საქართველოს 30-მდე მოქალაქე ავღანეთიდან ევაკუაციას ელის - მათგან ორი, ფაქტობრივად, აეროპორტშია, უმრავლესობა კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე იქ მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ქაბულში ვითარება გუშინდელთან შედარებით სტაბილურდება, თუმცა არ ნელდება მოსახლეობის სურვილი გაიქცეს ქვეყნიდან.
ავღანეთში თალიბანის გამარჯვებამ ევროპა მიგრაციის გამოწვევის წინაშე დააყენა. დასავლელ ლიდერებს არ სურთ 2015 წლის გამოცდილების გამეორება, თუმცა ამბობენ, რომ პასუხისმგებლობასაც არ გაურბიან.
ავღანელი ხალხის სასოწარკვეთაზე პასუხისმგებლობა ბოლო დღეების განმავლობაში ვაშინგტონს არაერთხელ დააკისრეს. ამ კრიტიკის ფონზე, შტატების 46-ე პრეზიდენტმა ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ გადაწყვეტილების სისწორეს. ავღანეთიდან შეირაღებული ძალების გასვლის ბრძანება უალტერნატივოდ შეაფასა NATO-ს სახელით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
რა იქნება შემდეგ? როგორი იქნება ცხოვრება ავღანეთში? შეასრულებს თუ არა დაპირებას თალიბანი, რომ ავღანელი ხალხის უსაფრთხოებას და უფლებებს დაიცავს? - კითხვები უფრო მკაფიო და ბევრია, ვიდრე პასუხები. დასავლეთი პირობას დებს, რომ ავღანელ ხალხს არ მიატოვებს და პროცესებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება. თუმცა რა იქნება რეალურად, არავინ იცის. მთელი მსოფილო ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს შორიდან უყურებს. მათ შორის კითხვები ჩნდება საქართველოსთან მიმართებით - როგორ და რა ფორმით შეიძლება საქართველოს ავღანეთში მიმდინარე მოვლენები შეეხოს?
ავღანეთის ხელისუფლება ორ დღეში ჩამოიშალა. თალიბანმა სრულიად ჩაიგდო ხელთ ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. მათ ავღანეთის მთავრობისა და ყველა ადგილობრივი მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლეს. ავღანეთის პრეზიდენტი გაიქცა დედაქალაქ ქაბულიდან.
გარბის მოსახლეობაც, რომელთაც თალიბანის მკაცრი შარიათის კანონების ქვეშ ცხოვრება არ უნდათ, თუმცა თალიბანმა ქვეყანაში ყველა სახის საჰაერო მიმოსვლა აკრძალა და ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციაა.
ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი ზურაბ ბატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა მთავარია ამერიკული, ბრიტანული და კანადური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ქვეყანა დატოვონ, რისთვისაც დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ქაბულში გაიგზავნა. მისი თქმით, ახლა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან მშვიდობით გამოყვანა მოხდეს. ბატიაშვილი ამბობს, რომ ქართველებთან კომუნიკაცია აქვს. ისინი კარგად და ჯანმრთელად იმყოფებიან, თუმცა სად არიან და როგორ მოხდება მათი ევაკუაცია, ამაზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს. ანალიტიკოსის მტკიცებით, ასეთი სახის ევაკუაცია ერთ და ორ საათში არ ხდება. თურქმა სამხედროებმა ეს ოპერაცია სათანადოდ უნდა მოამზადონ, რათა 30-მდე ქართველის უსაფრთხოდ გამოყვანა მოხდეს.
„მათთან მაქვს კონტაქტი და ყველანი ცოცხლები არიან. სხვა დეტალებზე მათივე უსაფრთხოების გამო საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. იმედი გვაქვს, რომ უახლოვეს მომავალში მათი გამოყვანა მოხდება, მაგრამ როგორ და რა ფორმით - ამ დეტალებზე საუბარი საჭირო არ არის.
რაც შეეხება ავღანეთს. თალიბების ხელისუფლებაში დაბრუნებით რეგიონში სიტუაცია დიდი ხნით შეიცვალა. სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით სრულიად ახალი დღის წესრიგი გვექნება. ავღანეთში ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. მათ საკმაოდ რადიკალური განწყობები და იდეოლოგია აქვთ და ეს არაერთ საფრთხესა და გამოწვევას შეიცავს არა მხოლოდ ავღანეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.
