მიზეზი გამხდარა. ამგვარი რამ ჩარგაზიას გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში არ უთქვამს.
ბრალდების კიდევ ერთი მოწმის ფრიდონ ნადირაძის განმარტებით, სპორტულ ზედა ტანსაცმელზე ბარათელმა ელვა გაიხსნა (!), იქიდან რაღაც ამოიღო, ჭონიაშვილს ჩაარტყა და დერეფანში დააგდო. მერე ნადირაძემ დახედა, დაინახა, რომ ეს იყო “შტირი“ და დაასკვნა, რომ ბარათელმა ელვის (იგივე “ზმეიკის“) გახსნის შემდეგ ჭონიაშვილს სწორედ ეს “შტირი“ ჩაარტყა. ამ მოწმემ თქვა ისიც, რომ დერეფანში დამონტაჟებულ ვიდეოთვალს “შტირის“ დაგდების მომენტიც გადაღებული უნდა ჰქონდეს.
არადა, ტელევიზიით გასულ კადრებში “შტირის“ დაგდების ფაქტი არ ჩანს. შეგახსენებთ იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა არ ადასტურებს ე.წ. შტირის ჩარტყმის ფაქტს. ამავდროულად, საქმეში არ დევს იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ე.წ. შტირზე იყო ბარათელის თითის ანაბეჭდები.
ვერ ვიტყვით, რომ 29 მარტს დაკითხული მოწმეები პროკურორის დარიგებულებს გვანდნენ (წინა პროცესისგან განსხვავებით, რომელზეც ბრალდების მხარეს პროკურორი ილია ხარძიანი წარმოადგენდა). ჩვენს ვარაუდს საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს - დაბნეულმა მოწმეებმა გამოძიების დროს მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ვერსიები აბდა-უბდათ წარმოადგინეს.
პროცესის დასასრულს უახლოვდებოდა, როცა პროკურორი თამაზ ჯალიაშვილი წამოდგა და თქვა:
“ჩემი განცხადება გნებავთ წინადადებად ჩათვალეთ, გნებავთ შუამდგომლობად - ბრალდებულ გიორგი ბარათელს სამწუხაროდ, ისედაც დიდი სასჯელი აქვს. ამ კონკრეტულ საქმეზე 12 ადამიანი უნდა დაიკითხოს, რომელთა ნაწილი ამნისტირებულია, ნაწილი ისევ პატიმარია. მათი დაკითხვა დიდ დროს და რესურსებს წაიღებს. ამიტომ, სახელმწიფო რესურსის დაზოგვის მიზნით გთავაზობთ მორიგებას - ბრალის აღიარებისა და თანხის გადაუხდელობის გარეშე, მინიმალური, რამდენიმეთვიანი სასჯელით. ამის შესახებ ჩემი სამმართველოს უფროსს უკვე შევუთანხმდი“.
როგორც ზემოთაა აღნიშნული, ადვოკატი მამუკა ნოზაძე ბრალდების მხარის შეთავაზებას იწონებს, მაგრამ არ ეთანხმება, პროცესის გაგრძელებას მოითხოვს და იმედოვნებს, რომ მოწმეების დაკითხვის დასრულების შემდეგ პროკურატურა უსაფუძვლობის გამო ბრალს აუცილებლად მოხსნის. ბარათელის საქმის განხილვა გაგრძელდება 16 აპრილს, 10:30 წუთზე.