„ქართული ოცნება“ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს. ამ თვალსაზრისით, პასიურია ოპოზიცია, რომლის მთავარი სტრატეგია ხელისუფლების შეცვლაა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობას არ სჭირდება არც რევოლუციები, არც ომი და ვერავინ შეძლებს ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია, რომ პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა, ამაზე საუბრობს უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილზე აქვს მოსახლეობას. კანდიდატებს ვერ ასახელებდნენ, ვერ პოულობდნენ შესაბამის კანდიდატებს ადგილზე და პარტიის ლიდერებისა და ნათესავების წარდგენა ხდებოდა მერობის კანდიდატებად, რომელთაც კავშირი არ აქვთ რეგიონთან. ისინი ემზადებიან არა 2, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ კვლავ არეულობა დაიწყონ.
მათი შანსები არის დაბალი, გამარჯვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. არიან პასიურები, არც აქვთ წინასაარჩევნო კამპანია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგია, რომ რამენაირად არიონ სიტუაცია წინასაარჩევნოდ. ჩვენ მოსახლეობას და მედიას მივმართავთ - ჩემი აზრით, სექტემბერი იქნება მძიმე თვე იმ კუთხით, რომ ოპონენტების მხრიდან სიბინძურის, დეზინფორმაციის, ყალბი ინფორმაციის ნიაღვარი წამოვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ მზად იყვნენ ამისთვის გააანალიზონ ინფორმაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის მოტივი, რომ თვითმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევა არ არის, ამას თავად ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატები ამბობენ. ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ამ თვალსაზრისით ვითარება ასეთია - „ქართული ოცნება“ უკონკურენტოდ ატარებს ადგილობრივ საარჩევნო კამპანიას, დანარჩენი ოპოზიცია იღწვის რევოლუციური სცენარისთვის. მისი თქმით, ამ ბრძოლაში რევოლუცია ან გამოვა, ან არა.
„ოპოზიციის პასიურობა ადასტურებს, რომ მიზანი არის არა 2, არამედ 3 ოქტომბერი. ოპოზიცია არჩევნებს წააგებს, მათ ისეთი კანდიდატები დაასახელეს, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში ადგილობრივ ლიდერებად არ მოიაზრებიან. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები, გარდა თბილისისა, ყველა ადგილობრივია და ეროვნული მასშტაბის ერთადერთი ლიდერი ჰყავთ წარდგენილი - კახა კალაძე, რომელიც საკამოდ მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურაა. რა შანსი ექნება ზუგდიდში ანზორ მელიას, რომელსაც არავინ არ იცნობს, მთელი მისი მოღვაწეობა თბილისთან არის დაკავშირებული, არც პოლიტიკური გამოცდილება აქვს, ერთადერთი ის არის ნიკანორ მელიას მამა, ამის გამო ხმას ზუგდიდში ან მისცმენ, ან არა. იგივეს თქმა შეიძლება ხატია დეკანოიძეზე, ბოკუჩავაზე, აბსოლუტური წარმოდგენა არ აქვთ ადგილობრივი მუნიციპალურ პრობლემებზე. არც აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას და არც იბრძვიან ამისთვის. მათი მიზანია ხელისუფლება შეცვლონ და შეცვალონ არაკონსტიტუციური გზით“, - აცხადებს ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსის შეფასებით, როდესაც პარტიის ლიდერშიპები იყრიან კენჭს, ეს ნიშნავს, რომ ნაცები ცდილობენ, ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმის რეჟიმში გადაიყვანონ.
„გამოდიან საერთო ეროვნული იდეით - „გინდათ თუ არა, უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს და ხელისუფლება შევცვალოთ!“ - ეს თავისთავად არის წაგების ფორმულა. იმიტომ, რომ კონტექსტი, რაც ადგილობრივ არჩევნებს აქვს, ეს არის მოქალაქეთა უკეთესი ცხოვრება, ყოველდღიური საკითხების მოგვარება. ეს საკითხები არის არსებითი, რაც მხედველობის მიღმა არის დატოვებული. როდესაც ასეთი „მასშტაბის“ ლიდერები ადგილობრივ დონეზე ჩამოდიან, იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩვენები რეფერენდუმად გადაქციონ, ამას წარმატების ნაკლები შანსი ექნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის შეფასებით, ოპოზიციას შეიძლება გამარჯვება სურს, მაგრამ მათი სტრატეგია ხარვეზიანია, რადგან თვითმმართველობა არის ყველაზე ახლო რგოლი ამომრჩეველთან ურთიერთობის. თვითმმართველობიდან ხალხი მოელის კომუნალური პრობლემების მოგვარებას, ხოლო ოპოზიცია ამომრჩეველს ეუბნება - აირჩიე საკრებულოს წევრი მხოლოდ იმიტომ, რომ რეფერნდუმზე 43%-ზე ნაკლები მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
„შეიძლება ოპოზიციის მიზანი და მოტივაცია არის არჩევნებში გამარჯვება და ალბათ, ყველა პარტიას უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ თუ დავაკვირდებით ოპოზიციის მოქმედებებს, მივხვდებით, რომ ეს გამარჯვების სტრატეგია არ არის. მარტო პლაკატებს დავაკვირდეთ - ამომრჩეველს მოუწოდებენ, რომ მერის ბიულეტენში ნიკა მელია და 5-ანი მოხაზონ და ამავე დროს ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე უნდა გახდეს ქალბატონი ხოშტარია და ამ შემთხვევაში 32 უნდა მოხაზონ.
იქ ჩუღურეთში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი წარადგინეს და 2-ანი უნდა შემოხაზონ, მთაწმინდაზე „გირჩის“ 17 ნომერი უნდა შემოხაზონ. ანუ, აქ არც ერთიანობა ჩანს და არც საერთო მოქმედების სტრატეგია. ამომრჩეველს უყვარს მარტივი ტექნიკური შეთავაზებები. ასეთი ტექნიკურად გაუმართავი ამომრჩეველი მათთან ვერ მივა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ლორთქიფანიძე.