გიგი უგულავა წინასააჩევნო კამპანიას კონცერტებით ხსნის

გიგი უგულავა წინასააჩევნო კამპანიას კონცერტებით ხსნის

თბილისის მერიამ მიმდინარე წლის 22 მარტს კონცერტების ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო პირობებში ვკითხულობთ ეს საჭიროა თბილისში, „გახმოვანების საკონცერტო აპარატურით სხვადასხვა ქალაქგაფორმებითი და საკონცერტო ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად“.

სატენდერო პირობების მიხედვით რამდენიმე კონცერტი იგეგმება, ეს იქნება პატარა კონცერტი, შოუ პროგრამა, საზოგადოებრივი გამოსვლა, ასევე დიდი კონცერტი, სავარაუდოდ ცოცხალი შესრულებითაც და ა.შ. ტენდერი 4 კონცერტის მოწყობაზეა გამოცხადებული, თუმცა სატენდერო პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია დამკვეთის მოთხოვნა დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეასრულოს.

რა კონცერტების მოწყობას გეგმავს თბილისის მერია, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, მერიის პრეს-სამსახურის რჩევით, ამ საჯარო ინფორმაციის მისაღებად წერილობით უნდა მივმართოთ მერიას.

სატენდერო მოთხოვნების თანახმად, პრეტენდენტს მაისის თვეში ერთ ღამეს ღონისძიების „ფოტოგრაფიის ღამე“ ქ. თბილისში უზრუნველსაყოფად ერთდროულად უნდა შეეძლოს 10 ადგილას პატარა გახმოვანება პროექციის გასაშვებად და 2 დიდი კონცერტისათვის დამატებითი ცოცხალი შესრულებით მომსახურება;

პრეტენდენტს ასევე უნდა შეეძლოს სხვადასხვა ღონისძიებებისთვის გახმოვანების აპარატურით მომსახურება ერთდროულად რამდენიმე ადგილას დიდ კონცერტზე შესაბამისად დამატებითი ცოცხალი შესრულებისათვის.

სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად, მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ეტაპობრივად, ინდივიდუალურად, თითოეული კონკრეტული თარიღის მიხედვით, ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე. ამის გარდა, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში 24-საათიან რეჟიმში. ხოლო მომსახურების გაწევის ადგილია ქ. თბილისი.

მოკლედ მერია მაისში „ფოტოგრაფიის ღამის“ მოწყობას რომ გეგმავს ეს გასაგებია, თუმცა, მთლიანობაში რა კონცერტები მოეწყობა და რა ოდენობით ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი ამბობს, რომ მას კონცერტების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

„მერიას აქვს კომპეტენცია სხვადასხვა მიმაერთულებით გამოაცხადოს კონკურსები და ტენდერები და ამ ფარგლებში მოქმედებს, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს“, - აცხადებს კოკი იონათამიშვილი.

ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ წევრს, მაკა გვარამიას ამ კონკრეტული ტენდერის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ გარკვეული ეჭვის საფუძველი უკვე არსებობს.

„ახლოვდება შუალედური, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები და გასაგებია, კონცერტების ჩატარება რატომაც შეიძლება სჭირდებოდეთ. აუცილებლად მოვითხოვთ მერიისგან განმარტონ, რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი“,- აცხადებს მაკა გვარამია.

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჟდომარე ზაზა გაბუნია განმარტავს, რომ ეს თემა საკრებულოში განხილული არ ყოფილა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მიზეზის გამო, - თბილისის მერიას უფლება აქვს, თანხების ხარჯვა საკრებულოსთან შეუთანხმებლად განახორციელოს.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, შესაბამისად, მერიას ინფორმაცია არ მოუწოდებია, თუმცა სხვადასხვა არხებით ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილი გახდა. ჩემი ინფორმაციით, ეს ინიციატივა უკავშირდება საარჩევნო კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. მოგეხსენებათ, რომ კონცერტები იყო ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის.

მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, თუმცა რამდენად დაადასტურებს ამას ჩემს მიერ მიწერილი წერილის პასუხად თბილისის მერია, არ ვიცი, სავარაუდოდ - დამალავს. თუმცა, ასეთ ინფორმაციას ნამდვილად ვფლობ, რომ სწორედ წინასაარჩევნო კამპანიისთვის კეთდება ორგანიზება“, - აცხადებს ზაზა გაბუნია.

ნიშნავს თუ არა ეს სახელმწიფო სახსრების გამოყენებას კონკრტული პარტიის საარჩევნო კამპანიისთვის? ზაზა გაბუნიას ამაზე დადებითი პასუხი აქვს:

„ცხადია ამას ნიშნავს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კომპანია, რომელსაც უგულავა მოაგებინებს ტენდერს (ამას ვამბობ იმიტომ, რომ არც ერთი ტენდერი არავის ჯანსაღი კონკურენციის პირობებში არ მოუგია, რაც გიგი უგულავაა მერი), ვის წარმოუდგენია, რომ იმუშავებს რომელიმე სხვა პარტიის ინტერესებზე? ეს მერიის საქმე საერთოდაც არ არის. უბრალოდ, ახლა განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი უგულავამ მოაგვაროს. კონცერტი და გართობა ხალხს აინტერესებს და ამაში არაფერი არაბუნებრივი არ არის, თუმცა ის, რომ ამაში თბილისის მერია აპირებს საბიუჯეტო სახსრები დახარჯოს, რა თქმა უნდა, არის პრობლემა. ამას პირდაპირ ჰქვია არაპრიორიტეტულ საკითხებში ფულის ხარჯვა“.

