წარმოუდგენელია, რომ ვინმე ასეთი არაკომპეტენტური და სულელი შეიძლება იყოს, - ასე შეაფასა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის მართვა.
„დაუჯერებელია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ სამხედროები გაგყავს და მხოლოდ ამის შემდეგ სამოქალაქო პირები და სხვები, რომლებიც შესაძლოა დაგვეხმარნენ. დაუჯერებელი ამბავია“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ტელეკომპანია Newsmax-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
დონალდ ტრამპმა ქაბულში განვითარებულ ქაოსს სამარცხვინო უწოდა და „თალიბანის“ ლიდერებთან მოლაპარაკებები გაიხსენა.
„მე მქონდა საუბარი „თალიბანის“ ლიდერებთან. ეს ძალიან მკაცრი საუბარი იყო. მათ იცოდნენ, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობდი, თუ რამე მსგავსი მოხდებოდა. მათ იცოდნენ, რომ ეს ჯოჯოხეთი მათი სოფლებიდან დაიწყებოდა, სადაც ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ის შეცდომები, რომელიც ჯო ბაიდენმა დაუშვა, გაყალბებული არჩევნების შედეგია.
„რომ არა გაყალბებული არჩევნები, ეს არასდროს მოხდებოდა. გაყალბებულ არჩევნებს თავისი შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.