ქონებაჩამორთმეული ადამიანების საკითხზე ხელისუფლებაში გეგმა არ არსებობს

ქონებაჩამორთმეული ადამიანების საკითხზე ხელისუფლებაში გეგმა არ არსებობს

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წინა ხელისუფლებისგან უფლებაშელახული ადამიანების რეაბილიტაცია გახდა აქტუალური. სამართლიანობის აღდგენის გზაზე ერთ-ერთ გამოსავალად საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ „მართლმსაჯულების ხარვეზების აღმდგენი კომისიის“ შექმნა დასახა და ამისთვის სათანადო კანონპროექტიც მომზადდა.

კანონპროექტი 15-წევრიანი სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს სამწლიანი ვადით, რომლის უფლებამოსილებაც მაქსიმუმ ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს. კომისიის წევრობის კანდიდატების წარდგენა საპარლამენტო ფრაქციებს შეეძლებათ, რომლებიც პარლამენტმა სულ ცოტა 76 ხმით უნდა დაამტკიცოს.

კომისიის წევრები დეპუტატების მსგავსი იმუნიტეტით ისარგებლებენ. მოსამართლეების მსგავსად, მათზეც გავრცელდება ის წესი, რომელიც დაინტერესებულ მხარესთან განსახილველ საქმეზე ცალმხრივ კომუნიკაციას კრძალავს, რათა არ დაირღვეს კომისიის წევრის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

კანონპროექტის თანახმად, კომისია უფლებამოსილი იქნება შეისწავლოს იმ პირთა მიერ შეტანილი განაცხადები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი უსამართლოდ გაასამართლეს „მძიმე“ და „განსაკუთრებით მძიმე“ დანაშაულებისთვის; „ნაკლებად მძიმე" დანაშაულებისთვის გასამართლებულებს ასევე ექნებათ უფლება, რომ თავიანთი საქმეების გადახედვა მოითხოვონ იმ შემთხვევაში, თუ მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამასთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება 100 000 ლარზე მეტი ღირებულების დავებიდან წარმოშობილი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებიც შეისწავლოს.

როგორც კი ამ კომისიის შექმნის შესახებ გახდა ცნობილი, მის მიმართ მაშინვე გაისმა კრიტიკული შეფასებები. უმთავრესი შენიშვნა, რომელიც ამ კანონპროექტის მიმართ არსებობს, არის ის, რომ მართალია კომისიას უფლება-მოსილება ექნება, ძალაში შესულ განაჩენებს გადახედოს, მაგრამ მისი რეგულირების სფეროში ვერ მოექცევიან ის ადამიანები, რომლებსაც წინა ხელისუფლებამ სხვადასხვა მეთოდებით ჩამოართვა საკუთრება, მათ შორის - ბიზნესები.

წინა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული ბიზნესმენების მოძრაობა „დააბრუნე“-ს თავმჯდომარე, მამია სანადირაძე აცხადებს, რომ ამ მოძრაობის ეგიდით 30 იანვარს სასტუმრო „მერიოტში“ რეპრესირებულმა ბიზნესმენებმა გამართეს კონფერენცია „რეპრესირებული ბიზნესი და ახალი რეალობა“, რომელშიც ბიზნესმენების გარდა საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. მამია სანადირაძის განმარტებით, კონფერენციაზე მსჯელობის შედეგად მოიძებნა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან და ეს არის სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნა, რომელიც ჩამორთმეული ბიზნესების საქმეებს გამოიძიებდა.

თუმცა, ამ იდეას ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია. რეპრესირებულ ბიზნესმენებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სანდრო ბარამიძესთან შეხვედრა სურდათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ მათ მინისტრის მოადგილეს წერილით მიმართეს და მისგან პასუხად მიიღეს, რომ მალე შეიქმნება „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია“, რომელიც ამგვარ საქმეებს შეისწავლის. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ასეთი საქმეები ამ კომისიის რეგულირების სფეროში ვერ მოექცევა. ამიტომ სასურველია, რომ ხელისუფლებამ რაიმე სპეციალური სამართლებრივი მექანიზმი შეიმუშავოს იმისთვის, რომ ქონებაჩამორთმეულმა ადამიანებმა თავიანთი საკუთრება დაიბრუნონ. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს წართმეული საკუთრების მესამე, მეოთხე და ა.შ. პირებზე გადაყიდვა, გადაფორმება, რათა კეთილსინდისიერი მყიდველების იმიტაცია შეიქმნას. ამიტომ, რაც დრო გადის, ქონებაჩამორთმეულ ადამიანებს საკუთრების დაბრუნების სულ უფრო ნაკლები შანსი ექნებათ, თუნდაც ამისთვის სპეციალური მექანიზმები იყოს მოფიქრებული.

