ლადო პაპავა:

ლადო პაპავა: "სააკაშვილის მხრიდან საფრთხე ყოველთვის იარსებებს"

"საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა აჩვენა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი, ბაქიაობა და ტრაბახი "ქართული ოცნების" მხრიდან, როცა იძახდნენ, 120 ხმას ვაკონტროლებთო. პოლიტიკაში ასეთი რამ მოსულა, მაგრამ, თუ ეს არ ამართლებს, ეს ცოტა ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ამომრჩეველზე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს "ქართულ ოცნებას" ჩვენს საზოგადოებაში და ეს მხარდაჭერა, სულ ცოტა, იმ დრომდე მაინც გაგრძელდება, სანამ "ნაციონალური" საფრთხე ქვეყანაში არსებობს. ეს საფრთხე კი, სულ ცოტა, მანამდე იარსებებს, სანამ სააკაშვილს ქვეყნის მართვის სადავეები უპყრია ხელთ, თუნდაც ნაწილობრივ მაინც. მეორე მხრივ, აჩვენა, თუ როგორი ბრძოლისუნარიანები არიან "ნაციონალურ მოძრაობის" ძველი სახეები, მათ შორის კორუმპირებული თუ კრიმინალური წარსულის მქონენი და როგორი შეკრულები არიან. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც სენტიმენტებია. რეალურად ჩვენ მივიღეთ მაინც პოზიტიური შედეგი. აშკარაა, რომ ქვეყანა გადაურჩა ვადამდელი არჩევნებით გამოსაწვევ საფრთხეებს, ეს კი ყველაზე მთავარია", - აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილის მხრიდან საფრთხე ყოველთვის იარსებებს".

"სააკაშვილი შეიძლება შეეცადოს, რომ დარჩეს "ნაციონალური მოძრაობის" "აიათოლა ჰომეინად" ანუ იყოს პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ, დღეს თუ სააკაშვილს კიდევ ჰყავს მხარდამჭერები, ჰყავს იმიტომ, რომ არის პრეზიდენტი და ხელისუფლების გარკვეულ სეგმენტს აკონტროლებს. როცა ის ხელისუფლებას ჩამოშორდება, ბევრ მხარდამჭერს დაკარგავს, ხოლო მისი ყალბი რიტორიკა იმდენად გაცვეთილია, რომ ძნელი წარმოსადგენია რა შეცდომები უნდა დაუშვას "ქართულმა ოცნებამ", რომ სააკაშვილი ისევ გახდეს პოპულარული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.

"საფრთხე სააკაშვილის მხრიდან ყოველთვის იარსებებს. საფრთხე არ არსებობს ნორმალური, მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი ადამიანების მხრიდან. ძნელია, სააკაშვილი ნორმალურ ადამიანთა ჯგუფს მიაკუთვნო და ჩათვალო, რომ მისი საქციელი არის პროგნოზირებადი. თუმცა, ის არც ისეთი ბრიყვია, როგორც ბევრს გაუხარდება, რომ იყოს, მაგრამ ის, რომ პროგნოზირებადი არ არის და ხშირად არაპროგნოზირებად ნაბიჯებს გადადგამს, ვიცით, თუმცა მისი რესურსი დღეს აშკარად შემცირებულია", - ამბობს რესპონდენტი.

"ხუთი თვე გავიდა და ეს კარგი დროა არსებითი შეფასებების გასაკეთებლად. ვხედავთ, რომ მინისტრების ნაწილი აქტიურად აჩვენებს თავის სახეს, ცდილობენ, მეტ-ნაკლებად წარმატებით გაუძღვნენ თავიანთ სფეროებს და ხშირად ეს არცთუ ცუდად გამოსდით. მაგრამ გვაქვს ისეთი სამინისტროები, რომლებიც საერთოდ არ ჩანან. შეიძლება ეს მინისტრები რაღაცას აკეთებენ, მაგრამ, თუ ეს არც ჟურნალისტმა იცის და არც ექსპერტმა, ხალხმა როგორ გაიგოს? ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეცდომა არ დაუშვას და საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩიოს ისეთი, რომელიც ყველაზე კარგი იქნება იმისთვის, რომ იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი. არ იყოს აქცენტი გაკეთებული ისეთ ფიგურებზე, რომლებიც, სულ ცოტა, ღიმილს გამოიწვევს საზოგადოებაში ანდა უფრო უარესი - გულგატეხილობას. ეს პიროვნება შეიძლება დღეს არც პარლამენტის წევრი იყოს, არც მთავრობის, შეიძლება, პოლიტიკოსიც არ იყოს, იმიტომ რომ, კარგად ვიცით, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს აღარ ექნება ის ფუნქციები, რომელიც დღევანდელ პრეზიდენტს აქვს. აქედან გამომდინარე, მთავარია, ეს პიროვნება იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი", - დასძენს ლადო პაპავა.