ლადო ბოჟაძის შეფასებით, გიორგი გახარიამ, რომელმაც „ქართული ოცნების“ და მათ შორის დანარჩენი ოპოზიციის ხმები წაიღო, შეიძლება ნაკლებად დააზარალოს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ თვალსაზრისით, რომ მათი რადიკალური და სტაბილური ამომრჩევლისთვის მიუღებელია გახარია, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერი. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, გახარიამ შეიძლება ხმები წაართვას სხვა მცირე-მცირე პარტიებს და თვითმმართველობის არჩევნებზე გავიდეს მესამე ადგილზე.
for.ge ლადო ბოჟაძეს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნებმა შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან, გაქვთ ეს მოლოდინი?
ლადო ბოჟაძე: რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან არ და ვერ გავა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ძალა, კონგლომერატია, რომელსაც აქვს საკუთარი მედია, სამოქალაქო გუნდი, ბიზნეს-მხარდაჭერა, პარტიას წარმოადგენენ ბიზნესმენები, რომელთა ბიზნესს არასოდეს არავინ არ შეხებია. ვიცით, ჩვენ ეს მილიონრები, რომლებიც აფინანსებენ ამ პარტიას. ამიტომ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ მარტივად ვერ გავა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ, ალბათ, თვითმმართველობის არჩევნებიდან უნდა ველოდოთ იმ შედეგებს, რომელიც ჩვენ ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე, როცა ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა ხმა არ მისცა „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“.
იგივე პროცესი მიდის ახლაც?
- თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გაამყაროს რწმენა, რომ ორპოლუსიანობა დასრულდეს და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არსებობენ სხვა პოლიტიკური ძალები ოპოზიციაში, რომლებიც შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში. იმიტომ, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერია. იცით, რომ საპარლამენტო არჩვენებზეც დაბალი ბარიერი შენარჩუნდება, ეს პროცესი მიდის პარლამენტში, ანუ სიცოცხლისუნარიანი ე.წ. პატარა პარტიები შეძლება ისევ იყვნენ წარმოდგენილი მომავალში პარლამენტში.
დაიწია ბარიერმა. დედაქალაქში 2,5%, რეგიონებში 3%. აქაც ამ პატარა პარტიებმა ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არსებობს არჩევანი. შესაბამისად, ეს ხმები ყველა შემთხვევაში უნდა დააკლდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც თავისთავად მაქსიმალურად დაასუსტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დომინირებას ოპოზიციურ სივრცეში. თუმცა, არც „ნაცმოძრაობა“ არის გულხელდაკრეფილი, ზოგს მოღალატეს ეძახის, ზოგს გაყიდულს, სწორედ იმიტომ, რომ არ წაართვან ოპოზიციური ხმები.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბარიერი დაწეულია და განსაკუთრებით რეგიონში, შესაძლებელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმები წაართვას გახარიას პარტიამ და სწორედ გახარიას პარტიამ ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა“, ამის შანსები რამდენად არის?
- რაც შეეხება გახარიას პარტიას, მან თავისი რეიტინგი უკვე აჩვენა, რაც კვლევებშიც გამოჩნდა. გახარიას პარტიამ წაიღო „ქართული ოცნების“ ხმები, მაგრამ ასევე წაიღო დანარჩენი ოპოზიციის ხმებიც. გახარიას პარტიამ შეიძლება ნაკლებად დააზარალოს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ თვალსაზრისით, რომ მათი რადიკალური და სტაბილური ამომრჩევლისთვის ასევე მიუღებელია გახარია. იმიტომ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ის იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერი. თუმცა, გახარიამ შეიძლება მოახერხოს და ხმები წაართვას სხვა მცირე-მცირე პარტიებს. ვფიქრობ, რომ ასეც იქნება და ამ არჩვენებზე გავა კიდეც მესამე ადგილზე.
ანუ, შესაძლებელია, რომ გიორგი გახარია ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკურ ძალად?
- არ არის გამორიცხული. დიდი შანსია, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა ეს შედეგი მოიტანოს გახარიასთვის, რაც კიდევ უფრო მეტად გააჩენს იმის პერსპექტივას, რომ ოპოზიციური ელექტორატი გადაერთოს არა მცირე პარტიებზე, არამედ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლება საკუთარი მყარი ელექტორატი შეინარჩუნოს, მაგრამ ოპოზიციურ ველზე მსხვილი მოთამაშის გამოჩენა რაღაცა სხვა განწყობებსაც გააჩენს, ზოგადად, ოპოზიციურ ელექტორატში. ეს ფუნქცია ნამდვილად შეუძლია შეასრულოს გახარიამ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, სანამ სააკაშვილი ცოცხალი იქნება და იაქტიურებს საქართველოს პოლიტიკაში, მას ექნება გავლენა და ეყოლება საკუთარი მყარი ელექტორატი. დღეს ეს ამომრჩველი სააკაშვილის ელექტორატია და არა „ნაციონალური მოძრაობის“. არავის არ ახსოვს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამ პარტიის თავმჯდომარე და საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ხვალ შეიძლება მელიაც აღარ იყოს თავმჯდომარე და ანზორის გარდა არავის გაახსენდება ოდესმე „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომ იყო. ეს სააკაშვილის პარტიაა. მელია მოძრაობს, იქ მამა დაასახელა კანდიდატად, მაგრამ ისინი ხომ მაინც სააკაშვილზე არიან დამოკიდებულები.
