საქართველოში ბოლო წლებია ტენდეციად იქცა, რომ სპორტსმენები აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ, პოლიტიკაში მიდიან. ასეთია ოლიმპიური ჩემპიონი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც გორში „ქართული ოცნებიდან“ მერობისთვის იბრძოლებს.
რატომ დაასრულა აქტიური სპრორტული კარიერა, როდესაც კარიერის პიკზე იყო, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და როგორ ხედავს საკუთარ თავს უკვე პოლიტიკურ ტატამზე? for.ge-ს ამ კითხვებს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პასუხობს.
რატომ გადაწყვიტეთ აქტიური სპორტული კარიერა დაგესრულებინათ და პოლიტიკაში წასულიყავით?
- აქტიური სპორტული კარიერა იმიტომ დავასრულე, რომ ოლიმპიური თამაშები იყო ჩემი პრიორიტეტი, 4 წელი სპორტში ამიტომ დავრჩი, მაგრამ როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვხვდი, ფიქრი კარიერის დასრულებაზე დავიწყე. ამასობაში პოლიტიკიდანაც იყო შემოთავაზება და ეს შემოთავაზება ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა. ამიტომ, მივიღე ეს დაგაწყვეტილება, რადგან მინდა ჩემი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი საქმე გავაკეთო.
როდესაც სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან, საზოგადოებაში არაერთგვაროვან გამოხმაურება არის ხოლმე. ასევე იყო თქვენზეც, რომ არ უნდა გადაგედგათ აღნიშნული ნაბიჯი, ჯობდა სპორტში დარჩენილიყავით, ამ ხალხს რა პასუხს გასცემდით?
- აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია. ამაზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და იმაზეც ვფიქრობდი დიდ ხნის მანძილზე სპორტული კარიერა დამესრულებინა თუ არა. აქედან გამომდინარე, რაც გავაკეთე, ყველაფერი გააზრებული მაქვს, საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვარ, რა საქმესაც მოვეკიდე, იმის პასუხისმგებლობასაც ვიღებ და ყველაფრისთვის მზად ვარ.
როდესაც ცნობილი გახდა, რომ თქვენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გახდით, ოპონენტებმა თქვენზე წარსულის ქექვა დაიწყეს. გავრცელდა თქვენი და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელიც უკრაინაშია გადაღებული...
- ეს ფოტო 2016 წელს არის გადაღებული. ეს ჩემთვის სიუპრიზი არ ყოფილა, რადგან ვიცოდი, ჩემს პოლიტიკაში წასვლას რაც მოჰყვებოდა. დასამალი არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ სააკაშვილთან შეხვედრა როგორ მოხდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, რა კონტექსტშიც გაავრცელეს ეს ფოტო - ტყულია. არაერთხელ მითქვამს, სინამდვილეში რა და როგორ იყო.
რა გეგმებით მოდიხართ და თქვენს კონკურენტებს რას დაუპირისპირებთ?
- ჩემს კონკურენტებს არაფერს ვუპირისპირებ, მე ჩემი საქმე მაქვს - მოსახლეობის წინაშე ვიღებ პასუხისმგებლობას და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. ჩემი ყოველი ნაბიჯი გორის მუნიციპალიტეტში მცოხვრები ადამიანების საჭიროებებიდან გამომდინარე იქნება გადადგმული. ასე რომ, ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ.
თქვენს შანსებზე რას იტყვით?
- პროცენტებზე რომ არ ვისაუბრო, ჩვენი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და, რა თქმა უნდა, აქ ჩემი გამარჯვებაც იგულისხმება.
გორიდან ბრძანდებით და თქვენთვის კარგად არის ცნობილი ამ მუნიციპალიტეტის პრობლემები, კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა პრობლემებია ახლა გორში?
- პირველივე ტურში როდესაც გავიმარჯვებთ, პირველივე დღიდან პრობლემების მოგვარებას დავიწყებთ. რა თქმა უნდა, გორში არის რიგი პრობლემები, რომელიც კომპლექსურადაა გადასაჭრელი. ჩვენ საქმის საკეთებლად მოვდივართ და ასე რომ, უახლოს მომავალში პროგრამას შევთავაზებთ მოსახლეობას.
საკმაოდ რთული რეგიონის მერობის კანდიდატი ხართ, გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ოკუპირებულია და ბორდერიზაცია მიმდინარეობს. ამას როგორ გაუმკლავდებით?
- ეს საკითხი მარტო მერის გადასაწყვეტი არ არის. აქ ბევრი სხვა სფეროს წარმოამდგენლები არიან ჩართულნი და ამას ერთპიროვნულად ვერ გეტყვით. ყველაფერი შესათანხმებელია, ერთი რამ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, აუცილებლად ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.