საბჭოთა ანაბრების თემა საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. თითქმის ყველა პოლიტიკოსი წინასაარჩევნოდ მოსახლებას ანაბრების დაბრუნებას ჰპირებოდა. ამ მხრივ გამონაკლისი «ქართული ოცნება» აღმოჩნდა. ვრცელ ეკონომიკურ გეგმაში აღნიშნულ საკითხს ორი სიტყვითაც არავინ შეხებია. არასამთავრობო ორგანიზაციამ «ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია» ახლახან დაიწყო კვლევა, რომელიც 90-იან წლებში შემნახველი სალაროდან ფულის გაქრობას ეხება. რამ გამოიწვია დანაზოგების დაკარგვა, ვის მიუძღვის ბრალი ამ პროცესში და როგორია მოქმედი ხელისუფლების როლი ანაბრების დაბრუნების საკითხში _ ამ თემებზე ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე გვესაუბრება.
მოქალაქეების ნაწილმა თანხა შემნახველ სალაროში 90-იან წლებამდე შეიტანა, ნაწილმა კი _ შემდეგ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ დაზარალებულებს დაუბრუნდეთ კუთვნილი თანხა?
- პირდაპირ გეტყვით: იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა, დაბრუნების ალბათობა დაბალია. ძალიან ბევრი შანსი იქნა ხელიდან გაშვებული. ყველაზე კარგი მომენტი პრივატიზაციის პროცესი იყო, რა დროსაც სახელმწიფო ქონება კერძო სექტორის ხელში გადავიდა. თავისუფლად შეიძლებოდა მეანებრეების დაკმაყოფილება უძრავი ქონების თუ ნებისმიერი სხვა აქტივის ფორმით. დღეს უკვე ანაბრების დაბრუნებას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება, რათა დროის მოკლე პერიოდში კომპენსაციების გაცემამ ეკონომიკის არ დააზარალოს.
კონკრეტულად რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი?
- ქვეყნის ბიუჯეტში 502 მილიონი ლარის მოცულობის თანხა შიდა ვალად არის აღიარებული. თავის დროზე ეს ანაბრები 13 მილიარდი მანეთი, დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი იყო. შემდგომ მოხდა ამ ანაბრების აფასება. ძალიან ბევრი ციფრი ფიგურირებს და ერთმნიშვნელოვანი ცალსახა პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს. რა რაოდენობის თანხაა გამქრალი და რა რაოდენობის კომპენსაცია უნდა დაუბრუნდეთ მოქალაქეებს _ ამის ცალსახა პასუხი არ არსებობს. ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მილიარდებზეა საუბარი. ზოგი 40 მილიარდზე საუბრობს, ზოგი _ უფრო მეტზე. ამის გარკვევა აუცილებელია, ვიდრე დავიწყებთ კომპენსაციაზე საუბარს.
რამდენად შესაძლებელია კონკრეტული ციფრების დასახელება, თუ რა ექვივალენტებში მოხდება ამ თანხების დაბრუნება. მარტივად რომ ვთქვათ, რამდენი იქნება 2 ათასი მანეთის პროპორციული თანხა დღეის მდგომარეობით?
- გააჩნია, ეს 2 ათასი მანეთი როდის იქნა შეტანილი. 1990 წლამდე ვალუტა მყარი იყო და, როგორც ამბობენ, დიდი ფული იყო. თუმცა 1992-93 წლების შემდეგ ინფლაციური პროცესები მოხდა, რა დროსაც 2 ათასი მანეთი, ფაქტობრივად, სერიოზულ თანხას აღარ წარმოადგენდა. ვფიქრობ, რომ საჭიროა დიფერენცირება შეტანის პერიოდის მიხედვით და შემდეგ უნდა მოხდეს დაანგარიშება, გადმოყვანა რეალურ დროში მიმდინარე მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. ამაზე პასუხი არავის აქვს.
წინასაარჩევნოდ ანაბრების დაბრუნება პარტიების ერთ-ერთი დაპირებაა ხოლმე. «ქართულ ოცნებას» ამ თემაზე საუბარიც არ ჰქონია. რამდენად არის პასუხისმგებელი მოქმედი ხელისუფლება ანაბრების დაბრუნებაზე?
