პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე საცოდავი და უნიათო სუბიექტები „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არიან, რომლებმაც ჯერ ნაციონალების სხეულზე გაიკეთეს ფუღურო და მათ სატელიტებად იქცნენ, ახლა გადაწყვიტეს პარაზიტობას შეეშვან და ცალკე იმოქმედონ, მაგრამ მესამე ძალისთვის განკუთვნილ ველზე გახარია დახვდათ, რომელთან კონკურენციაში გამარჯვების შანსი არ აქვთ. მისი თქმით, გახარია არც ადეიშვილის მოადგილე ყოფილა, არც ჩხარტიშვილის დის სიძე და არც ვალითა და ვახშით გაუტყავებია ეს საზოგადოება. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, გახარიას თავისი სისხლიანი შლეიფი მოჰყვება, მაგრამ ის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ადვილად გასრესს დასახელებულ, პარტიისმაგვარ ერთობებს.
for.ge ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
„ქართული ოცნება“ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს. ამ თვალსაზრისით, პასიურია ოპოზიცია, რომლის მთავარი სტრატეგია ხელისუფლების შეცვლაა. როგორ ფიქრობთ, ტექნიკურად, პროგრამულად და კანდიდატებით რამდენად გამართულია ოპოზიცია და ამ სტრატეგიით ოპოზიცია შეძლებს გამარჯვებას?
ლევან ლორთქიფანიძე: წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვება გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ ოპოზიციას გამარჯვება არ სურს და, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდგომი არეულობებისა და ხმაურისთვის ემზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეეცდებოდნენ უფრო გამართული შტაბის აწყობას, უფრო სწრაფად იმოქმედებდნენ და მათი ბრძოლის შინაარსიც გაცილებით მრავალფეროვანი იქნებოდა.
მოდით, უმარტივეს ტექნიკურ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შეკრებილი პარტიები მოგვიწოდებენ მხარი დავუჭიროთ გაერთიანებულ ოპოზიციას. გაერთიანებული ოპოზიციისათვის ხმის მისაცემად კი ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ მოქალაქეს სამივე ბიულეტენში სხვადასხვა ნომრის შემოხაზვა მოუწევს. მერობის კანდიდატი 5 ნომრით გამოდის არჩევნებზე, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გვეხვეწება 32 ნომერი შემოვხაზოთ, მაჟორიტარული კენჭისყრის დროს კი, ნიკა მელია დიდუბეში 2 ნომერს უწევს რეკომენდაციას, მთაწმინდაზე 45-ს და ა.შ.
ამომრჩეველს სჭირდება მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი მოწოდება და არა ნუმეროლოგიური ამოცანის გადაწყვეტა. რეგიონებშიც იგივე სიტუაცია და გაურკვევლობაა. რაც მთავარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ატომბირთვის ირგვლივ მოტრიალე ელექტრონებმა ყველგან, თბილისშიც და რეგიონებშიც უსაშველოდ დააგვიანეს კანდიდატების წარდგენა. ეს ყველაფერი დიდ ტექნიკურ ჩავარდნაზე მიუთითებს. ვფიქრობ, ოპოზიციამ არასწორად შეარჩია კანდიდატებიც.
ცხადია, თვითმმართველობის სათავეში პოლიტიკოსები უნდა იდგნენ, მაგრამ აუცილებელია, რომ მათ მართვისა და ორგანიზების გამოცდილება ჰქონდეთ. თბილისის მესვეურებს მილიარდზე მეტი ლარის განკარგვა უწევთ და არ შეიძლება ეს საქმე ქუჩის ხულიგნებს მივანდოთ. ნიკა მელიაც და ელენე ხოშტარიაც სრულიად არასერიოზული პოლიტიკოსების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომელთა მთელი ავტორიტეტი ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობაზე, პოლიციელებისათვის თავის გახეთქვით დამუქრებაზე, კანონის არაფრად ჩაგდებასა და აბუჩად აგდებაზე დგას.
