ითათბირეს, იმსჯელეს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დესანტი გადასხეს

ითათბირეს, იმსჯელეს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დესანტი გადასხეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 47 დღე რჩება. ოპოზიცია მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა უკვე დაასახელა ის კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობას მიღებენ მოახლოებულ არჩევნებში, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილის კანდიდატების ვინაობა უცნობია.

რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე? - ამ კითხვაზე პარტიები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰყავთ კანდიდატები დასახელებული, თითქმის ერთი და იმავე პასუხს იძლევიან: ჩვენი გეგმები საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები უკვე დაასახელა. პარტიამ ძირითადი აქცენტი არა ადგილობრივ პოლიტიკოსებზე, არამედ ცნობილ სახეებზე გაკეთა და ამომრჩეველს რეგიონებშიც მოქმედი დეპუტატები წარუდგინა. რა გათვლა აქვს ენმ-ს და რატომ შეცვალა ტაქტიკა, უცნობია. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ნაციონალებს“ გათვლა ისევ აგრესიულ რიტორიკასა და დესტრუქციაზე აქვს. მათ არჩევნები და მოგება იმდენად არ აინტერესებთ, როგორც მეორე დღე, როცა მის გაყალბებაზე ისევ საუბარს დაიწყებენ. ამისთვის კი უკვე გამოცდილი და ამ საკითხში გამოწვრთნილი პოლიტიკოსები სჭირდება. ამიტომაც აქცენტი იმ ადამიანებზე გააკეთეს, რომლებიც მსგავს ქმედებაში არაერთხელ მონაწილეობდნენ.

რეგიონებში წარდგენილი კანდიდატების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

ზუგდიდი - ანზორ მელია,

რუსთავი - დავით კირკიტაძე,

ფოთი - თინა ბოკუჩავა,

მცხეთა - ზაალ უდუმაშვილი,

ქუთაისი - ხატია დეკანოიძე,

თელავი - გიორგი ბოტკოველი,

მარტვილი - თემურ ჯანაშია (სააკაშვილის დაცვის უფროსი), ბათუმი - გიორგი კირთაძე,

ქობულეთი - ბონდო თევდორაძე,

ხელვაჩაური - მიხეილ ბოლქვაძე,

ქედა - რამინ ბერიძე,

შუახევი - როინ ზოიძე,

ხულო - გოგიტა სოლომონიძე (ბათუმში კარვების ქალაქის მასპინძელი)

რეგიონებში კანდიდატები ასევე „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. პარტიის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ უსაუბრია, თუმცა დაასახელა მუნიციპალიტეტები, სადაც საერთო ოპოზიციური კანდიდატებს წარადგენენ და მათ შორის, 12 მუნიციპალიტეტში „ევროპულ საქართველოს“ საკუთარი კანდიდატი ეყოლება, ხოლო 2 მუნიციპალიტეტში - ხონსა და თერჯოლაში პარტიას ეყოლება კანდიდატი, რომელსაც სხვა პარტიები კონკურენტებს არ დაუყენებენ.

„ხონში - ზურა ჯიბუხაია, თერჯოლაში - ზურაბ ბუცხრიკიძე, „ევროპული საქართველოს“ წარდგენილი კანდიდატები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებული“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება „ლელოს“ პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებას მერობის კანდიდატებს უახლოვეს მომავალში წარუდგენენ.

„საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარვუდგენთ ჩვენს ხედვას იმის თაობაზე თუ რა კონფიგურაციაში ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ივანიშვილი დამარცხდეს. ნებისმიერი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმ საერთო ოპოზიციური მიზნისაკენ, რომელიც გახლავთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ჩვენი კანდიდატები იქნებიან, რა თქმა უნდა, ახალი სახეებიც და იქნებიან, რა თქმა უნდა, ახალი სახეებიც და, იქნებიან საზოგადოებისთვის უკვე ძალიან ცნობილი სახეებიც. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვემხრობით ისეთი ტიპის მიქსს, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს ძალიან დიდ სიახლეს“, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტიას საკუთარი კანდიდატები ეყოლება, რომლებსაც 1-ელ სექტემბრამდე დაასახელებენ.

