„ნაციონალური მოძრაობას“ პოლიტიკიდან ვერავინ ვერ გაიყვანს მანამ, სანამ მათი ფანკლუბი იარსებებს“

„ნაციონალური მოძრაობას“ პოლიტიკიდან ვერავინ ვერ გაიყვანს მანამ, სანამ მათი ფანკლუბი იარსებებს“

მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაყრით ემუქრება: „მართლა სრული ფარჩაკი უნდა ვიყო, რომ ესენი ვერ გავყარო“. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება 40%-ს ვერ მიუახლოვდება და შესაბამისად, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, „რითაც დასრულდება „ქართული ოცნების“ ეპოქა“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელია. ამიტომ, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა პოლიტიკიდან უნდა გავიდეს და მისი ადგილი საღმა, პროგრესულმა ძალამ დაიკავოს.

„თუკი ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყანას დესტრუქცია, საბოტაჟის ენით საუბარი, ქაოსისა და არეულობების მცდელობები აზიანებს, მაშინ ასეთი პოლიტიკური ძალები უნდა დასრულდეს. ეს საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს. ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ თუკი პოლიტიკური ძალა არის დესტრუქციული, მათ მხარი არ დაუჭირონ. ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერენ, ამაში ბოლომდე კარგად უნდა გაერკვნენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

გავა თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტია პოლიტიკური ველიდან, კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ამას ამომორჩეველი გადაწყვეტს. მისი თქმით, ცდება ყველა პოლიტიკოსი, თუ ანალიტიკოსი, რომელიც ფიქრობს და უშვებს, რომ პარტია შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სცენაზე ელექტორალური მხარდაჭერის გარეშე.

„რაც შეეხება კონკრეტიკას, ყველას ვურჩევ, ჩახედონ არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. მარჯვენა გრაფაში არის ამომრჩევლთა მიერ მიცემული ხმების რაოდენობა და აი, ამას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, როდესაც საუბრობენ რომელიმე პოლიტიკური ძალის გასვლაზე, ან შემოსვლაზე. თუ ავიღებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მასში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებულ ხმებს და ამ მონაცემებს შევადარებთ 2012 წლის შედეგებს, ვნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ ელექტორალური მხარდაჭერა არის კლებადი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა არის უცვლელი, მცირედი გადახრა არის, მაგრამ საერთო ჯამში, არის უცვლელი. ეს იმ პირობებში, როდესაც 2011-2012 წლის შემდეგ ამ პარტიამ 4 თუ 5 კრიზისი და გახლეჩვა გადაიარა“, - ამბობს ალაფიშვილი.

მის თქმით, ამ შედეგების გათვალისწიენით, გონიერი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი გააკეთებს მარტივ დასკვნას, რომ ამ ძალას აქვს მხარდაჭერა, რომელიც არ იცვლება მიუხედავად კრიზისებისა.

„მდინარაძის, თუ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენელთა კუნთების თამაში უშედეგოა. ამიტომ, ჯობია საქმეს მიხედონ და პოლიტიკურ სცენაზე ვინ შემორჩება, ამას გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი და არა მდინარაძე, მელია ან ხაზარაძე, ასე მუშაობს დემოკრატია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

ანალიტიკოს ლადო ბოჟაძ შეფასებით, ასე მარტივად „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან არ და ვერ გავა. ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური ძალა, კონგლომერატია, რომელსაც აქვს საკუთარი მედია, სამოქალაქო გუნდი, ბიზნეს-მხარდაჭერა, პარტიას წარმოადგენენ ბიზნესმენები, რომელთა ბიზნესს არასოდეს არავინ არ შეხებია.

„ვიცით ჩვენ ეს მილიონრები, რომლებიც აფინანსებენ ამ პარტიას. ამიტომ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ მარტივად ვერ გავა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ, ალბათ, თვითმმართველობის არჩევნებიდან უნდა ველოდოთ იმ შედეგებს, რომელიც ჩვენ ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე, როცა ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა ხმა არ მისცა „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. იგივე პროცესი მიდის ახლა. თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გაამყაროს რწმენა, რომ ორპოლუსიანობა დასრულდეს და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა პარტიებიც არსებობენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლადო ბოჟაძე.

პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძ განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ერთული ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც ცდილობს პარტია დატოვოს პოლიტიკაში. როგორც საყვარელიძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ  რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებს შემოიყვანოს ის 50% ქართულ საარჩევნო სისტემაში, რომელიც არ შემოდის, პროპორციები გადანაწილდება ისე, რომ შემცირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა, მაგრამ პოლიტიკიდან ვერავინ ვერ გაიყვანს მანამ, სანამ მათი ფანკლუბი იარსებებს.

„ნაციონალური მოძრაობაც“ ხშირად იძახის „ქართული ოცნება“ უნდა გავიდეს პოლიტიკიდანო. აგერ, მელიამ უთხრა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში იმიტომ შემოვედით, რომ თქვენ გაგიყვანოთ აქედანო. ამ ორი პოლიტიკური ძალის მიერ ამ ტიპის ტექსტები, რომ ან მეტოქე უნდა გავიდეს, ან თავად გაიყვანს, გავსებულია ქართული პოლიტიკა. აი, მესამე რომელიც მოდის, ჯერჯერობით ძალიან არ აქტიურობს, თუმცა თავის დროზე აქვს ნათქვამი, რომ მე გავიყვან „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკიდანო, ვგულისხმობ გახარიას, მაგრამ ფაქტია, რომ გახარია მეტოქეებთან შერკინებაში აქტიური არ არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

 

Katana . მიუხედავად უამრავ, სისტემურ დანაშაულში მხილებისა, მაინც რომ ინარჩუნებს მხარდამჭერთა სტაბილურ ოდენობას, ეს მეტყველებს, რომ ნაცმოძრაობამ მიიღო რელიგიური სექტის სახე, რომლსაც ჰყავს თავისი "წამებული გურუ", ლტოლვილობაში...
ფანატიკოსთა სექტები რომ ადვილად არ ქრებიან, ამისი მაგალითია სტაროვერების (სტაროაბრიდცი) სექტა, რომელიც მე-17 საუკუნიდან განუდგა რეფორმირებულ მართლმადიდებლობას და დღემდე არსებობენ (მათ შორის, ტაიგაში!).
3 წლის უკან
romani სოციოლოგიური კვლევის აქტუალური და მნიშვნელოვანი თემა: მ. სააკაშვილის ფანკლუბის სოციო - ფსიქოლოგიური ანალიზი ( გენდერული შემადგენლობა, სოციალური სტატუსი, განათლება, დაფინანსების წყაროები და ა.შ.). რამაზ საყვარელიძის სფეროა. ეს ის ფანკლუბია, რომელმაც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სავალალო როლი ითამაშა ჯერ კიდევ ზ. გამსახურდიას დროს, შემდეგ, გარკვეული სახეცვლილება განიცადა, და, კატანა -ს ვეთანხმები, უკვე სექტის ნიშნები შეიძინა. როგორ შეიძლება ეს სპეციფიური ქართული ფენომენი შესწავლილი არ იყოს. ეს კითხვა რამაზისაც ეკუთვნის და მართველებსაც.
3 წლის უკან