რამდენიმე წელი დენის ტარიფი აღარ შეიცვლება

რამდენიმე წელი დენის ტარიფი აღარ შეიცვლება

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით შემცირდა, ოღონდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც თვეში მხოლოდ 100 კვტ/სთ-მდე ხარჯი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველებს, ან ზოგადად ხელმოკლე ოჯახებს დამატებითი შეღავათი ექნებათ. ამიერიდან საფეხურეობრივი ტარიფის პირველ დონეზე 1 კტ/სთ 9,4 თეთრი ეღირება. საყურადღებოა ისიც, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ღირებულება აღარ შეიცვლება.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის განმარტებით, იმ აბონენტებს, რომლებიც 100 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. ტარიფი 3,5-ის ნაცვლად 4 თეთრით შემცირდება.

"ეს პროცესი გრძელდება. თუმცა ეროვნულ მარეგულირებელი კომისიას უფლება აქვს ტარიფებს ყოველწლიურად გადახედოს. ეს მისი პრეროგატივაა", - აღნიშნა კალაძემ.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ შემცირებული ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ შეიცვლება. ენერგეტიკის უწყებას მთავრობის სხდომაზე ენერგოკომპანიებთა “ენერგო-პროსა” და “თელასთან” გასაფორმებელი მემორანდუმების საკითხი ჰქონდა გატანილი.

“ამ თემაზე მოლაპარაკებები დასრულდა. ხელშეკრულებას “თელასთან” - 4, ხოლო “ენერგო-პროსთან” 2 წლის ვადით მოვაწერთ ხელს. მათთან შეთანახმებით, არსებული ტარიფები იგივე ამ პერიოდის განმავლობაში აღარ შეიცვლება”, - განმარტა კახა კალაძემ.

რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაო” საქართველოს მთავრობასთან ახალი მემორანდუმის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. შეკითხვაზე, თუ რატომ დათანხმდა შემცირებულ ტარიფს და სანაცვლოდ განთავისუფლდა თუ არა საინვესტიციო ვალდებულებებისგან, “ინტერ რაოში” აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერამდე მემორანდუმზე კომენტარის გაკეთება არაკორექტულია.

სპეციალისტებს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ტარიფის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯებს კი ეთანხმებიან, მაგრამ გარკვეული შენიშვნები მათ მაინც აქვთ. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძე ზოგადად საფეხურეობრივ ტარიფს ეწინააღმდეგება. იგი თვლის, რომ გაცილებით უკეთესია, არსებობდეს ერთიანი ტარიფი, ხოლო გაჭირვებულ ფენას შეღავათები დაუწესდეს.

“კარგია, რომ ტარიფმა დაიკლო, მაგრამ ცვლილება მოსახლეობის მხოლოდ ერთ კატეგორიას შეეხო, რაც არ მომწონს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რეზერვი მეტი იყოს. ის ოჯახი კი, რომელიც 300 კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს, ფაქტობრივად, სუბსიდირებას უწევს ქვედა საფეხურებზე მყოფ ოჯახებს. საფეხურებიანი ტარიფის ამ ფორმით დატოვება უსამართლობაა და ერთიანი ტარიფი უნდა შეიქმნას.

ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება, ყველა საფეხურზე, შესაძლებელი იყო 3 თეთრით. უნდა ყოფილიყო ერთიანი ტარიფი, ხოლო უმწეოებს დარიგებოდათ ისეთივე ვაუჩერი, როგორიც თბილისის მერიამ დაარიგა.

უგულავას ინიციატივით, დახმარება გაეწია არა გაჭირვებულ ფენას, არამედ დედაქალაქის მთელ მოსახლეობას, რაც არასწორი იყო. ცხადია, უგულავამ ეს “ოცნების” ჯიბრზე გააკეთა, ასე გამოჩნდა საბოლოო ჯამში", - განაცხადა არველაძემ პრესასთან საუბარისას.