შალვა რამიშვილი -

შალვა რამიშვილი - "მე და ხატიას ხელი არ გვაქვს მოწერილი, თუმცა უკვე ჩემი მეუღლეა"

მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა, ატყდა მითქმა-მოთქმა, სამომავლოდ რომელ არხზე ვიხილავდით მას. ახლახან გაირკვა, რომ შალვა ტელეკომპანია "მე-9 არხზე" გადავიდა და შუადღის გადაცემას წაიყვანს...

- როგორც კი დავტოვე ტელეკომპანია "მაესტრო", "მე-9 არხზე" გადავედი. ეს ტელეკომპანია ახალ შენობაში გადადის, ახალი სტუდიის მომზადებას დრო სჭირდება და ამიტომ დამიგვიანდა ეთერში გასვლა. მოგვიანებით პოლიტიკურ ტოქშოუსაც შევთავაზებ მაყურებელს. ამჟამად ვემზადები გადაცემისთვის "ცხელი შუადღე" და ძალიან მალე მიხილავთ "მე-9 არხის" შუადღის ეთერში.

- ამბობენ, რომ "ცხელ შუადღეს" მეგობარ გოგონასთან ერთად წაიყვან...
- რამდენიმე მეგობარი გოგონა მყავს და რომელს გულისხმობთ?

- საცოლეს, ხატია ეკიზაშვილს.
- პირად ცხოვრებაზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მე და ხატიას ხელი არ გვაქვს მოწერილი, თუმცა უკვე ჩემი მეუღლეა. გადაცემია "ცხელ შუადღეს" კი მარტო გავუძღვები.

- ტელეკომპანია "მაესტროს" ქარიზმული წამყვანი მოაკლდა...
- ეგ მაყურებლის განსასჯელია, თუმცა სიმართლე გითხრათ, არ მომწონს ტელეკომპანია "მაესტროს" განვითარების ზოგიერთი ასპექტი.

- კონკრეტულად?
- ის, რომ ამ არხზე გადის სერიალი, არც დილის და შუადღის გადაცემები მომწონს როგორც ჟანრობრივად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით.

- შენი გადაცემა როგორი იქნება?
- გვექნება რამდენიმე ბლოკი, მათ შორის პოლიტიკურიც. გვეყოლება რამდენიმე სტუმარი, იქნება რეპორტაჟი, და ამ ყველაფერს ჩემებურად გავუძღვები. გვაქვს პრეტენზია, რომ საუკეთესო იყოს შუადღის გადაცემებს შორის. რაც მთავარია, ჩემს გადაცემას ერთდროს მეორეარხელი ქეთი კეკელია და სხვა გამოცდილი პროდიუსერები ეყოლება.

- საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება-არმიღების პერიოდში, სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთე...
- დიახ, ასეთი რამ დავწერე: "როდესაც გაუპატიურებენ და თავს ვერ შველი, უმჯობესია დანებდე და მაქსიმალური სიამოვნება მიიღო". ვგულისხმობდი ნაცების უაზრო ახირებას - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გაჭიანურებას. პოლიტიკური გაუპატიურებაა, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა არ გენდობა, შენი გუნდის წევრები მხილებული არიან სისხლის სამართლის უამრავ დანაშაულში, შენ კი ამ ყველაფერს არ იმჩნევ და ძველებუ­რი რიხით განაგრძობ პოლიტიკურ "მოღვაწეობას". ამ შემთხვევაში ემსგავსები ადამიანს, რომელსაც აუპატიურებენ და არ იმჩნევს. ამიტომაც ვურჩიე ნაცებს, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ. თავიდანვე რომ დათანხმებოდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, უფრო მოგებული დარჩებოდნენ, გაძალიანებით კი ვერანაირი ქულა ვერ მიიღეს. ნაცმოძრაობა დიდი სექტაა, მისი წევრები კი სექტანტები არიან.

