„ანზორ მელია ნიკა მელიას მამა რომ არ იყოს, მას მართლა ექნებოდა ზუგდიდში გამარჯვების შანსი“

„ანზორ მელია ნიკა მელიას მამა რომ არ იყოს, მას მართლა ექნებოდა ზუგდიდში გამარჯვების შანსი“

„ყველაზე რეზონანსული, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ანზორ მელიას დასახელებაა. ანზორ მელია რომ არ იყოს ნიკა მელიას მამა, მას მართლა ექნებოდა ზუგდიდში გამარჯვების შანსი, მაგრამ ახლა, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რომ მან არ გაიმარჯვოს და არ მგონია, რომ ანზორ მელიას იქ რაიმე შანსი ჰქონდეს“, - განაცხადა For.ge-სთან ინტერვიუში ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაასახელა. ენმ-ის მერობის კანდიდატები რეგიონებში არიან: ქუთაისი - ხატია დეკანოიძე; მცხეთა - ზაალ უდუმაშვილი; რუსთავი - დავით კირკიტაძე, ზუგდიდი - ანზორ მელია და ა.შ. როგორც შეაფასებდით რეგონებში „ნაცმოძრაობის“ მიერ დასახელებულ კანდიდატებს?

ვახტანგ ძაბირაძე: გვახსოვს, წინა ადგილობრივ არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობდა ორ კანდიდატზე - განიხილებოდა ნიკა მელიას და სანდრა რულოვსის კანდიდატურები. მაშინ ვთქვი, რომ ნიკა მელიას გაცილებით მეტი შანსი აქვს გახდეს ზუგდიდის მერი, ვიდრე სანდრა რულოვსს. თუ რულოვსი გაიმარჯვებდა, მის უკან სააკაშვილი იგულისხმებოდა. ხელისუფლება გააკეთებდა ყველაფერს, რომ იქ რულოვსს არ გაემარჯვა.

ეს ადამიანები, მეტ-ნაკლებად, საზოგადოებისთვის ყველა ცნობილია და ამ გუნდის მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად იბრძვის წარმატებისთვის - რჩეული გუნდი გამოიყვანა საბრძოლველად და საკმაოდ მნიშვნელოვან ქალაქებში. მაქსიმუმი, რაც შეეძლოთ, ესაა - „ნაციონალური მოძრაობის“ რჩეული ელიტა ჩააბეს საარჩევნო ბრძოლაში. რამდენად კონკურენტუნარიანები არიან, ვერ გეტყვით, თუმცა, ზოგადად, ასეთი გუნდით წარდგენა ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ სერიოზულად ემზადება, გამარჯვება თუ არა, წარმატებას მიაღწიოს.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ ელოდება, რომ მატება იქნება ოპოზიციურ ერთობაში. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა კიდევ რომელიმე ოპოზიციური პარტია შეუერთდეს მათ ერთობას?

- ამის ძალიან მცირე ალბათობაა. გასაგებია, რომ ეს მათი მორიგი ფრაზაა, მაგრამ შანსი, რომ მათ კიდევ მიუერთდეს რომელიმე სერიოზული პარტია, დაბალია.

რატომ დაიშალა ოპოზიციის ერთგვარი ერთობა, რატომ ამბობენ ოპოზიციური პარტიები უარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანებაზე?

- თავიდანვე წამგებიანი სვლა იყო, რაც გააკეთა ოპოზიციამ, წვრილმა პარტიებმა. შეიძლებოდა არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მაგრამ არ შეიძლებოდა ერთი მაგიდის ირგვლივ მათი ყოფნა, რადგან საზოგადოება ამას არ აღიქვამდა ისე, რომ ესენი დამოუკიდებელი პარტიები არიან და ა.შ. საზოგადოებამ ეს აღიქვა, როგორც ერთიანი ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით. იქ რომ „ნაცმოძრაობა“ იყო ლიდერი, ფაქტია. ამიტომ, საზოგადოებაში ეს აღქმა რომ გაჩნდა, სწორია, სხვაგვარად ვერ აღიქვამდა.

ჩაერთნენ ამ უსაგნო ბრძოლაში და აღმოჩნდა, რომ ამ თამაშმა შედეგი არ გამოიღო. ფაქტობრივად, ეს დასრულდა ოპოზიციისთვის წამგებიანად. ამომრჩეველმა ჩათვალა, რომ ისინი გადავიდნენ „ნაციონალების“ მხარეს. ახლა ცდილობენ მისგან დისტანცირებას, მაგრამ რამდენად შეძლებენ ამას და თუნდაც ის ამომრჩეველი, რომელმაც მათ ხმა მისცა 2020 წლის არჩევნებში, უკან დაიბრუნონ, რთული სათქმელია, ვფიქრობ, რომ - არა. ამომრჩევლების დიდი ნაწილი დაკარგეს და ეს დაკარგული ამომრჩეველი გადავა გახარიას ფლანგზე, აშკარა კონკურენტის ფლანგზე, რომელმაც „ოცნებისგან“ დისტანცირება მოახერხა.

უნდა ითქვას, რომ გიორგი გახარია არ გამოირჩევა რადიკალური განცხადებებით. ამასთან, ამბობს, რომ არავის წინააღმდეგ არ იბრძის. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას კი კატეგორიულად გამორიცხავს. თანაც, ბოლო კვლევების მიხედვით, არცთუ ცუდი შედეგი აქვს მის პარტიას. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს გიორგი გახარიასა და მის პარტიას?

- რთული სათქმელია, რა პოტენციალი აქვს. თუ გახარია შეძლებს, რომ ამ არჩევნებში მიიღოს ორნიშნა პროცენტი, მას გაუჩნდება შანსი, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩამოყალიბდეს საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად, რა თქმა უნდა, სწორი განვითარების და ხედვის პირობებში.

ის რომ, დღეს გახარია არ არის რადიკალი, სწორი აღქმაა საზოგადოებაში არსებული განწყობებისა. დღეს საზოგადოებას რადიკალიზმი არ უნდა, უარყოფს ყოველგვარ რადიკალიზმს. ეშინია დესტაბილიზაციის, არ უნდა ეს დაპირისპირება. ამიტომ, გახარიამ სწორი ტონი აიღო, რომ ამ მიმართულებით მიდის, არ კამათობს და რადიკალიზმზე ამბობს უარს. შედეგს რას მიიღებს, ვნახავთ. მგონია, რომ საკმაოდ კარგი შედეგი ექნება. მას პერსპექტივა აქვს.

დღეს იმ პარტიებიდან, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეიძლება სერიოზულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუ არ მოძებნეს სხვა გამოსავალი და არ გადალაგდნენ.