დამატებითი შეზღუდვების შემოღებამდე უმჯობესია ვიფიქროთ იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რომელიც ქვეყანაში არის. მე ვერ ვხედავ, რომ ქვეყანაში ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულება სრულდებოდეს. არამგონია რომელიმე ქალაქი იყოს გამონაკლისი. სამწუხაროდ, ეს დადგენილება დიდწილად დარჩა ქაღალდზე, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„თუ გვინდა შედეგი მივიღოთ ეს უნდა გაკონტროლდეს მკაცრად. ეს არის იდეალური და ძალიან ეფექტური შესაძლებლობა ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის. ნიღბის ტარება არის უნივერსალური ვალდებულება. ღია და დახურულ სივრცეში, ეს თუ შესრულდა არანაირი დამატებითი ღონისძიება არ იქნება საჭირო. ჩვენ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ვიზრუნოთ, რომ ეს არ დარჩეს ქაღალდზე. მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ გვაქვს მხოლოდ ეს ორი გზა, იმუნიზაცია და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.