„ანანიაშვილს, როგორც ყოფილი პოლიციის უფროსს, ჰკითხონ რატომ დააკავა ირაკლი ბართაია თავის დროზე და რა ინფორმაცია აქვს ამ ადამიანის შესახებ“

„ანანიაშვილს, როგორც ყოფილი პოლიციის უფროსს, ჰკითხონ რატომ დააკავა ირაკლი ბართაია თავის დროზე და რა ინფორმაცია აქვს ამ ადამიანის შესახებ“

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ბართაია, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანალოგიური ბრალდებით სააკაშვილის ხელისუფლებამ დააკავა და მას მაშინაც მას საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქმის ხელახალი გამოძიების შედეგად, კი დადგინდა, რომ საქმე შეკერილი იყო და ახალგაზრდას ხელყუმბარა ჩაუდეს.

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, სადაც გიორგი გახარიას პარტიის წევრი ფიგურირებს, ე.წ. „კანონი ქურდი“ ლავასოღლია. ის, 2020 წლის ივნისში 7 სხვა პირთან ერთად პოლიციამ ბათუმში ე.წ. კანონიერი ქურდის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავა. გარდა ამისა, ბართაია ფიგურირებდა ე.წ. საკოლმეურნეო ბაზრის საქმეში, სადაც თავისი ინტერესები ჰქონდა ლავასოღლის. ამ კრიმინალური გარჩევის საქმეზე მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით -126; 151; 187; წარუდგინეს, კერძოდ, ბართაიას ბრალი ედება ძალადობაში, მუქარასა და ნივთის დაზიანებაში. მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 15 000 ლარი შეუფარდეს. ბრალდებული ბართაია ამჟამადაც 15 000 ლარიანი გირაოს ქვეშა იმყოფება.

ბართაიას კრიმინალური წარსულის მიუხედავად, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ირწმუნებიან, რომ პოლიციამ მათ თანაგუნდელს იარაღი ჩაუდო. გიორგი გახარია რიგით პოლიციელებს პირდება, რომ ვინც არაკანონიერ დავალებებს გასცემს, მოეკითხებათ.

„რამდენიმე არაკეთილსინდისიერი, არაპროფესიონალი რომ გამოერევა, რომელიც აი, ამ სულელურ დავალებებს იძლევა - ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიციელის სახელი და პოლიციელის ღირსება უნდა შევლახოთ - მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ! ამიტომ ვამბობ, რომ არის ზეპარტიული საკითხები, რომლებზეც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს დღევანდელი ხელისუფლებაა, თუ წარსული, თუ სხა პოლიტიკური პარტიები.

რა არის უღირსობა - როდესაც შენ იცი, რომ შენს ქვეყანაში სამსახური არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივი, უბრალოდ ადამიანს ოჯახი ჰყავს სარჩენი და ემუქრები სამსახურიდან გაგდებით და აპრიორი არაკანონიერ დავალებას ასრულებინებ - ეს ყველას მოეკითხება. ამას იმ რიგითებსაც ვპირდები, რომელთა ღირსებასაც ასე უნამუსოდ ლახავენ და მათაც, ვინც ასე არაკანონიერ დავალებებს იძლევა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტიის კიდევ ერთი წევრის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით დაკავებულს ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ავტომანქანის საბარგულში ჩაუდეს. კერძოდ, პარტიული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბართაია მიემგზავრებოდა სურამში, რა დროსაც მცხეთაში გააჩერა პოლიციამ და გადაიყვანა მანქანიდან. მისი მონაწილეობით ავტომობილის ჩხრეკის ჩატარებამდე, ის ჩასვეს ე.წ. ტაქსიში - პოლიციის შენიღბულ მანქანაში, სადაც გაჩერების მიზეზად ისევ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაუსახელეს.

