რატომ წარმოადგენს გიორგი გახარია ადგილობრივ არჩევნებზე ყველა პოლიტიკური ძალისთვის საფრთხეს და ყალიბდება თუ არა ის მესამე ძალად?

რატომ წარმოადგენს გიორგი გახარია ადგილობრივ არჩევნებზე ყველა პოლიტიკური ძალისთვის საფრთხეს და ყალიბდება თუ არა ის მესამე ძალად?

დასრულდება თუ არა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ორპოლუსიანობა და დაუდებს თუ არა საფუძველს ამ ცვლილებას გიორგი გახარია?

იმ ფონზე, როცა არჩევნებამდე 6 კვირა რჩება და ოპოზიციიდან პარტიების ნაწილს კანდიდატები არც კი წარუდგენიათ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მთავარი დაპირისპირების ხაზი „ოცნებას“, „ნაციონალებს“ და პარტია „საქართველოს“ შორის გაივლის. კვლევებითაც ნათლად ჩანს, რომ ორ პოლიტიკურ ძალას შორის საზოგადოებაში გაჩნდა გახარიას პარტია, რომლის რეიტინგიც უკვე 10%-მდე აღწევს.

ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ გახარიამ ადგილობრივი არჩევენბის შემდეგ ძალები კიდევ უფრო მოიკრიბოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გვერდით ჩაწევაც კი მოუწიოს. რეალურად ადგილობრივ არჩევნებზე პატარა პარტიები, როგორც პოლიტიკური ძალა, საერთოდ გაუჩინარდნენ. ფაქტობრივად, ოპოზიცია საზოგადოებას აღარ ელაპარაკება. არსად ისმის წინასაარჩევნო დაპირებები და პროგრამა. სამაგიეროდ, „ნაციონალები“ თავის ამომრჩეველს ბიძინა ივანიშვილის საბოლოოდ გაშვებას ჰპირდებიან, „ოცნება“ კი პირობას დებს, რომ ენმ უკან ვეღარ დაბრუნდება. რაც შეეხება გიორგი გახარიას, იგი ამ ორი პარტიით შეწუხებულ ამომრჩეველს მათი პოლიტიკური ველიდან გაყვანას ჰპირდება. რატომ შეიძლება ექსპრემიერი მესამე პოლიტიკური ძალა გახდეს და რა იქნება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მისი მთავარი სამოქმედო გეგმა?

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას მესამე ძალის ცნება მიჰყავს, თუმცა რეალობაში ამას რამდენად მოახერხებს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი. ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მართალია „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მესამე ძალა დაირქვა, მაგრამ ამ კონცეფციის განხორციელების პერსპეტქივა გახარიას აქვს.

მისი აზრით, გახარია 10%-მდე აიღებს, რაც მისთვის ამ ეტაპზე ძალიან კარგი შედეგია. ის ძირითადად პატარა პარტიების და „ოცნების“ ელექტორატს აკრიფავს. ეს კი ყველაზე მეტად ამ პატარა პარტიებს დააზიანებს. „ოცნება“ პირველ ადგილზე გავა, „ნაციოანლები“ მეორეზე, ხოლო გახარია ყველა ამ მცირე პარტიას ბევრად გაუსწრებს. ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ ადგილობრივი არჩევნები ექსპრემიერისთვის ერთგვარი ტრამპლინი იქნება, რომლის შემდეგაც ის კიდევ უფრო მოძლიერდება და ვაჭრობას დაიწყებს.

„მართალია გახარიას გუნდში პოლიტიკოსები არ ჰყავს, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში ეს მინუსი არაა. პირიქით, თუ პოლიტიკოსები გყავს, ესაა პრობლემა. ჩვენ პოლიტიკაში, სპორტსმენები და სხვა სფეროს წარმომადგენლები უფრო ბევრნი არიან. ამ ფონზე გახარია თუ ადგილობრივ არჩევნებზე 10%-მდე აიღებს ის, რა თქმა უნდა, ვაჭრობას დაიწყებს. ეს ვაჭრობა კი პირველ რიგში „ოცნებასთან“ შედგება. გახარია ყველაზე მეტად ხელისუფლებას დასჭირდება. მმართველ გუნდში გარკვეული ძვრები დაიწყება და თუ ვინმე ხელისუფლებიდან მის შესაძლებლობებს ეჭვის თვალით უყურებდა, ისიცი კი მის მხარეს გადავა.

 ამის პარალელურად კი, არსებობს დიდი ალბათობა, რომ კახი კალაძემაც გახარიას მხარეს გადაიწიოს. ჯერჯერობით ის ამას არ აკეთებს, რადგანაც თბილისის მეორედ მერობა პატარა პოლიტიკური განაცხადი არა არის. ის მეორედაც დამაჯერებლად პირველივე ტურში მოიგებს. ამიტომაც გახარია-კალაძის ტანდემს 2024 წლის არჩევნებისთვის არ გამოვრიცხავ. „ოცნებაში“ ახლა სამი დინებაა. პირველი ესაა კობახიძის გუნდი, მეორე კალაძის მომხრეები და გიორგი გახარიასი, რომლებიც ჯერჯერობით ექსპრემიერის შანსებს შორიდან აკვირდებიან. ამიტომაც ვამბობ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ბევრი რამე შეიცვლება“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ჩნდება ლოგიკური ვარაუდი, თუკი გახარია მესამე ძალის ალტერნატივას შექმნის, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ გვერდით გაწევა მოუწევს, მით უმეტეს ენმ-ის შანსები რეგიონებში საკმაოდ შესუსტებულია და, დიდი ალბათობით, მთავარი ბრძოლა გახარიასა და „ოცნების“ კანდიდატებს შორის გაიმართება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, გახარიას შანსები რეგიონში ძალიან დიდია, ამიტომაც ენმ-ს ამ არჩევნებზე დასამარცხებელი მხოლოდ „ოცნება“ არ ჰყავს. მას ახალი პრობლემა გახარია ჰყავს და არ უნდა ეგონოს, რომ თუკი ის „ოცნების“ ელექტორატს აკრიფავს, ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველსაც არ გადაიბირებს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან „ნაციონალებს“ პოზიციების დათმობა მოუწევთ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ენმ ახლა „ოცნებას“ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს და საკუთარი ენერგიით მის გაცოცხლებას ცდილობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პარტია ერთი კვირა რომ ხელისუფლებამ აღარ ახსენოს, ხალხს საერთოდ არ გაახსენდება. 2020 წელს ამ პარტიას ამომრჩეველი რომ გაეზარდა, ესეც „ოცნების“ დამსახურებაა, რადგან სულს ბერავს და მასზე გაბრაზებულმა ამომრჩეველმა მათი დასჯა გადაწყვიტა.

