საბჭოთა ანაბრები დღემდე რჩება ქვეყნის გადაუხდელ შიდა ვალად. ვალი რომ არის და თანაც გადასახდელი, ამას არცერთი ხელისუფლება უარყოფს, არც ძველი და არც ახალი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, ძველები ამბობენ, რომ ვერ მოასწრეს, ახლები კი მეთოდებზე ფიქრობენ და აცხადებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უახლოეს წლებში ვერ მოხდება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, რომ მაშინდელი მაღალი ინფლაცია ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგი იყო.
"დაიწყო დიდი რაოდენობით ამ კუპონების გაცემა და ფიქსირდებოდა ძალიან მაღალი ინფლაცია, 1300-1600%, ეს სასწაული არის, ფაქტიურად დაკარგა ინტერესი ინვესტიციებმა, ექსპორტის განხორციელებამ, ყველაფერმა დაკარგა ინტერესი, დაახლოებით, თუ არ ვცდები, 800 მილიარდი კუპონი და მანეთი გაიცა მაშინ, 500 კომპანიაზე და ბანკზე, ესეც ძალიან ელიტური იყო მაშინ, ვინც ამას აკეთებდა, ყველამ იცოდა თავიდანვე, რომ ეს ფული გაჰქონდა იმიტომ, რომ არ დააბრუნებდა, – ძალიან ცოტამ დააბრუნა. ყველამ თავიდანვე იცოდა, რომ განწირული იყო იმ ფულის დაბრუნება, ეროვნულმა ბანკმაც იცოდა ეს, ამან გამოიწვია ინფლაციური პროცესები და ეს თანხები გაუფასურდა."
სახელმწიფომ აღიარა საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად, მაგრამ დაბრუნების პროცესი არ დაწყებულა, თუმცა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამის პრაქტიკა არის.
– დიახ, შემდგომში მოხდა ამის აღიარება შიდა ვალად და ეს იყო 502 მილიონი, ლარში – უკვე. თუმცა, ესეც იყო ძალიან მიზერი. მე მაშინ ვიყავი პარლამენტის წევრი და რომ მოვიდა ჩემთან ამომრჩეველი, განვიხილეთ, მაგალითად, თუ მას შეეძლო 90-იან წლებში შეეძინა გარკვეული თანხით 4 კარგი ავტომობილი, 99-ში იგივე თანხით მეორადი ავტომობილის შეძენა თუ იყო შესაძლებელი – ისიც გაჭირვებით. მაინც დაიწყო ამის გაცემა 97-98 წლებში, პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, ეს ძალიან მიზერული იყო, თუმცა შეწყდა ეს პროცესი რუსეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მერე ბიუჯეტის არშესრულება დაემატა ამას და შეწყდა.
რაც შეეხება იმას, სხვა ქვეყნებმა როგორ გადაწყვიტეს ეს პრობლემა – მაგალითად, აზერბაიჯანს არ აუღიარებია ეს შიდა ვალად და როგორც სოციალური პროგრამა ისე ჩამოაყალიბა. თუ არ ვცდები, აპირებს მილიარდ 300 მილიონ დოლარამდე გაცემას მიმდინარე წელს, რომ დაამთავროს 2013 წელში. ლიტვამ, მაგალითად, სხვა ფორმით შეიმუშავა, 2500 რუბლზე 100 დოლარი გასცა. მიდის ამის გაცემა, ჩვენთანაც, სახელმწიფოს უკვე აღებული აქვს თავის თავზე ეს ვალი, მაგრამ აქაც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ იმდენი თანხის გაცემა არ მოხდეს, რომ ამანაც გამოიწვიოს ინფლაციური პროცესები, რაღაცა ნაწილი, ვთქვათ, – 50 მილიონი, ჩვენს ბიუჯეტს ექნება იმის საშუალება, და ვფიქრობ ახალი ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს, რომ იმ ხალხმა, ვინც ცოცხლები დარჩნენ, იმ თანხის რაღაც ნაწილი მაინც მიიღონ. ვფიქრობ, სახელმწიფონ უნდა დაიწყოს შემდგომში ამ თანხების გაცემა ნელ–ნელა.
