6 კვირა არჩევნებამდე და გაურკვევლობა პოლიტიკურ ძალებში - 18 აგვისტოს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბათუმში საერთო კანდიდატები წარადგინა. თუკი ბოლო დღეებში ერთობლივ პრეზენტაციებს ძირითადად ოთხი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ „დროა“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ მართავდა, ამჯერად წრე გაფართოვდა და გამოჩნდნენ შეთანხმებული კანდიდატები ასევე - „ლელოდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“. თუმცა ოპოზიციის ერთობაც არასრულია. მაგალითად, მას არ უერთდება „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელმაც მომავალი არჩევნებისთვის ახალი სახელი - „მესამე ძალა“ დაირქვა. პარტია საკუთარ კანდიდატებს 30 აგვისტოს დაასახელებს. ჯერჯერობით გაურკვეველია როდის წარადგენს კანდიდატებს „ლელო“ და ეყოლება თუ არა მას საკუთარი კანდიდატი თბილისის მერის პოსტისთვისაც.
უკვე ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებზე სრულიად დამოუკიდებლად იმოქმედებს პარლამენტში შესვლის გამო სხვა ოპოზიციურ პარტიებზე სასტიკად განაწყენებული „ლეიბორისტული პარტია“, რომლის ოფისიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც და შემდგომ პერიოდში ოპოზიციური ერთობის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო.
ასევე ცნობილი ხდება, რომ გიგი უგულავა ფოთის მერობისთვის იბრძოლებს - განაცხადი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა და კანდიდატის გარშემო ოპოზიციური ერთობაც დააანონსა. მანამდე ფოთში თინა ბოკუჩავას კანდიდატურა განიხილებოდა.
რამდენად გამართლდება ერთიანობის მოლოდინი ფოთში, ჯერ უცნობია. როგორც ჩანს, კანდიდატი პოლიტიკურ პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა, მათ შორის სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა „ევროპული საქართველოსთვისაც“, რომლის რიგებში გიგი უგულავა სულ რამდენიმე თვის წინ ირიცხებოდა. სანამ ოპოზიციური პარტიები ფოთის მერობის კანდიდატურაზე საბოლოო პოზიციებს ჩამოაყალიბებენ, „ქართული ოცნება“ ოპონენტს უკვე უწინასწარმეტყველებს მარცხს.
მმართველ გუნდში გიგი უგულავას თბილისის მერობის გამოცდილება და საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალი შეახსენეს.
ბევრი კითხვა და ცოტა დრო არჩევნებამდე: რა სტრატეგიით მოქმედებენ ოპოზიციური პარტიები?
2 ოქტომბერს ამომრჩევლებმა საქართველოს მასშტაბით უნდა აირჩიონ 64 საკრებულოს 2068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერი.
პარტიული სიების, საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა, ცესკოს გრაფიკის თანახმად, 2 სექტემბერს ამოიწურება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ეს არის მოჩვენებითი ოპოზიციური ერთიანობა, რომელიც მათ ამომრჩევლის კვლავ მოსატყუებლად სჭირდებათ. ოპოზიციის ნაწილი ისევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სცენარის გათამაშებას აპირებს. ისინი მოგებისთვის კი არა, არჩევნების მეორე დღისთვის ე.წ. გაყალბების გაპროტესტებისთვის ემზადებიან. ამის ნათელი მაგალითი კი ის პოლიტიკური სახეები არიან, რომლებიც ამ ქმედებაში ყველაზე გამოცდილები არიან. თუმცა აბაშიძე არჩევნებამდე არც სიურპრიზებს გამორიცხავს. მისი თქმით, შესაძლოა, ე.წ. ერთიანი კანდიდატების ვინაობა მოულოდნელად შეიცვალოს. ამის მაგალითად კი გიგი უგულავა მოჰყავს, რომელმაც ფოთში თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა. აბაშიძეს უკვირს, რა რესურსი უნდა ჰქონდეს დედაქალაქის ბიუჯეტის ქურდს, თუ არა მისი პოლიტიკური გაქნილობა, რომლითაც ის არჩევნების შემდეგ ამომრჩევლის დარწმუნებას შეეცდება, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ოპოზიციის ერთიანობა, როგორც ადრე, ახლაც, მყიფე და არამყარია. ე.წ. ერთიანი კანდიდატების თვალსაზრისით, ჩვენ სიურპრიზებს კიდევ დაველოდოთ. ზუსტად 2020 წლის სცენარი მეორდება. მაშინაც ოპოზიცია თითქოს კანდიდატებზე შეთანხმდა, საბოლოო ჯამში კი, აღმოჩნდა, რომ ვერაფერზეც ვერ შეთანხმდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ზუსტად იგივე პროცესები მიდის, რაც საპარლამენტო არჩევნების წინ - მოჩვენებითი ერთიანობა, ერთმანეთთან გამწვავებული შიდა დაპირისპირება და ძალიან დიდი სამზადისი იმისთვის, რომ 3 ოქტომბერს არჩევნები გაყალბებულად გამოცხადდეს.