ამასთანავე, ორივე მათგანს აქვს მრავალჯერადი მარცხის გამოცდილება. მაგალითად, ელენე ხოშტარიამ არაერთხელ იყარა კენჭი თბილისში და ყველა ჯერზე დამარცხდა. მან ქარიზმისა და გავლენის არმქონე, სრულიად უსახური კანდიდატების დამარცხებაც ვერ შეძლო, მაგრამ მაინც მეოთხეჯერ შედის ერთსა და იმავე მდინარეში. არაფერს ვამბობ, ვიცე-მერობის კლოუნ კანდიდატზე, რომელსაც შუა კამპანიის დროს შეიძლება დედამ გადმოძახოს ფანჯრიდან - ამოდი შვილო ჭამე და მერე ისევ ჩადი ეზოშიო!
ოპოზიციის საკადრო პრობლემებზე მიუთითებს რეგიონებში წარდგენილი კანდიდატებიც - რა საერთო აქვს ფოთთან უგულავას, ქუთაისთან დეკანოიძეს, მცხეთასთან უდუმაშვილს? - არაფერი! მათი ამ ოლქებში განმწესება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ოპოზიციას მეზარბაზნეები კი არა, საჭურველმტვირთავებიც აღარ ჰყავს.
გეთანხმებით იმაშიც, რომ ოპოზიციას პროგრამა არ აქვს. მათი ერთადერთი ამოცანა ხელისუფლების ცვლილებაა. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს ავიწყდებათ იმის ახსნა, თუ როგორ აპირებენ მიზნის მიღწევას და რა კონკრეტულ სიკეთეს მოუტანს ნიკა მელიას ოცნების აღსრულება რიგით მოქალაქეს. ხანდახან მგონია, რომ ასეთი უმაქნისი ოპოზიციის არსებობას ბიძინა ივანიშვილი უწყობს ხელს.
როგორ ფიქრობთ, რა სტრატეგიით შეირჩა მელია ზუგდიდში და უგულავა ფოთში?
- სრულიად გაუგებარია, აუხსნელია. მსოფლიოს ისტორიასაც და თანამედროვე პოლიტიკასაც მრავლად ახსოვს შემთხვევები, როდესაც მშობლებს შვილები მიჰყავთ პოლიტიკაში, მაგრამ ახალგაზრდა კაცს 74 წლის მამა წაეყვანოს ბრძოლის წინა ხაზზე, მე არ მახსენდება. გიგი უგულავაზე რა უნდა გითხრათ? ასეთი უპრინციპო და უნამუსო პოლიტიკოსი საქართველოშიც კი ძნელად მოსაძებნია. იგი ხან ძირძველი თბილისელია, ხან ფესვმაგარი ხონელი... როცა სჭირდება ამბობს, რომ ზუგდიდის შვილია, ახლა ფოთზე მოიფიქრებს რამეს! იმასაც შეამჩნევდით, როგორი წივილ-კივილითა და ლანძღვა-გინებით გაიქცა „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ევროპულ საქართველოში“! დღეს უკვე „ევროპული საქართველოდან“ გამოიქცა უკან და ჩვეული ისტერიკით დაბრუნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლის ლიდერსაც ცოტა ხნის წინ ჯართს ეძახდა. მტერს არ ვუსურვებდი მის იმედად ყოფნას, არათუ უმშვენიერეს კარიბჭეს - ფოთს.
გასაგებია, რომ ოპოზიციისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია რეფერენდუმის იდეა, მაგრამ მხოლოდ რეფერენდუმის იდეა საკმარისია თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებისთვის?
- თვითმმართველობა არის ხელისუფლების რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან. მერებსა და საკრებულოებს ევალებათ მოქალაქეთა ყველაზე ელემენტარული, ყველაზე პირველადი კომუნალური პრობლემების გადაწყვეტა. საქართველოს ბევრი ქალაქისა და სოფლისთვის დღემდე არ არის ხელმისაწვდომი ნორმალური გზა, წყალი, სოციალური სერვისები, მოქალაქეები ვერ ახერხებენ მათ ირგვლივ მდებარე მიწების განკარგვას, რესურსების გამოყენებას, უჭირთ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შენახვა. ადგილობრივ არჩევნებზე მიმავალ მოქალაქეს სჭირდება პასუხები ამგვარ კითხვებზე. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ ხალხის სირთულეებს რეაგირების გარეშე ტოვებს და რიგითი გლეხის კითხვას - როდის მექნება გამართული სამელიორაციო სისტემა? - არაადეკვატურად პასუხობს - მთავარია „ქოცებმა“ 43%-ზე ნაკლები აიღონ!
