საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ბაქრაძემ არ დააკმაყოფილა საკუთარ თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის წევრების მიმართვა მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში სპეციალური თოქ-შოუს გამართვის თაობაზე და მათ ქცევის კოდექსით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედებითაც დაემუქრა.
მაუწყებელში არსებული კრიზისის შესახებ For.ge საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალურ პროდიუსერს დოდო შონავას ესაუბრა.
რატომ დაიბლოკა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სპეციალური თოქ-შოუს ჩაწერა?
- გვინდოდა, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მოგვეწყო ერთგვარი თოქ-შოუ, სადაც მოწვეულნი იქნებოდნენ მედიაექსპერტები, ჩვენი საინიციატივო ჯგუფისა და სამეურვეო საბჭოს წევრები და გვესაუბრა დღეს შექმნილ სიტუაციაზე, იმაზე, თუ რეალურად რას ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რას და ვის უნდა ემსახურებოდეს და როგორი უნდა იყოს ის პრიორიტეტები, რომლითაც უნდა იმართებოდეს.
მოვალეობის შემსრულებელმა უარი რატომ გითხრათ პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით?
- მთლად პირდაპირი უარი არ უთქვამს, მაგრამ მან თქვა, რომ ამ ეთერში არ უნდა დაირღვას ჩვენი შიდაგანაწესი, ანუ ჩვენ არ უნდა გამოვთქვათ კრიტიკული შენიშვნები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით.
როგორც ვიცი, სამართლებრივი სანქციებითაც დაგემუქრათ?
- დიახ, შიდა განაწესის მიხედვით, იქ წერია, რომ, თუ თანამშრომელი ეჭვქვეშ დააყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს, მის მიმართ უნდა გატარდეს სანქციები. ეს გაუგებარია, როდესაც ქვეყანაში მოქმედებს კონსტიტუცია და არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. განსაკუთრებით, ეს უცნაურია ისეთი პროფესიის ადამიანებისთვის, როგორებიც ჟურნალისტები არიან. ამიტომ, ასეთი აკრძალვები გაუგებარია. ეს რომ კერძო ტელევიზია იყოს, მაშინ კიდევ რაღაცას გავიგებდით, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელში ასეთი ტიპის რეგულაციები რა საჭიროა?!
სხვა არხზე რომ შედგეს ასეთი თოქ-შოუ, ეს გამოსავლად არ მიგაჩნიათ?
- არა მგონია, სხვა არხები ძალიან დაინტერესდნენ ამ თემით. თუ დაინტერესდებიან, სიამოვნებით. ფაქტობრივად, საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისია, რადგან დანიშნულია მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებების მიღებას ფრთხილობს. ეს გასაგებიცაა, რადგან ეს არის საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა, მით უმეტეს, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მაუწყებელი. ფაქტობრივად, არ ვიცით, ბიუჯეტი რეალურად რამდენია. ამიტომ ძალიან რთულია აქ მუშაობა. მოგეხსენებათ, ტელევიზია არის ერთგვარი საწარმო, რომელიც ქმნის პროდუქტს, რომელიც, თავის მხრივ, ეთერში უნდა გავიდეს. ეთერს უყურებს მოსახლეობა, რომელიც მას აფინანსებს. ამ დროს კი, ეს კრიზისი ღრმავდება, რადგან დღესდღეობით მენეჯმენტი პრინციპული გადაწყვეტილებების მიღების რეჟიმში არ არის. ველოდებით სასამართლოს, დააბრუნებენ თუ არა გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს. იმედია, იგი დაბრუნდება, მაგრამ სასამართლო 8 დეკემბერსაა დანიშნული, ამასთან, შესაძლოა, გადაიდოს პროცესი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ რაღაცნაირად კრიზისის მართვის ჯგუფი უნდა შეიქმნას და რეორგანიზაციის რეჟიმში, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი კოლექტივი დაწყნარდეს. კვლავაც ერთთვიანი ხელშეკრულება გვაქვს დადებული და არავინ იცის, ხვალ რა ბედი ელის. საერთოდ, ისეთი რყევებია აქ, რომ ეს არ არის ნორმალური ვითარება, რა დროსაც მენეჯმენტი სწორად წარიმართებოდა.
ბიუჯეტი ღია რატომ არ არის? თქვენ ხომ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ტელევიზის ბიუჯეტის ღიაობა?