ბატონო სოლომონ, თქვენ ახსენეთ აზერბაიჯანის მაგალითი, რომელმაც არ აიღო ეს ანაბრები შიდა ვალად, როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად აიღო ჩვენმა მთავრობამ ეს თანხები შიდა ვალად, თუ გამოვალთ იმ მოსაზრებიდან, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და სწორედ რუსეთის სახელმწიფოს უნდა დაეუბრუნებინა ეს თანხები. ფაქტია, რომ საქართველომ ეს თავის თავზე აიღო და ისიც ფაქტია, რომ ამის დაბრუნების პოლიტიკური ნება არ ყოფილა, ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში პრეზიდენტის ან მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან რომ გადადებულიყო ამ თანხებისთვის, იმ მიზერული 502 მილიონი ლარის დაბრუნება დღემდე უკვე შესაძლებელი იქნებოდა, ცალკე საკითხია, რამდენად სამართლიანია ეს 502 მილიონი ლარი.
– ჩვენ რომ ხელი გავეშვირა რუსეთისკენ, და სამართალმემკვიდრედ ჩაგვეთვალა, ასე საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას შეეძლო, მაგრამ არცერთმა არ გაიშვირა, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა უაზრობა, დაგვრჩებოდა მხოლოდ ტრაფარეტული საუბრები, რომ ჩვენ რუსეთს ვთხოვთ და რუსეთი არ გვიბრუნებს. რაც შეეხება კერძო ბანკს, მისკენ რომ გაგვეშვირა ხელი, მას არც ჰქონდა და ვერც ექნებოდა გადახდის უნარი. არასწორი ფულად–საკრედიტო პოლიტიკა გაატარა სახელმწიფომ და აქედან იყო ამოსავალი მთელი ამ პრობლემისა. ეს რომ ვინმესთვის დაგვებრალებინა, გვეთქვა ჩვენი ბრალი არაა, სახელმწიფო არაფერს შუაშიაო, ეს არაფერი საშველი იქნებოდა. ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში საბანკო სისტემა ვერ მოწესრიგდა, ის ინსტიტუტი, რასაც ქვია საბანკო სექტორი ვერ ჩამოყალიბდა ქვეყანაში, ესეც სახელმწიფოს მიზეზით მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ ტრანსფორმაციული ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართ და ვერც ავუღეთ ალღო ახალ ეკონომიკურ ცხოვრებას.
დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ანაბრების ვალის ნაწილის გასტუმრება იმ პრივატიზირებული ქონებითაც შეიძლებოდა, რომელიც " ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა.
– თქვენ თუ ხარჯებს გადახედავთ, ბიუჯეტში, როდესაც შენობების პრივატიზება მოხდა და აქედან შემოსავალმა თითქმის 600-700 მილიონი შეადგინა, მაშინ ამის თანდათან გადახდა შეიძლებოდა, თუმცა არა ვარ მომხრე, რასაც ზოგიერთი ფიქრობს, რომ აქციების სახით მიგვეცა. ეს გამორიცხულია რადგან ჩვენ მაგაში ვერ დავიცავდით სამართლიანობის პრინციპს, იმიტომ, რომ რომელი კომპანიის აქციები, რომლისთვის უნდა მიგვეცა კაციშვილმა არ იცოდა, მერე იმ აქციების ხალხი როგორ გამოიყენებდა, მათი კოტირება არ ხდებოდა, იმ აქციებს ისევ უცხოელი ინვესტორები შეიძენდნენ, და ეს იქნებოდა წყალში გადაყრილი ფული. მეორეს მხრივ, უნდა დავანებოთ ამ რაღაც ფორმების გამოგონებას, კაცმა შეიტანა თანხა, ჯობია მივცეთ ისევ ისე თანხაში.