- მთავრობა არ არის მარტო სახელებისა და გვარების ერთობლიობა. არამარტო მოქმედი, არამედ ნებისმიერი მთავრობა პასუხისმგებელია ამ თანხაზე. შიდა ვალი არ არის თანანმდებობის პირების, არამედ სახელმწიფოს ვალია. თანაბრად უნდა ეღიარებინა წინა მთავრობასაც და იმის წინასაც. მომავალში, რომელი მთავრობაც გვეყოლება, ამ ვალდებულების წინაშე ყველა თანასწორია.
თუ იკვეთება კონკრეტული პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ თემაზე საუბრისას საზოგადოება ასახელებს კონკრეტულ ადამიანებს: ზაზა სიორიძეს, ვანო ჩხარტიშვილს და ა. შ.
- რამის მტკიცება რომ დავიწყო, მეც იმავე გვარების დასახელება მომიწევს. ჯერ დასკვნა არ გამოქვეყნებულა, ამიტომ პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა ვერსიები არსებობს. ამ საკითხს ჯერჯერობით წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ვუდგებით. ყველაზე დამაჯერებელი ფაქტი არის ის, რომ ინფლაციამ შეჭამა ანაბრები, თუმცა აქვე უნდა ვეძიოთ, თუ ვინ გამოიწვია ეს ინფლაცია. ინფლაციაში დამნაშავე პიროვნებები უნდა გამოვავლინოთ. ამით გავიგებთ, რეალურად სად გაქრა ანაბრები. მთავარი მსაზღვრელი ამ შემთხვევაში არის სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები. სავარაუდოდ, დიდი წილი სუბიექტურ მიზეზებს უჭირავს. ექსპერტები ამბობენ, რომ 90-იან წლებში ეროვნულმა ბანკმა დანაშაულებრივი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა განახორციელა, რის შედეგადაც განვითარდა ინფლაცია.
როგორც არ უნდა მივუდგეთ საკითხს, ფაქტია, რომ შიდა ბიუჯეტში ეს თანხები აღიარებულია ვალად, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფომ ამ თანხის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო.
თქვენ საუბრობდით ინფლაციურ პროცესებზე და სახელმწიფოს დანაშაულებრივ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე...
- ვიკვლევთ ინფლაციურ პროცესებს, რომლებიც იმ პერიოდში მოხდა. ინფლაციის გამოწვევა სამოქალაქო პირს არ შეუძლია. ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგი. ნებისმიერ სახელმწიფოში ინფლაციაზე პასუხისმგებელია ოფიციალური უწყება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ინფლაციაში, რომელმაც ანაბრების გაუფასურება გამოიწვია, დიდი წვლილი ეროვნულ ბანკს მიუძღვის.
90-იან წლებში ეროვნული ბანკის მიერ ძალიან დიდი თანხები გაიცა რამდენიმე ასეულ კომპანიაზე. ამ საკითხმა, როგორც ინფლაციის გამომწვევმა მიზეზმა, ჩვენი დაინტერესება გამოიწვია. ეროვნული ბანკისგან მოვითხოვეთ ინფორმაცია კრედიტების შესახებ. გვაინტერესებდა, კონკრეტულად ვისზე და რა რაოდენობის თანხები გაიცა, თუმცა ზრდილობიანი უარი მივიღეთ იმ მოტივით, რომ ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა ინფორმაციის გაცემის უფლება. გვითხრეს, რომ ეს იყო საიდუმლო არასაჯარო ინფორმაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია «ახალგაზრდა ადვოკატებმა» მოამზადეს სარჩელი. დიდი ალბათობით, სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, ვინაიდან დასკვნაში დასაბუთებულია, რომ ეროვნული ბანკი ვალდებულია, ეს ინფორმაცია მოგვაწოდოს.
აქვე მინდა დავამატო, რომ ამ საკითხისადმი მოსახლეობა დიდ ინტერესს ამჟღავნებს. უკვე დაახლოებით ასმა დაზარალებულმა მოგვმართა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასება ნახოს საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრის საიტზე, ასევე, დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე.