“საქართველოს ფოსტასთან” დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით უკვე თავის მართლება უწევს. საქმე ეხება ნოდარ ხადურის ბრძანებას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა-გატანა და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურები იგულისხმება.
ფინანსთა სამინისტრო მზად არის გაითვალისწინოს “საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” რეკომენდაციები და შენიშვნები, რათა კვლავ არ მოხდეს ბაზრის ხელოვნური მონოპოლიზება.
“საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემის მიზანია, ამ სფეროში სიტუაციის მოწესრიგება კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმებით.
ამ საკითხის გარშემო ფინანსთა სამინისტრო კონსულტაციებს მართავს საგადასახადო ომბუდსმენთან, სხვადასხვა გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოსთან”.
“ჩვენ მზად ვართ, აქტიური მუშაობის რეჟიმში გავითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები და შენიშვნები, რათა მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება - კვლავ არ მოხდეს ბაზრის ხელოვნური მონოპოლიზება, ქვეყანაში არ დაირღვეს ფისკალური წესრიგი და ყველა კომპანიამ დააკმაყოფილოს აღნიშნულ სფეროში მუშაობისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტები”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
რამდენიმე დღი წინ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წერილით ადგილობრივ მეწარმეთა ჯგუფმა მიმართა, რომლებიც საქონლის გადაზიდვის საქმიანობას ეწევიან. ორგანიზაციის ინფორმაციით, მეწარმეების საქმიანობის პროცესში სერიოზულ შეფერხებებს აწყდებიან, უფრო მეტიც, მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივა დიდი საფრთხის ქვეშ დგას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” აცხადებენ, რომ ფინანსთა მინისტრის ახალმა ბრძანებამ საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ბრძანების თანახმად, საქონლის გადამზიდველს, იმისათვის, რომ მან საქმიანობის გაგრძელება შეძლოს, საქართველოს შემოსავლების სამსახურის “სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში” დაშვება მოეთხოვება. საქართველოს შემოსავლების სამსახური კი გადამზიდველს აღნიშნულ დაშვებას მხოლოდ მაშინ მისცემს თუ გადამზიდველს საქონლის ორგანიზებულად გადაზიდვის სათანადო გამოცდილება და კარგი რეპუტაცია აქვს.
შემდეგი მოთხოვნაა, რომ გადამზიდველს საბაჟო საწყობი ჰქონდეს. ორგანიზაციისთვის გაურკვეველია რატომ მოეთხოვება გადამზიდველს საბაჟო საწყობის ქონა მაშინ, როცა მას საბაჟო საწყობის მომსახურებით სარგებლობა საკონტრაქტო პირობების საფუძველზედაც შეუძლია.
ცვლილებების მიხედვით, გადამზიდველმა იმპორტიორის მიერ იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის დროულად გადახდის ორგანიზებაც უნდა უზრუნველყოს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, რადგან გადამზიდველი მხოლოდ გადაზიდვის მომსახურებას ეწევა, არ შეიძლება გამართლებული იყოს მისთვის სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის ამ შემთხვევაში იმპორტიორის მიერ გადასახადების გადახდის უზრუნველყოფის ვალდებულების დაკისრება.
“ეს ნორმა საქართველოს კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, მისი შესრულება შეუძლებელია, რადგანაც არ შეიძლება გადამზიდველმა პასუხი აგოს იმისთვის, რომ მისი კლიენტები არ იხდიან დაკისრებულ გადასახადებს. აღნიშნული საკითხის მონიტორინგი საქართველოს შემოსავლების სამსახურის პრეროგატივაა”, - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ ცვლილებები ”საქართველოს ფოსტას” უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, რადგან ის არის ერთადერთი ეროვნული გადამზიდველი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. კერძოდ, მას აქვს საქონლის გადაზიდვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება, საბაჟო საწყობი და საქართველოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა.
“ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ნორმების ამოქმედების მიზანია, დაწესდეს რეგულაციები “საქართველოს ფოსტის” სასარგებლოდ, რათა კონკურენტ ეროვნულ გადამზიდველებს ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე საქმიანობისთვის პირობები გაურთულდეთ და საბოლოოდ განიდევნონ ბაზრიდან”, - დასძენენ ორგანციზაციაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყონ დროული ღონისძიებების განხორციელება, რათა საბაჟო კონტროლისა და მონიტორინგის ახალი სისტემა შეესაბამებოდეს რისკის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტებს; საბაჟო კონტროლისა და მონიტორინგის ადეკვატური სისტემის დანერგვით კი ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემო უნდა შეიქმნას.