- გიორგი ბარათაშვილის დირექტორობისას მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროში. ჩვენ გვაქვს ვალები და ამ ვალების რესტრუქტურიზაცია უნდა მომხდარიყო, დღეს ეს მოლაპარაკებები შეწყვეტილია. ამიტომ, ჩვენ არ ვიცით, როგორ მოხდება ვალების რესტრუქტურიზაცია, ან ბიუჯეტიდან რა დაგვრჩება, რამდენი იქნება სასაწრაფო გადასახადი, იქნება თუ არა თანხები გაწერილი.
რა თანხაზეა საუბარი?
- არ ვიცი, ხან რა სახელდება, ხან რა. ზუსტი ვალის რაოდენობაც არ ვიცით ჯერჯერობით.
ისევ შენარჩუნებულია ის რეჟიმი, როცა თანამშრომელთა ნაწილი ბორდს კვლავაც უნდობლობას უცხადებდა, ხოლო მეორე ნაწილი ლოიალურობას ამჟღავანებდა?
- ცხადია, რაღაც ნაწილი ლოალურია, ყველას ვერ მოვთხოვთ ჩვენი მსგავსი პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ 800 თანამშრომლიდან 550 ადამიანი არის უმრავლესობა. როდესაც 550 ადამიანი უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, ბოლოს და ბოლოს ჩავდგეთ ნორმალურ რეჟიმში, დაიდოს გრძელვადიანი ხელშეკრულებები, ზუსტად განვსაზღვროთ, რა ამოცანების წინაშე ვდგავართ, რაღაც უნდა შეიცვალოს. ვიმეორებ, გიორგი ბარათაშვილის გადაყენების შემდეგ მაუწყებელში კრიზისი გაღრმავდა, რადგან მის დროს ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მოგეხსენებათ, მთლიანი ვალის დაბრუნება რომ მოითხოვონ, ჩვენი ბიუჯეტი ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.
კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა პარლამენტს დაავალეთ?
- პარლამენტს არ აქვს ამის სამართლებრივი მექანიზმი, მაგრამ პარლამენტის არჩეულია სამეურვეო საბჭო. ამიტომ სამეურვეო საბჭო პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. ალბათ, პარლამენტს შეუძლია რაღაცნაირი ზემოქმედება მოახდინოს და არა ის, რომ ჩაერიოს ტელევიზიის მუშაობაში. უბრალოდ, შეიძლება, სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე ანგარიში მოსთხოვოს, მაგრამ პირველი რიგის ამოცანაა, ცვლილებები დაჩქარებულად მიიღოს პარლამენტმა, რომ ბოლოს და ბოლოს, რეალურად დავინახოთ გზა, რომელსაც უნდა დავადგეთ.
თუ გაქვთ წარმოდგენილი, კრიზისის მართვის ჯგუფი რომელი კანდიდატურებით უნდა დაკომპლექტდეს?
- საერთოდ, არსებობს ასეთი პროფესია - კრიზისის მართვის მენეჯერი. ალბათ, საჭიროა, ისეთი ადამიანი გამოინახოს, რომ კრიზისში მყოფ მედიაორგანიზციას შეუდგინოს კრიზისიდან გამოსვლის გზები. გარდა ამისა, არსებობს საინიციატივო ჯგუფი, თუნდაც ჩვენი კოლექტივის წარმომადგენლების სახით. ჩვენთან კრეატიული რესურსია, უბრალოდ, მენეჯმენტი არ გვივარგოდა.
თქვენი სურვილია, დროში უსასრულოდ გაწელილი პროცესი დაჩქარდეს?
- რა თქმა უნდა, ტელევიზია ის ორგანიზმია, რომელიც კოლეგიალურად უნდა იმართებოდეს. პირადად მე გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ისიც ძალიან ცუდ დღეშია. როდესაც იცი, რომ კრიზისულ პერიოდში გაბარია ტელევიაზია და თანაც იცი, რომ ეს დროებითია, ძალიან ძნელია ასეთი რთული ორგანიზმის მართვა. ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს ის ჯგუფი, რომელიც კოლეგიალურად მართავს ტელევიზიას.
პერიოდულად საუბრობდნენ ნაციონალების მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის ფატებზე. ხომ არ გრძელდება ამის ტენდენცია?
- ვერაფერს გეტყვით, რადგან პირადად მე-2 არხთან დაკავშირებით ასეთი რამ არ ხდება. ვფიქრობ, ასე ღიად ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ განახორციელებს ზეწოლას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ თუნდაც სამეურვეო საბჭოში არიან ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული სიმპათიები აქვთ ყოფილ ხელისუფლებასთან, ალბათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათი ინტერესის გათვალისწინებითაც მიიღება.