„გიორგი ვაშაძე არ იქნება არსად წარმოდგენილი, არც მაჟორიტარად, არც მერობის კანდიდატად. ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, შესაბამისად, თუ ჩვენი კანდიდატები გვეყოლება, სხვას როგორ დავუჭერთ მხარს და ზოგადად, ჩვენი მიზანი არის, რომ ოპოზიციამ მთლიანობაში, რა კონფიგურაციითაც არ უნდა იყოს, ავიღოთ ჯამურად მეტი ხმები“, - განაცხადა მან.

მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მიერ კანდიდატების წარდგენის გაჭიანურება მათ გაბანკროტებაზე მეტყველებს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები ფაქტობრივად ჩააგდო.

„იციან, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ. იციან ის, რომ მათ საკადრო რესურსი არ გააჩნიათ, რომ თვითმმართველობაზე ახალი შემადგენლობა შესთავაზონ. ამიტომ არის, რომ ხან მამას სთავაზობენ, ხან ძირითადად ისევ დეპუტატები დგებიან ადგილზე. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ფაქტობრივად გაბანკროტებულია, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ფაქტობრივად ჩააგდეს როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა და ძირითადად, მათი ეს „საარჩევნო კამპანია“ უკავშირდება, რომ რამენაირად დესტრუქცია შექმნან და რამენაირად 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნებ კიდევ ერთხელ შეძლონ 2020 წლის სცენარის გამეორება“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ე.წ. საოჯახო ბიზნესი გრძელდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ამჟამადაც ტრადიციას არ ღალატობს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გვყავს მამა-შვილი ნათელაშვილები, ძმები ბერძენიშვილები, დედა-შვილი ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე. ამას კი ახლა მამა-შვილი მელიები შეემატნენ. ეს იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ენმ გადამწყვეტი არჩევნებისთვის და რეფერენდუმისთვის ემზადება, არამედ იმაზე, რომ მათ საკადრო რესურსი აღარ აქვთ. ამხელა მხარდამჭერები თუ ჰყავთ, რა გაუჭირდათ, რომ თუნდაც რეგიონების დონეზე სანდო ადამიანები და კვალიფიციური კადრები გამოეძებნათ. მისი აზრით, „ნაციონალებს“ ადამიანური რესურსის შიმშილი აქვთ. მათთან თანამშრომლობა და აფილირება, არც ერთ კვალიფიციურ და პროფესიონალ ადამიანს არ უნდა. ამიტომაც იძულებულები არიან ერთი და იმავე წრეზე ისევ ძველი სახეები ატარონ.

„წარმოუდგენელია ნეპოტიზმზე ილაპარაკოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც საოჯახო პოლიტიკით არის წარმოდგენილი. ამხელა პარტიამ, რომელსაც როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი გააჩნია, რეგიონებში ვერ ნახა ვერც ერთი ახალი სახე, რათა ამომრჩევლისთვის წარედგინა. ერთი და იმავე სახეებს დაატარებენ, რომლებმაც არჩევნები ადრე უკვე მწარედ წააგეს. ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის. ამის ნათელი მაგალითი კი დასახელებული კანდიდატები არიან, რომლებიც მსგავს პროვოკაციებში და საარჩევნო აფიორაში ყველაზე კარგად ერკვევიან. მათი ე.წ. ენჯეობი უკვე ემზადებიან და არჩევნებამდე 45 დრით ადრე გაჰყვირიან, რომ არჩევნები გაყალბდება. 9 წელი ერთი და იმავე წრეზე იმ ხალხს ატრიალებენ, რომლებიც მუდმივად აგებენ, ესე იგი, არჩევნები კი არ აინტერესებთ, არამედ ისევ ნაცად ხერხს მიმართავენ - კვლავ არჩევნების გაყალბებაზე აყვირდებიან. ხალხს ეს ყველაფერი იმდენად მობეზრდა, რომ ქილიკობენ კიდეც“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ნაწილს არჩევნებამდე თვენახევრით ადრე კანდიდატები არც კი დაუსახელებია და ზოგი მათგანი ამას სექტემბრის დასაწყისში გეგმავს? - ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს, ოპოზიცია გაკოტრებულია, როგორც რეიტინგის მხრივ, ასევე საკადრო რესურსით. მიუხედავად ოპოზიციის ქადილისა, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმი იქნება და „ოცნება“ ხელისუფლებას დატოვებს, ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოებას კანდიდატებსაც კი ვერ სთავაზობენ. საარჩევნო პროგრამასა და დაპირებებზე საუბარი ხომ ზედმეტია.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“, რომელმაც არაერთხელ სახელი შეცვალა და თავს მესამე ძალად ასაღებს, სექტემბრის დასაწყისამდე კანდიდატები არ ეყოლება. ეს მეტყველებს, რომ ოპოზიცია გაკოტრებულია და ადამიანური რესურსის შიმშილი აქვს. მთავარი კი ისაა, რომ ოპოზიციამ კარგად იცის, არჩევნები წააგო და ისევ იმ ძველ მონჯღრეულ ფირფიტას დაატრიალებენ, რასაც არჩევნების გაყალბება და მიტაცება ჰქვია. თუმცა საარჩევნო სისტემა ახლა უკვე ისეა გამართული, მანიპულაციების საშუალებას აღარ იძლევა. ეს არჩევნები „ოცნებას“ კი არ დაასრულებს, ოპოზიციის ძალიან ბევრ პარტიას უბრალოდ პოლიტიკური ველიდან გააქრობს. ბევრში კი ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ რადიკალურ გზას და აგრესიულ რიტორიკას ირჩევს, რომლითაც 9 წელია ერთი და იმავე წრეზე უშედეგოდ ტრიალებს. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელია თამასას კვლავ ძალიან მაღლა სწევს, რითაც კიდევ ერთ შეცდომას უშვებს. ის ამომრჩეველს ეუბნება, რომ 3 ოქტომბერს უკვე ახალ საქართველოში გავიღვიძებთ, სადაც „ოცნება“ დამარცხებული იქნება და რეფერენდუმის გზით ხელისუფლებას საზოგადოება უარს ეტყვის. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სწორედ ამ პათოსის გამო, მელიამ და პარტიამ ძველი პოლიტიკოსები უნდა ჩასვან, რადგან ამ ტიპის საბრძოლო გამოცდილება მხოლოდ მათ აქვთ. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ენმ-მა სიაში შეიყვანა არა ადგილობრივი სახეები, არამედ ის პოლიტიკოსები, რომლებიც საარჩევნოდ საზოგადოების აზრს ყველაზე კარგად შექმნიან. იტყვიან, რომ არჩევნები ისევ გაუყალბეს და საზოგადოების განწყობას ქუჩაში გამოსასვლელად შეამზადებს.