როგორც ბუჩუკური ამბობს, ამ პერიოდში მეორე მანქანა ჩადგა ამ ტაქსსა და ბართაიას მანქანას შორის ისე, რომ მთლიანად დაფარა მისი მანქანის ხილვადობა. შემდეგ კი, ის გადმოიყვანეს ტაქსიდან, მიიყვანეს მის კუთვნილ ავტომობილთან და მოსთხოვეს საბარგულის გახსნა, სადაც მას ედო სამგზავრო ჩემოდანი, რომელიც მეუღლემ ჩაულაგა გამგზავრებამდე. როგორც დეპუტატი ამტკიცებს, სწორედ ეს ჩემოდანი გახსნეს პოლიციელებმა და ამოიღეს იარაღი.

„ამ საფუძვლით მოხდა მისი დაკავება და შემდგომში ფიზიკური ძალის გამოყენებით ბიოლოგიური მისი მასალის (ნერწყვის) აღება, რა დროსაც მან მიიღო დაზიანება, რაც გვაძლევს მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ბიოლოგიური მასალა სჭირდებოდათ შემდგომ ე.წ. ნივთმტკიცებაზე დნმ-ის კვალის დასატანად. უკიდურესად სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ლახავს ყოველგვარ წითელ ხაზებს და დაიწყო სწორედ იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც პრაქტიკულად ერთი ერთში ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებულ მეთოდებს.

ალბათ, ხელისუფლება ეცდება, ამ სამარცხვინო ფაქტის გასამართლებლად აკაკი ბართაიას მიმართ ჩხუბის საქმეზე შეფარდებული გირაო, რომელზეც ჯერ განაჩენიც არ არის გამოტანილი, გამოიყენოს მის მიმართ, როგორც კომპრომატი, მაგრამ ეს ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ ბართაიას იარაღი ჩაუდეს და დააკავეს სწორედ პოლიტიკური ნიშნით. ვიცით, რომ დღეს ხელისუფლება ძალიან შეშინებულია და იყენებს მეთოდებს, რომელიც თავადაც ფაქტობრივად, აანონსებს საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულის დასაწყისს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გიორგი გახარიას პარტიის ბრალდებას უარყოფენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის გუნდში ცდილობენ დევნილის მანტია მოირგონ და ყურადღების მიქცევას ცდილობს.

„არ მგონია, ეს დამაჯერებელი განცხადებები იყოს. მესმის, რომ ცდილობენ რაღაც პოლიტიკური ნიშა დაიკავონ და ყურადღება მიიქციონ. ამ თვალსაზრისით ცდილობენ, რომ დევნილის მანტია მოირგონ. სინამდვილეში, ასეთი მეთოდებით და ხერხებით, ბუნებრივია, არც არავის ვუპირისპირდებით, ასეთი პრეცედენტები მოსალოდნელი არ იქნება. უბრალოდ, ლოგიკა არ არის, რომ მსგავსი მეთოდები იყოს გამოყენებული.

არ არის დამაჯერებელი და შესაბამისად, არ მგონია, რომ დიდ ყურადღებას იმსახურებდეს ასეთი ტიპის განცხადებები. კონკრეტული კრიმინალური შემთხვევები შეიძლება განსახილველი იყოს, ამისთვის არსებობს მართლმსაჯულების სისტემა და თუ რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბრალდებული ირაკლი ბართაია როგორც „კანონიერი ქურდის“ ლავასოღლის ღია მხარდამჭერი, ბათუმში სწორედ ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და დღეს გახარიას პოლიტსაბჭოს წევრმა, კოტე ანანიაშვილმა დააკავა. ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის განცხადებით, ადამიანი, რომელიც ლავასოღლის მხარდაჭერ აქციაში ღიად იყო ჩართული, გასაგებია მისი დამოკიდებულება. როგორც ბოჟაძე აცხადებს, გახარიას გუნდმა არ გაითვალისწინა ბრალდებულის წარსული, რადგან მისი წარსულიდან მხოლოდ რობაქიძის საქმე არ არის. გარდა იმისა, რომ ის მონაწილებოდა ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე, ასევე არსებობს კონკრტული კადრები, სადაც ჩანს კონკრეტული საქმის გარჩევა.