თავად არ გახლავართ ხელისუფლების მხარდამჭერი და დასანახავად ვერ ვიტან მათ ლიდერთა უდიდეს უმრავლესობას, მესმის, რომ საჭიროა ბრძოლა „ქოცების“ წინააღმდეგ. უბრალოდ, მეც და ალბათ, ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს გვაინტერესებს - როგორ და რა პროგრამით უნდა დავამარცხოთ მმართველი პარტია? ჩვენთვის მთავარი მხოლოდ მთავრობის დამარცხება არ არის, ჩვენ გვაღელვებს ისიც, თუ რა იქნება შემდგომ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში მხოლოდ ლიბერალური სისხლიანი ექსპერიმენტების გაგრძელების, ნიკა გვარამიას მორალზე დაშენებული ქვეყნის იმედი შეიძლება გვქონდეს.
როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე ცალკე კანდიდატები ეყოლება „ლელოს“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“, ცალკე იქნება გიორგი გახარიას გუნდი. ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საერთო კანიდატებზე აკეთევენ გათვლას. საკუთარი კანდიდატები წარადგინეს „ლეიბორისტებმა“ და კახა კუკავას პარტიამ - ოპოზიციის ეს დაქსასულობა რამდენად აძლევს გამარჯვების შანს „ქართულ ოცნებას“, რადგან მწყობრი და კარგად ორგანიზებული ალტერნატივა არ აქვს?
- ქართულ პოლიტიკაში ყველაზე საცოდავი და უნიათო სუბიექტები „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არიან. მათ თავიანთი ნიშა ვერ იპოვეს, თავიანთი სახე ვერ გამოკვეთეს. ჯერ ნაციონალების სხეულზე გაიკეთეს ფუღურო და მათ სატელიტებად იქცნენ, ახლა გადაწყვიტეს პარაზიტობას შეეშვან და ცალკე იმოქმედონ, მაგრამ მესამე ძალისთვის განკუთვნილ ველზე გახარია დახვდათ, რომელთან კონკურენციაში გამარჯვების შანსი არ აქვთ. გახარია არც ადეიშვილის მოადგილე ყოფილა, არც ჩხარტიშვილის დის სიძე და არც ვალითა და ვახშით გაუტყავებია ეს საზოგადოება. ცხადია, მას თავისი სისხლიანი შლეიფი მოჰყვება, მაგრამ ის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ადვილად გასრესს დასახელებულ, პარტიისმაგვარ ერთობებს.
„ლეიბორისტულ პარტიას“ თავისი მყარი ელექტორატი ჰყავს და შეიძლება ბევრმა ადამიანმა იფიქროს, რომ ლაშა ჩხარტიშვილის მსგავსი პატიოსანი შეშლილი აუცილებელია საკრებულოსთვის. აქედან გამომდინარე, ბატონი ნათელაშვილის გუნდიც კი ასჯერ უკეთესად გამოიყურება, ვიდრე „ლელო“ და „სტრატეგია“. საბოლოოდ, ცხადია, საარჩევნო სუბიექტთა სიმრავლე ამომრჩეველს ჰყოფს, აბნევს, რაც ასევე „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.
გახარია შეიძლება ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკურ ძალად? რა შანსი აქვს მას?
- ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ გახარიას პარტია ყველაზე ძლიერია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. უბრალოდ, იგი თავისი მაჩვენებლებით ათობით პროცენტით ჩამორჩება პირველ ორ პარტიას. გახარიას მიზანია მისი ხმები საჭირო გახდეს მთავარი პარტიებისათვის საკრებულოებში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. მგონია, რომ გახარია ამ არჩევნებში თავის ბედსა და შესაძლებლობებს ცდის, ამზადებს პლატფორმას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთავის. უბრალოდ, ის ახალს არაფერს ამბობს, ვერაფერს გვთავაზობს და მალე ეს ახალი ცოცხიც გაცვდება.
იგივე გახარია მთავარ აქცენტს რეგიონებზე აკეთებს, თბილისში ამ ეტაპზე აქტიურობს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს რა სტრატეგიაა? იგივე გახარია თბილისზე არ აკეთებს გათვლას. ეს ფაქტი იმით ახსნება, რომ ამ ეტაპზე კალაძე უკონკურენტოა და ამიტომ აკეთებს აქცენტს რეგიონებზე?
