ჟოზეფ ბორელი: ავღანეთში განვითარებული მოვლენები კატასტროფა და კოშმარია

ჟოზეფ ბორელი: ავღანეთში განვითარებული მოვლენები კატასტროფა და კოშმარია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ავღანეთში განვითარებული მოვლენები კატასტროფა და კოშმარია.

„ეს კატასტროფა და კოშმარია ავღანელი ხალხისა და დასავლეთისადმი ნდობისთვის. სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს მოვლენების ასეთი განვითარების პროგნოზირება. დარწმუნებული ვარ, რომ თავად „თალიბანი“ არ ელოდა ამას“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.