„გათვლა არ ჰქონდათ იმაზე, ამას რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში. ზოგადად, კრიმინალთან გაიგივებული ადამიანის პოლიტიკასთან გაიგივება, არც ერთ პოლიტიკოსს არ უნდა სჭირდებოდა და ამას უნდა უფრთხოდნენ როგორც ცეცხლს, რადგან ძალიან საშიშია ამ სიტუაციისთვის და ცხადია, ამაზე ამომრჩეველს რეაქცია ექნება. ადამიანის უფლებებს ვიცავ, ლავასოღლის კი არა, იმდენი ადამიანის უფლებებია დარღვეული, არსად არ გამოჩენილა ბართაია. აქედან გამოდინარე, მისი დამოკიდებულება და ცხოვრების წესი ნათელია. რაც ყველაზე მთავარია, სამი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი სხვა საქმეზე, რაზეც აქვს გირაო შეფარდებული“, - ამბობს ბოჟაძე.

თუ ამ საქმეს პოლიტიკური თვალსაზრისით შევხედავთ, ბოჟაძის შეფასებით, აბსოლუტურად გაუგებარია შსს-ს რატომ უნდა ჩაედო ადამიანისთვის იარაღი და მით უმეტეს ისეთი ადამიანისთვის, როცა ყველა შემთხვევაში იცოდნენ, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა და გახარიას ექნებოდა საშუალება პოლიტიკური ქულები დაეწერა.

„შსს პოლიტიკური კალნედრით არ მოქმდებს, მოქმედებს კანონის ფარგლებში. პროკურატურამ წარადგინა მტკიცებულება და სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური სარჩული გამორიცხულია. ანანიაშვილს, როგორც ყოფილი პოლიციის უფროსს, ჰკითხონ რატომ დააკავა ეს ადამიანი თავის დროზე და რა ინფორმაცია აქვს ამ ადამიანის შესახებ, რომელიც დღეს მისი პოლიტიკური გუნდის წევრია? მაგრამ, როცა ანანიაშვილმა დაიჭირა, მაშინ დასაჭერი იყო და მაშინ კარგი იყო შს სამინისტრო, მაგრამ ახლა კარგი არ არის, იმიტომ, რომ ანანიაშვილი არ მუშაობს. ეს არ არის სწორი მიდგომა, ერთადერთი ემსახურება შსს-ს დისკრედიტაციას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლადო ბოჟაძე.

 

Katana . ვერც რურუას და ვერც ამ ბართაიას საქმეში ერთი რამ ვერ გავიგე: იმისათვის, რომ იარაღის ქონა (ტარება) დაუმტკიცო ბრალდებულს, არაფერი არ არის საჭირო იმის გარდა, რომ ეს იარაღი მისი მანქანიდან ან ჩანთიდან "ამოიღო"?
ამ "ჩადებულ" პისტოლეტებზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა არ ტარდება?
თუ ჩატარდა ამგვარი ექსპერტიზა და იარაღზე ნამდვილად აღმოჩნდა პატრონის თითების ანაბეჭდები, რისი იმედით უარყოფენ ფაქტს ბრალდებულები, რომ იარაღი მათი კუთვნილებაა და არა პოლიციის მიერ ჩადებული?
ხოლო, თუ ასეთი საბუთი არ გააჩნია პოლიციას, რისი იმედით ტენიან ამ ბრალს? თვითონ ხომ ვერ "მიახატავენ" პატრონის თითების ანაბეჭდებს?!
რატომ არის ხოლმე ეს საკითხი ამდენი დავის საგანი, ვერაფრით ვერ გამოვიცანი...

იმ იარღზე ხომ უნდა იყოს პატრონის ხელის ანაბეჭდები?
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის გარეშე რანაირად "შეტენი" იარაღს?
ხოლო, თუ ასეთი ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რა ჩადებაზეა საუბარი?
3 წლის უკან