ერთ-ერთი გზა, რომლითაც ამ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთრება დაიბრუნონ, შესაძლოა გახდეს კანონპროექტი, რომელიც საადვოკატო კომპანიამ „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ მოამზადა. კანონოპროექტი განსახილველად კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულება“ გადაეცა, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ამ კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ გაახმოვანა. მისი თქმით, „საია“ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების“ წევრი ორგანიზაციაა, ამ განხილვაში მონაწილეობს და მართალია მიაჩნია, რომ ამ კანონპროექტში გარკვეული კორექტირებებია შესატანი, მაგრამ მისი იდეა „საია“-სთვის მისაღებია. ამიტომ ახალგაზრდა იურისტები ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. რაც შეეხება თავად კანონპროექტის არსს, კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ პროექტის თანახმად, უნდა შემუშავდეს სამართლებრივი მექანიზმები იმისთვის, რომ საკუთრებაწართმეულმა ადამიანებმა თავიანთი ქონება სასამართლოს გვერდის ავლით დაიბრუნონ.

„ვთქვათ, არის შემთხვევა, როდესაც კონკრეტულმა ფიზიკურმა პირმა გახანორციელა თავისი ქონების სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართ ჩუქება. ეს პირი მიმართავს შესაბამის უწყებას და წარუდგნეს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ კონკრეტული ქონება, დავუშვათ, მიწის ნაკვეთი, იყო მის საკუთრებაში. ასევე წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას, მოითხოვს, ეს ქონება მას დაუბრუნდეს და სახელმწიფო ვალდებული იქნება, ამ პირს მისი ქონება დაუბრუნოს“, - განმარტავს კოჟორიძე.

მისი თქმით, თუ ასეთი ქონება სახელმწიფოს უკვე გაყიდული აქვს, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერ მყიდველს ქონებას ვერ ჩამოართმევს. ამიტომ, კანონპროექტში წერია, რომ ასეთ პირებს უფლება ექნებათ კომპენსაცია მოითხოვონ და ეს საკითხი უკვე სახელმწიფო ვალის შესახებ კანონით უნდა დარეგულირდეს.

იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ხელისუფლებას აღნიშნულ კანონპროექტზე ინფორმაცია და რა პოზიცია ექნება მას ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, for.ge საპარლამენტო უმრავლესობას და იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა, რადგან სწორედ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იყო „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის“ შექმნა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა შავგულიძე ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან ამბობს, რომ შეუძლებელია იურისტმა კონკრეტულ კანონპროექტზე რამე შეფასება გააკეთოს ისე, რომ პროექტი წაკითხული არ ჰქონდეს. შავგულიძე ქონებაჩამორთმეულ ადამიანებთან დაკავშირებით (რომელთა საქმეზეც სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს) ამბობს, რომ მათ უნდა მიმართონ პროკურატურას საჩივრით, შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინონ და ამ საქმეებზე გამოძიება დაიწყება. თუ დადგინდა ქონების დანაშაულებრივი გზით წართმევის ფაქტი, ასეთ ადამიანებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება წარმოეშობათ.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მარი მსხილაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ თუკი ადამიანს ქონების ჩუქებაზე ხელი აქვს მოწერილი, იგი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის“ რეგულირების სფეროში ვერ მოექცევა, მას მოუწევს პროკურატურას მიმართოს და დაიწყება გამოძიება, რათა დადგინდეს, მართლაც ზეწოლის ქვეშ იყო თუ არა ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი.

„თუ თქვენ ჩუქების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეთ და ვიღაცას რაღაც აჩუქეთ, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ რა უნდა ქნას? როგორ მოაწერეთ ხელი, ეს მხოლოდ თქვენ იცით. ძალიან რთულია იმის დადგენა, ჩუქების ხელშეკრულებას მართლაც ძალდატანებით მოეწერა თუ არა ხელი“, - აცხადებს მარი მსხილაძე.

აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში ქონებაწართმეული ადამიანის 18 000 საჩივარია შესული და ცხადია, რომ პროკურატურა ამ საჩივრებზე გამოძიების ჩატარებას უბრალოდ ვერ გაუმკლავდება. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამორთმეული ქონებების დაჩქარებული ტემპით გასხვისება. ამიტომ, დროს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ამ ადამიანებმა, ვისაც ისედაც ძალიან ძნელად მოუწევს იმის მტკიცება, რომ მათი საკუთრება ჩამორთმეულია, შეძლონ თავიანთი საკუთრების უფლების აღდგენა. თუმცა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ამაზე ესაუბრები, ისინი ისევ, ან პროკურატურისკენ მიგითითებენ, ან უბრალოდ ვერ აკონკრეტებენ, როგორ შეიძლება გადაწყდეს ქონებაჩამორთმეული ადამიანების საკითხი, რომელთა საქმეზეც არც განაჩენი არსებობს და არც სხვა რაიმე გადაწყვეტილება. ცხადია, რომ ხელისუფლებაში ამ საკითხისადმი რაიმე ჩამოყალიბებული მიდგომა არ არსებობს.

მარი მსხილაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვებს აწარმოებს, რის შემდეგაც კანონპროექტი უკვე პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად. შალვა შავგულიძე კი აცხადებს, რომ მიესალმება, თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად და ეფექტურად წავა, მაგრამ თუკი ვინმე რაიმე ინიციატივას წამოაყენებს, ამას სწორი შეთავაზება სჭირდება.

„თუ ვინმეს ამ მიმართულებით კანონპროექტი გააჩნია, შემოიტანონ პარლამენტში. ჩვენ მას განვიხილავთ და შესაბამის პოზიციასაც გამოვხატავთ“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.

ამდენად, ამ ეტაპზე არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ არსებობს მიდგომა ამ საკიხისადმი ისეთი, რომ ქონებაჩამორთმეული ადამიანების რეაბილიტაციისთვის რაიმე სპეციალური სამართლებრივი მექანიზმები შემუშავდეს. ხოლო პროკურატურა როდის განიხილავს იმ 18 000 საჩივარს, ამის განსაზღვრა უბრალოდ შეუძლებელია.

კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა და რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, არის სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნა, რომელიც სწორედ მხოლოდ ასეთი ტიპის საქმეებზე ჩაატარებს გამოძიებას. იდეის ავტორი იურისტი, ყოფილი გენპროკურორი გია მეფარიშვილია, რომელიც მოძრაობა „დააბრუნეს“ იურიდიულ კონსულტაციებს უწევს. მასაც უჭირს იმ კანონპროექტზე საუბარი, რომლითაც ჩამორთმეული ქონების სასამართლოს გარეშე დაბრუნება გახდება შესაძლებელი, რადგან ამ კანონპროექტს არ იცნობს.

„რაც შეეხება სპეციალიზირებულ პროკურატურას, ის არის მხოლოდ და მხოლოდ იმ საქმეებისთვის, რომლებსაც გამოძიება სჭირდებათ რეაბილიტაციის მიზნით, მაგრამ გადაწყვეტილებას განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით ღებულობს ჩვეულებრივი სასამართლო. ასე რომ, მანდ სხვა მიდგომაა და სიზუსტეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა და საით მივდივართ“, - ამბობს გია მეფარიშვილი.

მისივე თქმით, თუკი მომდევნო 5-6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ამ საკითხზე ვერ ჩამოყალიბდა და შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ამის შემდეგ უკვე საერთოდ აღარ აქვს აზრი არაფრის გაკეთებას, რადგან ეს ქონებები უკვე ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე გადაფორმდება, რისი ტენდენციაც, მეფარიშვილის თქმით, უკვე შეინიშნება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ორი ოფშორი აქტიურობს, ესენია კუნძული მენი და ვირჯინიის კუნძულები. გია მეფარიშვილის თქმით, ორივე დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არის, მაგრამ ორივე ისეთი ოფშორული ზონებია, საიდანაც არავითარი ინფორმაციის მიღების თეორიული შანსიც კი არ არის.

„ქონებას კი არ აიკიდებენ ზურგზე და კი არ წაიღებენ, არამედ მოხდება დოკუმენტაციის გადატანა. ქონების გადანაწილება სწორედ ამ მიმართულებით ხდება. ის გადადის ოფშორულ ზონაში და თუ ჩვენმა ხელისუფლებამ ამას სასწრაფოდ ყურადღება არ მიაქცია, 5-6 თვის შემდეგ ამას აღარაფერი ეშველება“, - აღნიშნავს იურისტი.

მისი თქმით, თუ პროკურატურა დროზე არ ამოქმედდა, თუ ამ სადავო ქონებებს ყადაღა არ დაადო, ეს ყველაფერი კატასტროფულ პროცესებში გადაიზრდება და შეიძლება ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან ცუდად დამთავრდეს.