ავღანეთიდან ისეთი პრობლემები წამოვა, როგორიც ასეულ ათასობით ახალი ლტოლვილია. ისინი სხვადასხვა მიმართულებით აუცილებლად დაიძვრებიან, მათ შორის ევროპისკენაც წამოვლენ. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ავღანეთის მოსახლეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 40 მილიონი გახდა. ამიტომ, ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდება“, - ამბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ავღანური ნარკოტიკების, როგორც თალიბანის შემოსავლის ძირითადი წყაროს გადინება გაიზრდება, მათ შორის მოსალოდნელია, რომ ნარკოტიკების შემოსვლა საქართველოშიც მოხდეს, ან ჩვენი ქვეყანა ერთგვარ გამტარ ზონადაც იქცეს.
ბატიაშვილი ამბობს, რომ რადიკალური იდეოლოგიისა და დაჯგუფებების გაძლიერება ავღანეთსა და მომიჯნავე ქვეყნებშიც მოხდება, ეს კი, საფრთხეს რეგიონსაც უქმნის.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ავღანეთი ვერ ჩაჯდა დემოკრატიული ქვეყნების სიაში და ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც (მათ შორის, საქართველოსთვისაც). უცხოეთიდან შესაძლოა დაგეხმარონ, მაგრამ სულ სხვის იმედზე ყოფნა არასწორია, მით უმეტეს, თუ გულწრფელი არ ხარ, ეს ადვილად ჩანს.
რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, ბატიაშვილი ამბობს, რომ მოსკოვი ცდილობს, თალიბანი მოიმადლიეროს და არც საელჩოს ევაკუაციას აპირებენ ქაბულიდან. ეს კი აჩენს ეჭვებს, რომ იგი შესაძლოა ემზადებოდეს თალიბანის ხელისუფლების ცნობისთვის, ანუ მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისთვის.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ თალიბები ავღანეთის 90%-ის დაკავებას შეძლებენ. არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თალიბები ძალიან კარგად არიან მომზადებული, საკუთარ იდეოლოგიაში მასობრივად ჰყავთ ჩათრეული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის - ჩრდილოეთით მცხოვრები ტაჯიკები, უზბეკები და სხვები, რომელთა გამოყენებას დაიწყებენ ცენტრალურ აზიაში თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებისთვის.
თუმცა მათთვის პრობლემად შეიძლება იქცნენ ჩრდილოეთით მცხოვრები თურქმენული ტომები და შიიტური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი თურქეთზეა ორიენტირებული, მეორე კი - ირანზე. დიდი ალბათობით ეს ქაოსი სახელმწიფოს შექმნით დასრულდება, რომელსაც „ავღანეთის ისლამური იმარატი“ ერქმევა. ამიტომ, დიდი ალბათობით, მალე ცენტრალური აზია აფეთქდება.
„თალიბების მთავარი გზავნილია, რომ მთელს მსოფლიოში ისლამური წესრიგი დაამყარონ. თანაც ეს რადიკალური ისლამი უნდა იყოს. ამიტომაც მათთვის ყველა მეზობელი მტერი გამოდის. თუმცა მათ განსაკუთრებული ურთიერთობა პაკისტანთან და სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანასთან, მაგალითად, ყატართან აქვთ. დარწმუნებული ვარ, კავკასია აუცილებლად გახდება მათი იდეოლოგიის იმპორტის სივრცე, განსაკუთრებით - ჩრდილოეთი კავკასია. დარწმუნებული ვარ, რომ აქ აუცილებლად გააქტიურდებიან.
პოლიტიკური ისლამის ის რგოლები მოძლიერდებიან, რომლებიც უკვე არსებობს, მათ შორის - საქართველოშიც. ამიტომ ეს არის ჩვენთვის მთავარი საფრთხე და დამერწმუნეთ, არც ისე შორს ვართ. მეორე პრობლემად კი, შესაძლოა, დევნილების ნაკადი გვექცეს. სირია უფრო შორს არის ჩვენგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, სირიიდან ლტოლვილების გარკვეული ნაკადი ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. არსებობს ასევე მესამე საფრთხე, რომელიც ნარკოტრაფიკს უკავშირდება. ეს იქნება თალიბანის ხელისუფლების უმთავრესი შემოსავალი. მათ სხვა ამაზე დიდი შემოსავალი არ აქვთ.
ჩვენ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და ეს კარგია, მაგრამ სუსტი სახელმწიფო გვაქვს, რის გამოც ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას აქამდეც ცდილობდნენ და კვლავაც შეეცდებიან. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბევრად დაკვირვებით და გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ავღანეთში მიმდინარე სიტუაციას და არ უნდა ვიფიქროთ, რომ იქ მიმდინარე პროცესები ჩვენ არ შეგვეხება“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.