- როგორც ჩანს, გახარიამ ძალიან ბევრი დრო დაკარგა თბილისის მერობის ბრძოლისუნარიანი კანდიდატის მოსაძებნად, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა შანსების მქონე ლიდერის გამოვლენა. კალაძე უკონკურენტო არ არის, უბრალოდ, კალაძეზე ათასჯერ უკეთეს ადამიანებს არ სურთ ბინძურ ბრძოლაში შესვლა და არ აქვთ პატიოსნად თამაშის იმედი, ამიტომ გახარიას მსგავსი პოლიტიკოსების შემოთავაზებებზე უარს ამბობენ. ამასთანავე, ფაქტია, რომ გახარია და კალაძე დღემდე არ არღვევენ „ურთიერთთავდაუსხმელობის ხელშეკრულებას“, არ უტევენ ერთმანეთს, თითქოს არ სურთ ერთმანეთთან მისასვლელი ყველა ხიდის დაწვა. შეიძლება თბილისში გახარიას პასიურობა ამითაც იყოს განპირობებული.
თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, მაგრამ თვალში საცემია ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ ცალკეული ოპოზიციური პარტიები არ ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს. როგორ ფიქრობთ, სათანადო კანდიდატები არ ჰყავთ, თუ ეს მათი ტაქტიკის ნაწილია?
- საქართველო ძალიან უცნაური ქვეყანაა. ჩვენ გვყავს სამასამდე პოლიტიკური პარტია, მაგრამ ამ პარტიებს არ ჰყავთ წევრები. თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიას ასობით კანდიდატის წარდგენა უწევს, ლამის ყოველ მეორე სოფელში მაჟორიტარია დასასახელებელი, ყველა რაიონში პროპორციული სია უნდა შეადგინო, მერობის პრეტენდენტი იპოვო. ამხელა რესურსი მხოლოდ მსხვილ კაპიტალთან დაკავშირებულ ძალებს აქვთ. მოკლედ, რომ ვთქვათ, არ შეუძლიათ, ხალხი არ ჰყავთ. ერთკაციანმა პარტიებმა რა საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოონ?!
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობას არ სჭირდება არც რევოლუციები, არც ომი და ვერავინ შეძლებს ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანას. ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ყოველი არჩევნების შემდეგ გადის ქუჩაში და ეს ერთგვარი ტრადიცია გახდა. თუ დავაკვირდებით ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას, ასეთი არაორგანიზებული საარჩევნო კამპანია ოპოზიციას არასოდეს არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, რომ პარტიები არა არჩევნების შედეგებს, არამედ საპროტესტო ტალღის დაწყებას ელოდებიან, ანუ არა 2 ოქტომბერს, არამედ 3 ოქტომბერს, რომ ისევ გავიდნენ ქუჩაში იმ მოტივით, რომ არჩევნები გაუყალბეს და ამით მიაღწიონ მთავარს - ვადამდელ არჩევნებს.
- დიახ, ვფიქრობ, ამ ბოლო დროს ოპოზიცია მხოლოდ რევოლუციური სცენარისთვის ემზადება, რაც „ოცნებასაც“ აწყობს საკუთარი თავის მშვიდობისა და სტაბილურობის მაძიებლად, ექსტრემისტების წინააღმდეგ მებრძოლად წარმოჩენისთვის. ოპოზიცია დაიღალა კენჭისყრებში დამარცხებით, 2012 წლის შემდეგ უკვე მეოთორმეტე წრეზე მიდიან. ჭადრაკი ხომ გითამაშიათ? წარმოიდგინეთ, რომ ყოველ მომდევნო სვლაზე მოწინააღმდეგე „შახს“ გიცხადებთ, უკან გახევინებთ, განერვიულებთ, მაგრამ შამათის ჩასმის თავი არ აქვს, ფიგურა აკლდება. ყოველ სეზონზე ნაცები „შახს“ უცხადებენ „ოცნებას“, „ოცნება“ ჩვენს დასანახად შფოთავს, მაგრამ იცის, რომ ყოველთვის გამარჯვებული გამოვა, რადგან ოპოზიციას ფიგურა აკლდება. ერთადერთი გზა დაფის აყირავებაა.