- ახლახან სწორედ ნაცმოძრაობის ინტერესების გამტარებელი ტელევიზია, "ტაბულა" ამოქმედდა...
- (მაწყვეტინებს) რომელსაც კახა ბენდუქიძე აფინანსებს... ბენდუქიძემ რუსეთში, პუტინის ეპოქაში, დიდძალი ფული იშოვა. ამაში მას წინა ხელისუფლებაც ეხმარებოდა. ის ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ხელმძღვანელობდა უდიდეს ქარხნებს რუსეთში. წავიდა ის დრო, როდესაც ამ ყველაფერს ნაცმოძრაობა სახელმწიფო ფულით აგვარებდა. ამჯერად ბენდუქიძე რუსულ-ოლიგარქიული ფულით ჩალიჩობს და აფინანსებს ტე­ლევიზიას, რომელიც ყოვლად ურეიტინგო და უუნარო ადამიანებისგან შედგება.

- თუმცა ამ არხზე საკმაოდ საინტერესო გადაცემაც გავიდა, რომლის პირველი სტუმარი გიგი უგულავა გახლდათ.
- "ინტერვიუ მძიმე კაცთან"? არა უშავს, არც კარგია და არ ცუდი! რაც შეეხება გიგი უგულავას, თბილისის მერი ისეთი კორუფცირებულია, რომ მისივე გუნდის წევრებსაც უჭირთ მხარდაჭერა. უამრავი ფული აქვს წაღებული. უგულავა ძალიან მალე მიიღებს იმას, რაც კანონით ეკუთვნის. სამართლის ურემი ნელა დადის, მაგრამ ცოდვილ ადამიანს აუცილებლად დაეწევა. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დაჩქარდე­
ბა. "ტაბულა" სხვა ტელევიზიებს კონკურენციას ვერ გაუწევს, ამ არხზე ისეთი ხალხია თავმოყრილი, ტელევიზიის არაფერი რომ არ გაეგებათ.

- თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილი ასე არ ფიქრობს...
- ჩერგოლეიშვილი ჩემთვის არ არის საინტერესო პერსონა, მასზე რომ ვისაუბრო. ამასვე ვიტყვი ამ ტელევიზიის დანარჩენ მესვეურებზე. ეს არის მარგინალურ-სექტანტური დაჯგუფება, რომელსაც ბიზნესმენი ბენდუქიძე აძლევს ფულს. თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოუვათ.

- შენც ერთ-ერთი პოლიტიკური მხარის კუთვნილ ტელეკომპანიაში მუშაობ. ხელისუფლებასაც გააკრიტიკებ შენს გადაცემაში?
- თუ რამე არ მომწონს, ყოველთვის ვამბობ. მაგალითად, აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის გაუქმება არასწორად გადადგმული ნაბიჯი იყო. თუ აკრედიტაციის გაუქმებას აპირებდნენ, გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ ეს კამპანია, გაეფრთხილებინათ, დრო მიეცათ. გარდა ამისა, არ მომწონს "ოცნების" ცალკეული წევრების გამონათქვამები. მაგალითად, ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს ვერ დავეთანხმები გამონათქვამებში, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია და არ ნიშნავს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის და ვიღუპებით.

- შენს საქმეზე რა ხდება? ბევრს გაუკვირდა, როდესაც კობა ბექაური მოვიდა შენს გადაცემაში და პირდაპირ ეთერში "მოგცა ჩვენება".
- ჩემს საქმეზე უკვე დაიკითხა ხალხი, თუმცა პროკურატურაში იმდენი საქმეა, ჯერ მათ მიხედონ, მე არსად მეჩქარება. ადრე თუ გვიან, ამ საქმეზე გამოვა ვერდიქტი. რაც შეეხება კობა ბექაურს, არ მგონია ამ საქმის ინიციატორი თვითონ ყოფილიყო. ის ვიღაცის ბრმა იარაღი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა ირმა სტეფნაძეზეც.