ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
მაშველებმა ნანგრევებში უკვე 1 941 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, დაშავებულია სულ მცირე 9 900 ადამიანი. ამ დრომდე უცნობია დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა.
ამასთან, ჰაიტიზე ტროპიკული შტორმი „გრეისი“ დაიწყო, რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს გაართულებს. სპეციალისტები შიშობენ, რომ სტიქია მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსშიც.
კუნძულზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო აღმოფხვრილი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ზარალი. მაშინ სტიქიამ 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.