მთავრობაში შეზღუდვების გამკაცრების გეგმებს ადგენენ

მთავრობაში შეზღუდვების გამკაცრების გეგმებს ადგენენ

უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყანაში მძიმე კოვიდსტატისტიკაა. მონაცემებში ყოველდღიურად ათასობით ინფიცირებული და ათობით გარდაცვლილი აღირიცხება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდება, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს. შეზღუდვებს არ გამორიცხავენ ეკონომისტებიც, ოღონდ მათი აზრით, ეს არჩევნების მერე მოხდება. მანამდე კი ხელისუფლება ეცდება ამჟამინდელი რეგულაციებით გადაიაროს.

ბიზნესის გარდა, გაურკვეველია საგანმანათლებლო დაწესებულებების ბედიც. მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის გაგრძელება შესაძლოა, ისევ ონლაინ რეჟიმში მოუწიოთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბრისთვის ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია არ შეიცვალა, ისინი სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

„ღმერთმა არ ქნას, თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნა 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომლებიც შემოვიღეთ და აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა (დღეს გვაქვს, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში), მაშინ, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამრიგად, ქვეყანაში შესაძლოა, მალე დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება, ეს კი უდავოდ დიდ ზიანს მოუტანს იმ სექტორს, რომლის საქმიანობაც შეჩერდება.

ეკონომიკის დოქტორი ნიკა შენგელიას აზრით, არათუ შეზღუდვები და ლოქდაუნი, არამდე ავიამიმოსვლის შეზღუდვაც კი მოსალოდნელია არჩევნების შემდეგ.

„რეგულაციები, ვფიქრობ, არჩვენების შემდეგ უფრო გამკაცრდება და არ გამოვრიცხავ ლოქდაუნსაც. ვხედავთ როგორია ინფიცირების მაჩვენებლები, სიტუაცია კი ჯანსაღად არ იმართება. მთავრობა სხვა რიცხვებზე და სტატისტიკაზე საუბრობს, რეალურად კი, საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად სხვა არის. ჩვენი ეკონომიკის მთავარი პრობლემები - უმუშვრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა - კვლავ დაუძლეველია და ამ ფონზე ცოტა უხერხულია ტაშ-ფანდურის გამართვა, რომ ეკონომიკა აღორძინდა. ეს რიცხვები რომ რეალური იყოს, დასაქმების მაჩვენებელს მაინც უნდა დაეტყოს. ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.

ჩვენ წითელ ზონაში ვართ და ტურისტული ნაკადი, ცხადია, ძალიან შემცირდება. მე პირადად საქართველოდან და საქართველოში ავიარეისების შეზღუდვის მოლოდინიც კი მაქვს, ესეც არჩევნების შემდეგ. გათვლები ასეთია, რომ მინიუმ 2-3-ზე უნდა გამრავლდეს ინფიცირების მაჩვენებელი და ეს იქნება რეალური ციფრები. ასე რომ, სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.