„უნდა მოხდეს გამოკვლევა, იყო თუ არა ორსულობაში მყოფი ქალბატონი ასეთი მძიმე დაავადების გადატანისთვის“

„უნდა მოხდეს გამოკვლევა, იყო თუ არა ორსულობაში მყოფი ქალბატონი ასეთი მძიმე დაავადების გადატანისთვის“

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ფეხმძიმე, 7 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, კორონავირუსით ორსული გოგოს გარდაცვალების გამო ექიმებისა თუ კლინიკის კვალიფიკაციის საკითხი არ დგას. უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების დღიდან დღემდე, ამ ვირუსით ქვეყანაში 5 ორსული გარდაიცვალა.

ექიმისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, უნდა მოხდეს ფაქტის გამოკვლება და დადგინდეს, რამ გამოიწვია ფატალური შედეგი. როგორც კახაძემ For.ge-ს უთხრა, ხშირად ხდება მსგავსი ფაქტების პოლიტიზირება, რაც მისთვის ყოვლად მიუღებელია.

„რამ გამოიწვია ორსულის გარდაცვალება, მიზეზია აუცილებლად დასადგენი. ძალიან მძიმე ფაქტია და თუ ჩვენ გვინდა, რომ ჭკუის სასწავლებელი მაინც გამოდგეს და მოხდეს ამის რეალური, მეცნიერული შეფასება, უნდა ვიცოდეთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შემდეგ უამრავი პროფესიონალის ჩართვა ხდება, ეს მიზეზი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო დაძლეული, ან რამდენად შეიძლება ამ მიზეზით გართულებას გამოეწვია ეს სავალალო შედეგი.

ფაქტი არა რიცხვებით, შინაარსით ფასდება. რაც შეეხება ორსულობის პროცესს, თუ წინა პლანზე მაინც სასუნთქ სისტემას დავაყენებთ, ერთ-ერთ მიზეზთა შორის შეიძლება სუსტ რგოლად სწორედ ეს გამოვიყენოთ. ნებისმიერი ასული, რომელიც დედობას დააპირებს, მისი სხეული მომზადებული უნდა შეხვდეს, როგორც მოწიფულობით ასაკობრივად, ასევე ფუნქციონალურად და მენტალურად.

ყველა კონკრეტული შემთხვევა მოითხოვს სრულ ანალიზს. მინდა, ნებისმიერი ასეთი საკითხში, რომელიც სიცოცხლეს და მის პრობლემას ეხება, მეცნიერთა ნაღვაწი უფრო მეტად ფასობდეს, ვიდრე პოლიტიკოსის ან სხვა ადამიანის ნათქვამი“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანი ერთი ვირუსით ავადდება, თუმცა, საბოლოოდ სისრულეში სხვა მიკრობს მოჰყავს. მისივე თქმით, ორსულობის პერიოდში რთულია ირგანიზმი ასეთ ვერაგ ვირუსს, როგორიც კოვიდ-19-ია, გაუმკლავდეს.

„აუცილებლად უნდა ჩატარდეს პათოლოგ-ანატომიური კვლევა. თუ ეს არ ჩატარდა, ძნელია ლაპარაკი. ვირუსს გამოაქვს განაჩენი, რომელიც სისრულეში მოჰყავს სრულიად სხვა მიკრობს. იმ ადამიანების ორგანიზმში, ვისაც ვირუსის მიმართ  არაადეკვატური რეაქცია აქვთ, რატომღაც იწყება რთულად მიმდინარე იმუნური რეაქციები, რომლის დროსაც აუტო-იმუნური პროცესი ერთვება საკითხში, იწყება პირდაპირი შტურმი ფილტვებზე და ხდება ფილტვების განადგურება. შესაბამისად, პაციენტი იღუპება სუნთქვის უკმარისობით.

ისრაელში შეიქმნა პრეპარატი, რომელიც სრულად განკურნავს უმძიმეს პაციენტებს, ეს ბოლო კვლევებით დადასტურდა. არის შემთხვევები, როდესაც მშობიარეები რაღაც დეტალებს ყურადღებას არ აქცევენ და უმალავენ ექიმს, მაგალითად ფეხების შეშუპება და ა.შ. შესაძლოა, არის ხოლმე, რომ ექიმმა ბოლომდე რაღაც ვერ გაიგო, ამან კი შემდეგ გართულება მისცა. ორსულს ძალიან სუსტი პოზიცია უჭირავს, როცა საუბარი არის, დამატებით რაიმე პრობლემასა და დაავადებაზე. ხშირად, ორსულს არ რჩება შანსი, რომ იგი გაუმკლავდეს რაიმე დამატებით პრობლემას. ამიტომ, უნდა მოხდეს გამოკვლევა, ორსულობაში მყოფი ქალბატონი, ასეთი მძიმე დაავადების გადატანისთვის იყო თუ არა მზად და ასევე, ხომ არ იყო პათოგენეზურ თერაპიაში შეცდომები. როდესაც ორსული გარდაიცვლება, უნდა მოხდეს მისი დეტალური განხილვა და თუ საჭიროა, მოქმედი პირების პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, კოვიდ-19 მაღალ რისკს წარმოადგენს სრულიად ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც და, სამწუხაროდ, ყველა მათგანის გადარჩენა ვერ ხერხდება.

„კოვიდ-19 გახლავთ საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არამარტო ორსულებისთვის წარმოადგენს მაღალ რისკს, არამედ სხვა საკმაოდ ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც. ეს კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ ექიმებს, რადგან ისინი მართავენ პაციენტებს და გართულების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი, როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად, იწვევს სხვადასხვა გართულებებს და, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი არის მაქსიმალურად ჩართული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.