„ენმ ისევ ყველანაირად ცდილობს, რომ არჩევნებში რაც შეიძლება აგრესიული სახეები ჩართოს, რადგანაც პარტია კვლავ იმ რიტორიკას იყენებს, რომელიც ქუჩის პროტესტთან არის დაკავშირებული. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა და უკვე გაყალბებაზე საუბრობენ და იმუქრებიან. საზოგადოებას არანაირ ახალს არ პირდებიან - არც საარჩევნო პროგრამა, არც ახალი სახეები და დაპირებები აქვთ. საკუთარ ამომრჩეველს ისევ აგრესიული და დესტრუქციული რიტორიკით კვებავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ახალ ელექტორატს ვერ მიიზიდავენ და არჩევნებს კვლავ წააგებენ. ეს თავადაც კარგად იციან, ამიტომაც არის, რომ რეგიონებში ფაქტობრივად დესანტი და მებრძოლი ლაშქარი ჩართეს. რაც უფრო ბევრს იხმაურებენ და იყვირებენ, საზოგადოების აზრს გაყალბებასთან დაკავშირებით მით უფრო ადრე შეამზადებენ. ეს პარტია ამომრჩეველს ახალს არაფერს სთავაზობს. მელია ისევ იმუქრება, რომ ამ ხელისუფლებას დაამთავრებს და თამასას იმდენად მაღლა სწევს, ბოლოს მისივე ტყვე თავად ხდება. ამიტომ მცდარ გზას კიდევ ერთხელ დაადგნენ და ეს ადგილობრივი არჩევნები ენმ-ს საბოლოოდ შეარყევს“,-ამბობს საყვარელიძე.

petrekupry მიშა ბოლქვაძე და ბონდო თედორაძე არ დაეკარგოთ არსად .... 2 ცოცარი ....
3 წლის უკან
trampi 3 ოქტომბერს ამათ უკვე მიტინგი აქვთ დანიშნული ------ლოზუნგით არჩევნები გაყალბდა !!!!!
3 წლის უკან
trampi ამერიკის ელჩი არ დაეკარგოთ ამათ............... ამერიკის ლენჩი
არ გათედება ყორანიო--------------------- ჩათლახები ჩათლახებად დარჩებიან ყოველთვის თავიაანთ ლენჩთან ერთად
3 წლის უკან