ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრომ მარათონში მიიღო მონაწილეობა

ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრომ მარათონში მიიღო მონაწილეობა

ISAF-ის მისიაში დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ რიგითმა თემურ დადიანმა ლოს-ანჯელესის ხელის ველოსიპედით რბოლაში მიიღო მონაწილეობა. მარათონი საერთაშორისო ორგანიზაცია „Achilles International“-ის ეგიდით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა. რიგითმა თემურ დადიანმა 26.2 მილი საათსა და 41 წუთში დაფარა და 38 მონაწილეს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა.

თემურ დადიანი საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში მსახურობს. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაჭრის შემდეგ, ქართველი სამხედრო რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში, სან-დიეგოს საზღვაო ძალების ჰოსპიტალში გადის.

აშშ-ში რეაბილიტაციის კურსის გავლის პარალელურად, თემურ დადიანი სისტემატიურად მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში - ეტლის კალათბურთი, სერფინგი, ფარიკაობა, მშვილდოსნობა, თხილამურებზე სრიალი, გოლფი, ჩოგბურთი და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა.

რიგითი თემურ დადიანი საქართველოში აპრილის ბოლოს დაბრუნდება. სან-დიეგოს სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ, ქართველი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.