ქართველი ფერმერები ამ დღეს დიდი ხანი ელოდნენ. როგორც იქნა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა დაიწყო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ოფიციალურად ამოქმედდა.
პროექტის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა ყველა ის კომპონენტი და პირობა, რომლის მიხედვითაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დახმარებით ფერმერები შეღავათიან აგროკრედიტებს მიიღებენ.
როგორც პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა შალვა ფიფიამ აღნიშნა, კრედიტი სამი სახის იქნება:
1) 5000 ლარამდე უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის. ფერმერს ამ სესხის დასაფარად 6 თვე ეძლევა;
2) შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის, რომელიც ითვალისწინებს 2 წლის ვადით 8%-იანი სესხის გაცემას 5 000-დან 100 000 ლარამდე. აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენს საბრუნავი საშუალებებისა და მარაგების შესყიდვის მოკლე ვადით დაფინანსებას.
3) 3%-იანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, რომელიც გულისხმობს 60 საწარმოს გახსნას და 7 წლამდე ვადით 1 მილიონ ლარამდე სესხის გასცემს. მოცემული კომპონენტი ითვალისწინებს ხანგრძლივი პერიოდით ძირითადი საშუალებებისა და ტექნოლოგიების დაფინანსებას.
პროექტს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
შეღავათიანი აგროკრედიტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი მანაგაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგიტა ჩხეიძე და ყველა იმ წამყვანი ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტშია ჩართული.
პრეზენტაციაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერა "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მონაწილე ყველა მხარემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის, განცხადებით, სოფლის მეურნეობაში იაფი და გრძელვადიანი სესხების გაცემა უკვე დაიწყო.
“ეს იქნება სტიმული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და გადამამუშავებელი მრეწველობისთვის. მადლობას ვუხდი მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ინტენსიურად შრომობდნენ, რათა შეგვემუშავებინა ეს პროდუქტი, რომელსაც ჩვენ დღეს ვაცხადებთ. ეს არის ის გზა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გაიარა, საქართველოში ეს კიდევ უფრო წარმატებული იქნება”, - განაცხადა კირვალიძემ.
როგორც პრეზენტაციაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 11 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მონაწილეობას მიიღებენ “ბაზისბანკი”, “კონსტანტნა”, ბანკი “რესპუბლიკა”, ბანკი “ქართუ”, “ვითიბი ბანკი", “თიბისი” ბანკი, “კორსტანდარტ ბანკი”, “კრედო”, “კრისტალი”, “ლიბერთი ბანკი”, “პროკრედიტბანკი”, “საქართველოს ბანკი” და “ხალიკ ბანკი”.
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში “საქართველოს ბანკის” საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 30-50 მლნ ლარამდე განისაზღვრება. როგორც ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური განმარტავს, პორტფელის მოცულობა მომავალში გაიზრდება და 4 წლის განმავლობაში ის 150 მლნ ლარს მიაღწევს.
მისივე თქმით, “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში ორი კომპონენტში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის 2-წლამდე ვადიანობის შეღავათიანი კრედიტი მსხვილი და საშუალო ფერმერებისთვის და 7-წლიანი სესხი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში "ლიბერთი ბანკიც" აქტიურად ერთვება. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი არველაძის განცხადებით, "ლიბერთი ბანკი" გასცემს სამივე ტიპის შეღავათიან აგრო კრედიტს და პროექტში ყველაზე ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი: 500-ზე მეტი მომსახურების ობიექტით, მათ შორის 100 მობილური სერვის ცენტრით, რომლებიც 400-ზე მეტ სოფელს აწვდიან საბანკო მომსახურებას. ფერმერული/გლეხური მეურნეობების მფლობელებს "ლიბერთი ბანკი" 0%-იან, 6 თვიან სასაქონლო კრედიტს მყისიერად დაუმტკიცებს. პროექტში აგრეთვე ჩართულია ბანკის პარტნიორი, საწარმოო საშუალებების (სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები და ა.შ.) 80-მდე მომწოდებელი.
დამატებით, "ლიბერთი ბანკი" აგრო კრედიტორებს გადასცემს სმარტივი ბარათს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სესხის დისტანციურად, თვითმომსახურების ტერმინალების გამოყენებით დაფარვა.
"ლიბერთი ბანკი" მოუწოდებს ფერმერული მეურნეობების მფლობელებს, აქტიურად ისარგებლონ შეღავათიანი აგრო კრედიტით.
პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კოოპერაციული მეურნეობების შექმნისთვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
“ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და არც კომუნიკაციის პრობლემა იარსებებს. ასევე რამდენიმე წელია არ ჩატარებულა საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, დღეს სახელმწიფომ ეს ვალდებულებაც აიღო. საოცარი განცდა მაქვს, დაახლოებით ისეთი, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წევრებს რომ ექნებოდათ”, - ამბობს გიგლა აგულაშვილი.