ქაბულის აეროპორტში ჭყლეტასა და სროლას საერთო ჯამში 12 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულის აეროპორტში ჭყლეტასა და სროლას საერთო ჯამში 12 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ შესვლის შემდეგ ქაბულის აეროპორტში ჭყლეტასა და სროლას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი „თალიბანის“ და ნატოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, თალიბებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, დატოვონ აეროპორტი და სახლებში დაბრუნდნენ. მათივე თქმით, აეროპორტში შეკრებილი ადამიანებისთვის „თალიბანი“ საფრთხეს არ წარმოადგენს.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.