ის უღიმღამო კანდიდატები, რომელთა მათგანის შესახებ რეგიონებში არც არაფერი იციან, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანური რესურსების მხრივ შიმშილი აქვთ. ყველაზე სასაცილო და ტრაგიკული კი ნაცოპოზიციისთვის გიგი უგულავას კანდიდატურაა. წარმოიდგინეთ, დედაქალაქის ყოფილი მერი ვერ ბედავს, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატადაც კი თავი წამოაყენოს, ამიტომ კენჭს ფოთში იყრის. გვახსოვს შუალედურ არჩევნებში ვანსა და ხონში კენჭს რომ იყრიდა, შარშან - ზუგდიდში. წარმოიდგინეთ ამ ადამიანის პოლიტიკური ბიოგრაფია როგორი ტრაგიკულია, რადგანაც წინ და უკან ასე დარბის და 2%-იან ნიშნულსაც ვერ იღებს“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან და დასძენს, რომ ოპოზიციის სქემა ნაცნობია, ამიტომაც ეს მცდელობაც ისევ ისე დასრულდება, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამთავრდა. ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას ის ოპოზიცია უგებს, რომელიც მასზე კონსტრუქციული და საქმიანია, ხოლო ოპოზიცია ტოქსიკური გარემოთი მოსახლეობის დაინტერესებას ვერ შეძლებს.
„ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და საქმიანი პოლიტიკოსები უნდა, ამიტომაც ამ უღიმღამო პოლიტიკური სახეებიდან არაფერი გამოვა“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ოპოზიციას მიუხედავად იმისა, რომ მძლავრი ფინანსური რესურსი აქვს, ბევრი ამომრჩეველი და 3-მდე ოპოზიციური ტელევიზია აქვს, საზოგადოებას ახალ და საინტერესო სახეებს ვერ სთავაზობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიცია იძულებულია ისევ ძველი სქემა დაატრიალოს, რაც კვლავ წაგების მაუწყებელია. მისი აზრით, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამხელა რესურსები აქვს არჩევნებში, დამოუკიდებლად და მწყობრად უნდა გამოდიოდეს. ამის მაგივრად კი, ენმ კვლავ მოჩვენებით ერთიანობას ებღაუჭება, რომელიც ისევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სცენარის გასათამაშებლად სჭირდება.
„უკვე მერამდენე არჩევნებია პროგრამებს ვერ ვხედავთ. მოსახლეობასთან არანაირი სათქმელი არ აქვთ, რატომ უნდა აირჩიონ ისინი და არა სახელისუფლო კანდიდატები. ხალხს არ უხსნიან გასაგებად უკან ხელისუფლებაში ისევ რატომ უნდა დააბრუნონ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სრული გაუგებრობაა. რომელი პოლიტოლოგი იტყვის, რომ 2 კვირის წინ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა და ასეთი ე.წ. მძლავრი მეორე ოპოზიციური ძალა უფერულია. მესმის, როცა მთავარი კონკურენტები ერთმანეთს ელოდებიან ვინ ვის სად დაასახელებს. თუმცა დრო საკმაოდ ბევრი გავიდა და ახლა კანდიდატების დასახელება ძალან დაგვიანებულია, თანაც ისეთი პოლიტიკური ფიგურების, რომლებიც ხალხისთვის მიუღებელია. იციან რასაც იტყვიან და გააკეთებენ. ამიტომ ამომრჩევლის დაინტერესებას ვერ მოახერხებენ“, - ამბობს სალუქვაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ნათელაშვილის ფანჩატურის დაშლის შემდეგ, ენმ-ს ისევ ახალი ფანჩატურის შეკრების მცდელობა აქვს. სალუქვაძე ამბობს, რომ ეს გაერთიანება ღიმილის მომგვრელია, თუმცა „ნაციონალებს“ ცალკე სხვა არანაირი რესურსი არ აქვთ და ამიტომაც ოპოზიციურ ფლანგზე ერთობის ილუზიას ქმნიან. ოპოზიციას შეეძლო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებულიყო და ყველგან ერთი კანდიდატი დაეყენებინათ. ამასაც ვერ ახერხებენ და მხოლოდ 4-მა პარტიამ შეძლო რაღაცა ვითომ შეთანხმებამდე მისულიყვნენ. ესეც იმდენად მყიფეა, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში ისევ დაიშალონ
„ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას აპირებდნენ და ეს იდეაც ჩაეშალათ. ამიტომ ოპოზიციაში სრული არეულობა და ყველა პარტია კვლავ საკუთარი თავი გადარჩენაზე იზრუნებს“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.