მამა-შვილობა ქართული პოლიტიკისთვის ახალი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში რა კრიტერიუმებით მოხდა კანიდიდატების ასე განსაზღვრა, მით უფრო რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სტაბილური საარჩვენო სტრატეგია არ აქვს და ეს ჩანს ყველა ეტაპზე...
- ეს საინტერესო ამბავია იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიო პოლიტიკა იცნობს ფაქტებს, როცა მამას მოუყვანია შვილი პოლიტიკაში, ან შვილი მამის გზას გაყოლია. საქართველოში დედა-შვილის მაგალითიც გვაქვს, აგერ ბურჯანაძე-ბიწაძე; მამა-შვილი გაბაშვილები, ასევე ნათელაშვილები და ა.შ. მაგრამ შვილს მამა შემოეყვანოს პოლიტიკაში, ეს კიდევ ცალკე ამბავია.
ანზორ მელიას როგორც პოლიტიკოსს, არავინ იცნობს, მას იცნობენ როგორც ექიმს...
- ვფიქრობ, ეს ერთგვარი შანსია მელიასთვის, უკანა რიცხვით დაადასტუროს, რომ სამეგრელოში სერიოზული მხარდაჭერა აქვს.
რას გულისხმობთ?
- ჯერ კიდევ 2017 წელს იყო მელიაზე საუბარი, რომ ის უნდა ყოფილიყო ზუგდიდის მერობის კანდიდატი, მაგრამ მაშინ წარადგინეს სანდრა რულოვსი. 2020 წელსაც იყო საუბარი. სამეგრელო, სადაც ტრადიციულად „ნაცმოძრაობას“ მყარი დასაყრდენი აქვს, არ უნდოდა, რომ ამ წარმატებაში ვინმე შეცილებოდა. ახლა საუბარია იმაზე, რომ რა შედეგიც დაიდება, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება მელიაზე, რომელსაც შანსი მიეცა საკუთარი ავტორიტეტი გაზომოს სამეგრელოში.
ზუგდიდი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი და ამას ადასტურებს ყველა არჩევნები, 2017 წელს ეს ვნახეთ სანდრა რუსლოვსის მაგალითზე. მაგრამ მელიას რა შანსები აქვს?
- გეთანხმებით, სანდრა იყო კარგი მაგალითი, რომელიც სააკაშვილის მეუღლე იყო, მაგრამ ვიცით, რა შედეგით დასრულდა. იგივე განმეორდა 2020 წელს. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ელექტორატი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. მით უმეტეს ამ ოპოზიციურ სივრცეში შესულია გახარია. თვითონ ანზორ მელია, რომელიც დამსახურებული ექიმია და ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ მათთვის იმის წარმოდგენა, რომ ანზორ მელია 74 წლის ასაკში საკუთარ საქმეს მიატოვეს, დაჯდება ზუგდიდში და იმაზე იზრუნებს - გარე განათება და წყალი გაიყვანოს, ასფალტი მოაპირკეთოს, ან სასაფლაოს ღობეების კეთილმოწყობაზე იზრუნოს, რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერებს. მისი, როგორც ექიმის პატივისცემით შეიძლება ბევრმა ადამიანმა შემოხაზოს, მაგრამ ყველას ეცოდინება, რომ ზუგდიდში არ გადასხლდება მელია, გულის ოპერაციის ნაცვლად, ბაგა-ბაღების მშენებლობას, ან ღობეების შემოკეთებას არ დაიწყებს.
„როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება 40%-ს ვერ მიუახლოვდება“, - ამბობს ნიკა მელია. საარჩევნო კამპანია, რომელიც დაწყებული აქვს ხელისუფლებას, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რეგიონებში გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება? თბილისს, რომ კალაძე უპირობოდ იგებს, ამაზე საუბრობენ...
- პირიქით, რეგიონებში უფრო ადვილი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ მოგება. იმიტომ, რომ როგორც წესი, ყველა ხელისუფლებას ქალაქებში უჭირს მოგება. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ამდენი რამე გააკეთა კალაძემ, მისთვის ხმის მიცემის მოტივაცია მაინც ის არის, რომ - კალაძეა. ლიფტი გამოუცვალე, სახურავი შეუცვალე, ეზოში სკვერი გაუკეთე, ეს ქალაქელებისთვის არ არის მოტივაცია ხმა მისცენ, ან არ მისცენ. სხვა ღირებულებებით საზღვრავენ ქალაქის ამომრჩევლები და არა მარტო დედაქალაქში, არამედ იგივე ქუთაისში, ბათუმში, ფოთში და ა.შ.
რეგიონებში უფრო მარტივია, იმიტომ, რომ ბევრი პროექტები ხორციელდება და როგორც წესი, უფრო მადლიერები არიან ხელისუფლების. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას არ გაუჭირდება რეგიონებში წარმატების მიღწევა. მელიას განცხადება, რა თქმა უნდა, უკავშირდება საარჩევნო კამპანიას. მელიას ამ განცხადებაზე აეწყობა მათი სოციოლოგიური კვლევა - 40%-თან თუ არ არის, როგორ აიღებს 43%-ს? რაც ადვილად გასაპროტესტებელი იქნება ოპოზიციისთვის.