„ოცნების“ გარეშე ნაციონალები არ არსებობენ. ერთი კვირაც კი რომ მასზე ხელისუფლებამ არ ილაპარაკოს ხალხს ისინი აღარც კი ემახსოვრება. ამომრჩევლის გაზრდაც ხელისუფლების დამსახურებაა. ეს ორი პარტია საკუთარი ენერგიით ერთმანეთს კვებავს. ამიტომაც არის გახარია ორივესთვის თავის ტკივილი. ახლა თუ დააკვირდებით არც ერთი მხარე მას დიდად აღარ ლანძღავს. რატომ? იმიტომ რომ მიხვდნენ, ის მათ ველზე სათამაშოდ არ შედის და ხალხს უფრო მოსწონს. გახარია სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს ადგენს და პირდაპირ ხალხს ესაუბრება. ესენი კი მხოლოდ ერთმანეთთან ლაპარაკობენ. ერთმანეთით იმდენად არიან დაკავებულები, რომ ხალხი სად არის ვეღარ ხედავენ. პატარა პარტიებიც ამ აურზაურში დაიკარგნენ. გაითქვიფნენ ამ 7 თვის განმავლობაში და მათი ცალკე დისტანცირება უკვე ვეღარ ხდება. ამიტომ არის, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის სრულიად სხვა რეალობა და პოლიტიკური დღის წესრიგი გვექნება“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილიც დარწმუნებლია, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ორპლუსიანი ვეღარ იქნება და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება. ზურაბიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ რეალურად ვერც ერთმა პარტიამ ვერ შემოგვთავაზა და გაგვაგებინა რა უნდათ. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში კი პატარა პარტიები არიან. ანალიტიკოსის აზრით, ადგილობრივ არჩევნებზე ყველაზე ნაკლები სადარდებელი გახარიას აქვს, რადგან მისი ახლად შექმნილი პარტია უკვე 10%-იან ნიშნულზე იმყოფება. ის ყველას ამომრჩეველზე ინადირებს და განსაკუთრებით „ოცნების“ და პატარა პარტიების. ამიტომ ადგილობრივ არჩევნებზე გიორგი გახრია „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ თავს მოაფხანინებს და ორპოლუსიანობის დასასრულის დასაწყისი იქნება.

„ამ არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ ვერ შემოგვთავაზა რა უნდათ, რას გვიპირებენ, არავინ არაფერს ამბობს. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში კი, პატარა პარტიები არიან. „ოცნება“ ამბობს, რომ „ნაციონალებს“ არ მოუშვებენ. „ნაციონალები“ ამბობენ, რომ ბიძინას თავს დააგორებენ და „ოცნებას“ ხელისუფლებიდან გაყრიან. ორივე ამ პარტიას სპეციფიური ამომრჩეველი ჰყავს და ასეთი ლექსიკით საუბარი მათთვის მისაღებია. სულ რომ არაფერი დაჰპირდე, ესეც საკმარისია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის ამბობს, რომ „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ ის მოუვლის.

ხალხს პირდება, რომ ამ ორი პარტიის ტყვეობიდან გაათავისუფლებს. პატარა პარტიები კი ამომრჩეველს საერთოდ აღარაფერს ელაპარაკებიან. ბოლოს თავადაც ვეღარ ერკვევიან, რა უნდათ. ამიტომ ამ არჩევნებზე ყველას თავის ტკივილი მაინც გახარია იქნება - განსაკუთრებით „ოცნებისთვის“ და „ნაციონალებისთვის“. ეს ორი პარტია ერთმანეთს კვებავს და მესამის გამოჩენა სულაც არ აწყობთ. ამიტომ ეს არჩევნები აღარ იქნება ორპოლუსიანი, რადგან შემოვიდა გახარია და შეიძლება მართლაც გახდეს მესამე ძალა, ალბათ 10%-ს აიღებს, ვნახოთ, ვის დააყენებს მერობის კანდიდატად“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება ხელისუფლების შეცვლას, ზურაბიშვილის აზრით, თვითმმართველობის არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვლება. თუ „ოცნებამ“ 43% ან მეტი აიღო, ოპოზიციას 2024 წლამდე მოცდა მოუწევს. თუ ვერ აიღო „ოცნებამ“ 43%, მაშინ ეს იქნება სერიოზული პრელუდია ხელისუფლების შეცვლის. რისი შანსი და ალბათობაც ნაკლებია.