თბლისის ბიუჯეტში არსებობს პრიორიტეტების ჩამონათვალი და მასში ნამდვილად არ შედის კონცერტები. გაბუნიას განმარტებით, ეს არის სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქრურული პრობლემების მოგვარება, ავარიული სახლები და ა.შ.

„არსებობს უფრო მძიმე შეფასებაც, რომელიც სახელმწიფო თანხების პარტიული ინტერესებისთვის ხარჯვას გულისხმობს და ამას ჩვენ ყველანი ვნახავთ. ეს ის ინფორმაციაა, რაც მე გამაჩნია, თუმცა ეს არ არის ოფიციალური პასუხი თბილისის მერიისგან. ვნახოთ როგორი იქნება ეს პასუხი, არ მგონია თქვან, რომ მათ ეს საარჩევნო პროცესისთვის სჭირდებათ“,- აცხადებს ზაზა გაბუნია.

თუ არა საარჩევნო კამპანიისთვის, სხვა რა ღონისძიებათა ფარგლებში შეიძლება ჩატარდეს ეს კონცერტები, ძნელი სათქმელია, რადგან როგორც ზაზა გაბუნია განმარტავს, თბილისის მერიას გააჩნია კულტურის სამსახური, რომლის მოვალეობასა და ფუქნქციაში არ შედის ვინმეს დაუქირავოს დარბაზი, ათხოვოს ან უქირავოს ტექნიკა.

„ამ სამსახურის მოვალეობა გახლავთ შეადგინოს კულტურული ღონისძიებების გეგმა, შესაბამისი კომუნიკაცია ჰქონდეს შესაბამის ჯგუფებთან, სახელოვნებო მიმართულების წარმომადგენლებთან და ის არის ერთგვარი მაკოორდინირებელი ორგანო. შესაბამისად, რამდენადაც ასეთი სამსახური ერთადერთია და მისი ფუნქცია არ არის ასეთი საქმიანობა, გამოდის, რომ მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის ასეთი საქმიანობა და შესაბამისად, საკონცერტო აღჭურვილობაზე ტენდერის გამოცხადება. ამით მერია თავისი ერთი ჯიბიდან მეორეში იდებს ფულს, რადგან თანხას რაც კონცერტების მოწყობისთვის იქნება გადასახდელი, საბიუჯეტიო სახსრებით დაფარავს“, - აცხადებს ზაზა გაბუნია, რომელიც თვლის, რომ ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, როდესაც საბიუჯეტო სახსრები პარტიული ამოცანებისათვის იხარჯებოდა.

გაბუნიას განმარტებით, ამავე კონტექსტში ჯდება სატრანსპორტო საშუალებებზე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი, რომელიც პარტიულ ინტერესებს ხმარდებოდა. უბრალოდ ამ შემთხვევაში ფორმაა შეცვლილი, თორემ შინაარსი იგივეა.

 გაბუნია ამ ერთ საკითხსაც იმ გლობალური პრობლემის კონტექსტში განიხილავს, რასაც საკანონმდებლო ორგანოებისთვის ნოტარიალური ფუნქციის დატოვება და რეალური მაკონტროლებელი ფუნქციის ჩამორთმევა ჰქვია, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო მემკვიდრეობით.

„ეს ტენდენცია აღვკვეთოთ ამიტომაც ვახორციელებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში გადაყვანის საკითხს საკრებულოში, სამწუხაროდ, ამის გარეშე ჩვენ არ გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და გიგი უგულავას ინიციატივით შემოტანილი საკანონმდებკლო ინიციატივების გადახედვის საშუალება. შესაბამისი კანონმდებლობით მოახერხეს იმისი დაკანონება, რომ თბილისის საკრებულოს უფლება არ აქვს აკონტროლოს თბილისის ბიუჯეტი. საკრებულოს ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება უნდა გააჩნდეს. ნონსენსია, როდესაც თბილისის საკრებულო ამტკიცებს ბიუჯეტს და შემდეგ ამ ბიუჯეტს ვეღარ აკონტროლებს.

კანონის მიხედვით, მერს რომ ევალებოდეს ასეთი საკითხები გაიტანოს საკანონმდებლო ორგანოს სამსჯავროზე, იციან ასეთ საკითხებს სჯა-ბაასისა და დებატების შემდეგ უმრავლესობაც კი არ დაუჭერს მხარს. ამიტომ ცდილობს მერია გზები გაიიოლოს. რაც მთავარია, კანონი მერს ამის უფლებას აძლევს, უკანონოს ის არაფერს აკეთებს, თუმცა თავად კანონი, რომელსაც ის ეყრდნობა, თავისი შინაარსით არაკანონიერია და ეწინააღმდეგება არჩეული საკანონმდებლ ორგანოს ბუნებას, თუმცა ეს ის მოცემულობაა, რაც ახლა გვაქვს“,- აცხადებს ზაზა გაბუნია.