ამერიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი ჯო ბაიდენისთვის სამი იმპიჩმენტის გამოცხადებას ითხოვს.
რესპუბლიკელი კანონმდებლის განცხადებით, მან უკვე შეიტანა წარმომადგენელთა პალატაში სამი რეზოლუცია, რომლებშიც ბაიდენის იმპიჩმენტს ითხოვს.
მისი განცხადებით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის 10 000 მოქალაქე ავღანეთში „თალიბანის“ ხელში დატოვა.
გრინი ასევე ამბობს, რომ ბაიდენმა საიმიგრაციო კანონმდებლობა დაარღვია და მექსიკასთან საზღვარზე კრიზისი შექმნა. გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატის წევრი აცხადებს, რომ თეთრი სახლის ლიდერმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად გაახანგრძლივა მორატორიუმი, რომელიც საცხოვრებელი ფართების მოიჯარეების გასახლებას ეხება.
„ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის შვიდი თვის განმავლობაში ამერიკამ მთელი მსოფლიოს პატივისცემა დაკარგა. მტკიცებულებები სახეზეა, ბაიდენის ქმედებები კი იმდენად მიუღებელია, რომ მას იმპიჩმენტი უნდა გამოვუცხადოთ“, - აცხადებს მარჯორი ტეილორ გრინი.
მედიის ცნობით, გრინის მცდელობები კონგრესში შედეგს ვერ გამოიღებს, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა ბაიდენის თანაპარტიელი „დემოკრატების“ კონტროლის ქვეშაა.