რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ლიდერი აბდულ ღანი ბარადარი ავღანეთის მთავრობის ფორმირების საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ქაბულში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.
„აბდულ ღანი ბარადარი ქაბულშია, რათა ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე შეხვედრები გამართოს“, - განუცხადა სააგენტოს „თალიბანის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. ვიზიტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.